„არ გაბედოთ და არ მიიღოთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი თვითნებურად ან ძმაკაცის რეკომენდაციით“ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
იგი გვიზიარებს, ელემენტარულ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ინფორმაციას, რომელიც დაგვიცავს საზიანო შეცდომებისგან და პარალელურად მეტ ცოდნას მოგვცემს საკუთარ ორგანიზმზე.
„dosis facit venenum" - ანუ ზომა-წონის დეტერმინიზმი
"დოზა ქმნის შხამს" - ნამდვილად ასეა, პირველ რიგში ისევ მედიცინაში.
რამდენიმე მაგალითი:
გულის კუნთის ინფარქტის დროს ვენაში გაკეთებული 5-10 მგ მორფინი საოცრებას მოახდენს:
მოხსნის გაუსაძლის ტკივილს
შიშს
პანიკას
ჰაერის უკმარისობას
განტვირთავს გულს
დაწევს მაღალ წნევას.
აი, უინფარქტოდ და ტკივილის გარეშე ვენაში გაკეთებული ამ დოზის 2-3 ჯერ მეტი შეიძლება შენი სამუდამო ძილის მიზეზი გახდეს!
ესციტალოპრამის 10-15 მგ შეამცირებს შენს პანიკურ შეტევებს და შფოთვით აშლილობას. ესციტალოპრამის 20-30 მგ დიდი ალბათობით თავად გამოიწვევს პანიკურ თუ შფოთვის შეტევებს.
თვეში რამდენჯერმე დალეული ციტრამონი გაგიყუჩებს თავის ტკივილს, ყოველ (მეორე) დღეს მიღებული იგივე წამალი მალე თავად გახდება შენი თავის ტკივილის მიზეზი.
ხანგრძლივი, მაღალი დოზით, ხშირად არამიზანშეწონილი ანტიბიოტიკის მოხმარება თავად იწვევს ინფექციას. სოკოვან ინფექციას არ ვგულისხმობ (ეს ბანალური და ბუნებრივია). არა, ბაქტერიულ ინფექციაზე ვლაპარაკობ, კერძოდ კი ბაქტერიაზე clostridium difficile.
ანტიარითმიული პრეპარატების დიდი ნაწილი დოზის მინიმალური შეცვლით იწვევს (სერიოზულ) არითმიებს.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტი ერთბაშად მიცემულმა ბეტა-ბლოკერმა შეიძლება უკიდურესად დაამძიმოს, მოკლას.
აი, ძალიან ფრთხილად და ნელ-ნელა შეპარებული (ტიტრაცია) მეტოპროლოლი თუ ბისოპროლოლი პირიქით, გულის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის პულსის შემცირებით და შესაბამისად დიასტოლის გახანგრძლივებით.
არ დამავიწყდეს: არ გაბედოთ და არ მიიღოთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი (შემცველი ნივთიერება: ამიოდარონი) თვითნებურად ან ძმაკაცის რეკომენდაციით!
ეს არის ძალიან ძლიერმოქმედი ანტიარითმიული პრეპარატი, რომლის დანიშვნაზე სახლის პირობებში კარდიოლოგიც ორჯერ დაფიქრდება
ასე შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო სხვადასხვა მაგალითებით, მაგრამ არსი ერთია:
მედიკამენტის დოზა წყვეტს, ეს მედიკამენტი დაგეხმარება, გიმკურნალებს თუ გავნებს, მოგკლავს!
თუ მეზობლის მაღალ წნევას კარგად აკონტროლებს 10 მგ ამლოდიპინი, თქვენ შეიძლება 10 მგ ამლოდიპინმა ისე დაგიგდოთ წნევა, რომ გონება დაკარგოთ! ან სწრაფად, რადიკალურად დაწეული წნევის გამო გახდეთ იშემიური ინსულტის მსხვერპლი და დაკარგოთ ბევრი ნევროლოგიური ფუნქცია.
არა და თქვენ რომ დაგეწყოთ ექიმის მიერ დანიშნული ამლოდიპინი თავიდან დაბალი დოზირებით, ეს დრამა არ დაგემართებოდათ!
მედიკამენტის დოზა, როგორც ხედავთ, ძალიან ხშირად ძალიან ინდივიდუალურია.
ჩემი მიზანი არ არის თქვენი შეშინება, პირიქით!
მინდა გაგიზიაროთ ის ელემენტარული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ინფორმაცია, რომელიც დაგიცავთ საზიანო შეცდომებისგან და პარალელურად მეტ ცოდნას მოგცემთ საკუთარ ორგანიზმზე.
თქვენი მეზობელი იყოს თქვენი მეზობელი, ახლობელი, მესაიდუმლე, ოჯახის წევრი, მაგრამ არასდროს თქვენი ფარმაკოლოგი!
ბოლო 19 წელია ფაქტიურად დღე არ გავა, რომ მე ფარმაკოლოგიაში ახალი რამ არ ვისწავლო, გავიაზრო... ვასწავლიდი ფარმაკოლოგიას სტუდენტებს, დამწყებ ექიმებს, მაგრამ დღემდე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ.
dosis facit venenum - პარაცელსუსის ეს ლაკონური ტრიოლი არ ეხება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ დოზირებას:
ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, ოპტიმიზმი, კარიერა, სიყვარული, თავისუფლება ... ეს ყველაფერიც სწორი დოზირების ურჩ კანონს ემორჩილება და მხოლოდ სათანადო დოზაში ავლენს საუკეთესო და სასურველ ეფექტს
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს