Digest Logo

🎥 თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც - ამ თემაზე არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ, ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ

1743409435
თეა წულუკიანი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი, ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან წამოსულ შენიშვნებს ამ თემაზე მმართველი გუნდი ვერ მიიღებს, უფრო მეტიც - მიხეილ სააკაშვილის, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულების ახალ ფაქტებსაც გამოავლენენ.

„აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, საპატიმროში, თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები, ჯარისკაცები და რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ მე-8 სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწვეულნი არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.

სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდადებულის ჩართვა.

სხდომის „ლაივ“ რეჟიმში ყურებას შეძლებთ საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე 👇