კანონი პრინციპული არის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე, ამ ქვეყანაში მშვიდი ვითარების შენარჩუნებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2016 წლიდან ქვეყანას ჰქონდა ერთადერთი მშვიდი წელი, 2017 წელი.
„2016,2018, 2020, 2021, 2022, 2023, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ამ ტურბულენტობის პირობებში. ჩვენ ვიგებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს და ამ კუთხით პრობლემებს არ გვიქმნის არც გაუმჭვირვალობა და არაფერი, მაგრამ რაზედაც ვართ სხვა რაღაცებთან ერთად პასუხისმგებელი, ეს არის მშვიდი გარემოს შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა ვატაროთ, გავიაზროთ და სწორედ ამ პასუხისმგებლობას ეფუძნება ის ინიციატივა, რომელიც წარვადგინეთ. თუ გამჭვირვალობა არ იქნება უზრუნველყოფილი, ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიცავთ გრძელვადიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ეს ასეთი პრინციპული და მეორე მხარეს გვჭირდება სათანადო დამოკიდებულების ხილვა. ჩვენ გვინდა იმის ხილვა, რომ როგორც ჩვენ გვაინტერესებს გრძელვადიანი სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ასევე უნდა აინტერესებდეს ჩვენს მეგობრებსაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას, საქართველოსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული რისკები და ეს რისკები დღესაც არსებობს.
„კითხვა რომ დაისვას, რატომ არ დაიწყო ომი საქართველოში და რატომ დაიწყო უკრაინაში, ამას ხომ თავისი მიზეზები და თავისი ახსნა აქვს, რატომ არ უღრმავდება ამ ყველაფერს. თუ შენ ინარჩუნებ სწორ, მტკიცე პოზიციებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მცირდება რისკები შენი უსაფრთხოების კუთხით. ამიტომ, რა არის მნიშვნელოვანი - 2022 წელს, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, რა თქმა უნდა, ყველა მეგობარს მაქსიმალურად უნდა ეზრუნა ქვეყანაში მშვიდი გარემოს უზრუნველყოფაზე იმისათვის, რომ საგარეო რისკებისგანაც ვყოფილიყავით სათანადოდ დაცული. ყველაზე მეტი ტურბულენტობა ხელოვნურად მოგვიწყვეს სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ფაქტებს შეგახსენებთ, 24 თებერვალს დაიწყო ომი, ეგრევე გამოვიდა ოპოზიცია თავისი NGO-ებით ქუჩაში, მაშინვე მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც გამოიწვევდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევას და ახლა თვითონვე აღიარებენ, რომ ეს იყო არასწორი მოთხოვნა რეალურად, მოითხოვეს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, მაშინ ძალიან დაგვეხმარა ბაიდენის და ჯონსონის განცხადებები.
მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას, რადგან არ უნდოდათ ნატო ჩართულიყო ომში, სიტყვასიტყვით ვამბობ. თუ ნატოს ომში ჩართვას ნიშნავდა უკრაინაში მათი მოხალისეების გაგზავნა, უფრო სწორად, რეკომენდაციის გაცემაც კი, საქართველოდან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით რატომ არ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას ომში, რაც ასევე ძალიან უნდოდათ მაგალითად პოდოლიაკს და დანილოვს, პირდაპირ მოწოდებები იყო. ეკა გიგაურსაც ძალიან უნდოდა ეს ყველაფერი, პირდაპირ განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. როდესაც ყველა მეგობარს და პასუხისმგებლობით გამსჭვალულ მოქალაქეს უნდა ეზრუნა ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაზე 2022 წელს, ყველაზე მეტი ხელოვნური ტურბულენტობა შექმნეს მაშინ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სანქციების დაწესებისა და მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას დაემატა ის, რომ ზუსტად ამ დროს უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან, რასაც კიდევ ერთი მღელვარების ტალღა მოჰყვა.
„მიზეზი იყო ორი - სანქციების არდაწესება და მოხალისეების არგაგზავნა. ამას ხომ ანალიზი სჭირდებოდა, მაგრამ როდესაც ამ ვითარებაში ხელოვნურად ქმნი ტურბულენტობას ქვეყანაში, რომელიც მაქსიმალურად დასაცავია საგარეო საფრთხეებისგან, აქ ხომ ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
გასაგებია, ყოფილ დიპლომატებს რა უნდოდათ, მაგრამ იმედია, რომ ეს დამოკიდებულება სამომავლოდ შეიცვლება. ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და გამჭვირვალობა არის ამის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. თუ იქნება გამჭვირვალობა ბევრად უფრო მეტად დამშვიდდება ჩვენი ქვეყანა და თავს დააღწევს ამ ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში წარდგება
⭕რაზე ჩხუბობენ ეკატერინე და ალეკო მახარობლიშვილები და აქვს თუ არა გავლენა მამას შვილის წარმატებაზე