შეუძლია თუ არა ყველას მილიონიანი ბიზნესის აწყობა, როგორ უნდა გადარჩეს კომპანია შემოსავლების კრიზისის დროს და რა ელის ტექნოლოგიურ სექტორს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? „წარმატების ფორმულის“ ახალ ეპიზოდში ბიზნესის განვითარებისა და კონსალტინგის ექსპერტმა, iCity-ისა და Xiaomi Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ ძურძუკმა მეწარმეობის რეალურ, ხშირად დაფარულ მხარეებზე ისაუბრა.
- როგორია ტელეფონების ბიზნესის სპეციფიკა საქართველოში და რატომ ითვლება ის დაბალმარჟიან სექტორად?
ვლადიმერ ძურძუკი: ტელეფონების ბიზნესში უზარმაზარი კონკურენციაა, რის გამოც მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია, საშუალოდ 5-7%-იდან 10%-მდე მერყეობს. სწორედ ამიტომ, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროდუქციის დივერსიფიკაცია და უფრო მაღალმარჟიანი მიმართულებების დამატება. 2023 წლის ნახტომი განპირობებული იყო თურქეთიდან მოსული უზარმაზარი ნაკადით ბათუმის ფილიალში, თურქი მომხმარებლები ტელეფონებს Tax-Free-ით ყიდულობდნენ. 2024 წელს თურქეთში IMEI რეგისტრაციის გადასახადი (Fee) მკვეთრად გაიზარდა, რამაც ეს ნაკადი შეამცირა და გაყიდვებიც ჩვენს სტანდარტულ, ყოველწლიურ ნიშნულს დაუბრუნდა. ამ კომპანიის საქართველოში შემოყვანის იდეა 2020 წლის პანდემიისას გაჩნდა, როცა ლოქდაუნის დროს დამფუძნებლები ელექტროსკუტერებით თავად არიგებდნენ შეკვეთებს. თავდაპირველად პეკინის ოფისთან შეთანხმებით გაიხსნა მაღაზია, თუმცა 2022 წელს Xiaomi-ს სათავო ოფისში მომხდარი ცვლილებების გამო, მხარდაჭერა დროებით შეწყდა. ამ კრიზისის საპასუხოდ, გუნდმა ქსელში სხვა ბრენდებიც (Dreame, Roborock) დაამატა, რამაც ბიზნესი გადაარჩინა. დღეს Xiaomi-სთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურ ფაზაშია.
- როგორია ტექნოლოგიების ბიზნესის მომავალი მომდევნო 5 წლის განმავლობაში?
ვლადიმერ ძურძუკი: სმარტფონების აპარატურულ ნაწილში დიდ ნახტომებს აღარ უნდა ველოდოთ. მთავარი Selling Point გახდება AI-ს მაქსიმალური ინტეგრაცია ოპერაციულ სისტემებში, ვინც ამას უკეთ გააკეთებს, ბაზრის დიდ წილს წაიღებს. რაც შეეხება ჭკვიან ტექნიკას (რობოტ-მტვერსასრუტები, სტაილერები), ეს სექტორი ყოველწლიურად მზარდია და ჩინური ბრენდები სულ უფრო მეტ ინოვაციას გვთავაზობენ.
- რა არის ქართველი მომხმარებლის მთავარი მახასიათებელი?
ვლადიმერ ძურძუკი: ქართველი მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, მოქნილია და სწრაფად ითვისებს სიახლეებს. თუმცა, ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ ხშირად ორიენტირებულნი არიან დაბალ ფასზე და ყურადღებას არ აქცევენ საგარანტიო პირობებს, მაგალითად, 1-წლიან შეცვლით გარანტიას.
- რატომ რჩებიან თანამშრომლები კომპანიაში 10–12 წელი და როგორ ახერხებთ, რომ გუნდთან ერთად იზრდებოდეთ?
ვლადიმერ ძურძუკი: მთავარი გასაღები ჩემი მეთოდია: იმის მიუხედავად, რომ პროცესები უკვე გამართულია, სტრატეგია გაწერილია და ზუსტად ვიცით, 3-4 წელიწადში საით მივდივართ და რომელ მარჟიან პროდუქტში გვინდა გაზრდა, მე მაინც პირადად ვარ ჩართული. HR სულ 3 წელია რაც გვყავს, კომპანია კი 12 წელია არსებობს. დღემდე ვიცი ჩემი ყველა თანამშრომლის „ტკივილი“, იქნება ეს ელემენტარული გადასახდელი თუ ის, რომ ბავშვის კარგ უნივერსიტეტში სწავლა სურს. ვიცი ყველა თანამშრომლის მოტივაცია, ემოცია და ოჯახური მდგომარეობა, სულ ვკითხულობ მათ ამბავს. რაღაც დიდი ოჯახივით ვართ და ვფიქრობ, ამდენი ხანი სწორედ ამიტომ ჩერდებიან.
- როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ამგვარ უშუალო, ოჯახურ დამოკიდებულებასა და ბიზნესის მოთხოვნებს შორის?
ვლადიმერ ძურძუკი: თუმცა, როგორც გულწრფელი და გულშემატკივარი ვარ, იგივენაირად ძალიან მომთხოვნი ვართ მენეჯმენტის კუთხით. გვაქვს ძალიან მარტივი და კარგი KPI სისტემა, რომელსაც ვიყენებთ. მთავარი გასაღები ეს არის, ახლოს უნდა იყო შენს თანამშრომლებთან.
- შესაძლებელია თუ არა ასეთი მართვის სტილის შენარჩუნება, როცა კომპანია იზრდება?
ვლადიმერ ძურძუკი: რა თქმა უნდა, ყველასთან ახლოს ვერ იქნები. ახლა 55 ადამიანი ვართ კომპანიაში, იყო პერიოდი 80-90-იც ვიყავით. მესმის, რომ 500, 700 ან 1000-კაციან კომპანიაში ეს რთულია, მაგრამ ტოპ-მენეჯმენტი, რომელიც დაახლოებით 70-80 კაცია ასეთ დიდ კომპანიაში, მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თავის გუნდთან. რა ყურადღებასაც აჩენ მათ მიმართ, იგივე მოთხოვნილებაც უნდა გქონდეს.
- თქვენი აზრით, დღეს ყველას შეუძლია საქართველოში მილიონიანი ბიზნესის შექმნა?
ვლადიმერ ძურძუკი: ალბათ ყველას არ შეუძლია. საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა და დიდი ბრენდების ნაწილში ყოველთვის არის მასშტაბირების პრობლემა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეძებთ და შემოვიყვანთ ისეთ ექსკლუზიურ ბრენდებს, რომლებიც არის მაღალმარჟიანი, რათა ზრდის ტემპი არ დავაგდოთ. iPhone-ის გაყიდვა მარტივია, პროდუქტი თვითონ ყიდის თავის თავს. თუმცა, მაგალითად, რობოტ-მტვერსასრუტებში, სადაც ხაზში 30-40 მოდელი გვაქვს სერიოზული კონსულტაცია და სერვისია საჭირო, რომ მომხმარებელს ზუსტად აუხსნა, რა რისთვის სჭირდება.
თუ მეწარმე მიხვდება, როგორ მიაწოდოს ასეთი პროდუქტი სწორად ქართველ მომხმარებელს ტექნიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში, მილიონიანი ბიზნესის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველას არ აქვს მაგის უნარი.
- აუცილებელია თუ არა საკუთარი ბიზნესის დაწყება წარმატების მისაღწევად?
ვლადიმერ ძურძუკი: თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად ბიზნესის ქონა ერთადერთი გზა არ არის. საქართველოში არიან ძალიან სერიოზული მენეჯერები, რომლებიც ძლიერ კომპანიებში მუშაობენ და ბევრ მეწარმეზე მეტი ხელფასი აქვთ. შეგიძლია გახდე ძლიერი მენეჯერი და თვეში 10,000$ გქონდეს ხელფასი - და ეს არა მხოლოდ საბანკო სფეროში, არამედ ბევრ სხვა კომპანიაშიც.