როგორ უნდა მიხვდეს მშობელი თუ ზრდასრული ადამიანი, რომ მისი ხშირი ავადობა უბრალო გაციება კი არ არის, არამედ იმუნური სისტემის თანდაყოლილ დეფექტზე მიუთითებს? - ამ თემაზე იუთუბის გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.
ექიმის თქმით, არსებობს საერთაშორისო ფონდის მიერ შემუშავებული 10 ოფიციალური ნიშანი, რომელიც ქართულ ენაზეც არის ადაპტირებული და ეხმარება პაციენტებსა თუ ექიმებს პირველადი იმუნოდეფიციტის დროულ ამოცნობაში.
„თუ ადამიანს აქვს თანდაყოლილი იმუნური დეფექტი, დროული ამოცნობა მთავარი საკვანძო საკითხია. ასეთ დროს პაციენტს სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია, იმუნოგლობულინის რეგულარული გადასხმა. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ ძვირადღირებულ მედიკამენტს ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტებს სრულიად უფასოდ აწვდის“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
ექიმის ასევე განმარტავს, როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი იმუნიტეტის დარღვევაზე?
❌ ყურის ოთხი და მეტი ანთება ანუ ოტიტი ბოლო 1 წლის განმავლობაში;
❌ ფილტვის ორი და მეტი ანთება ანუ პნევმონია წლის განმავლობაში;
❌ ორი და მეტი რთულად სამართავი სინუსიტი ანუ ცხვირის დანამატი წიაღების ანთება;
❌ ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა, როდესაც ბავშვი წონასა და სიმაღლეში ჩამორჩება და ამის მიზეზი სხვა დაავადებით ვერ იხსნება;
❌ გახანგრძლივებული დიარეა, რომლის მიზეზიც ინფექციური ან ნაწლავური დაავადებებით ვერ დასტურდება;
❌ პირის ღრუს სოკო „რძიანა“ - როდესაც ის წლის ასაკის ზემოთ ჩნდება, მკურნალობას ემორჩილება ძნელად ან სწრაფად ბრუნდება უკან;
❌ აუხსნელი გამონაყარი, პაპილომები და კონდილომები მოზრდილებში;
❌ გადატანილი მძიმე სეფსისი ჩვილობის/წლამდე ასაკში;
❌ ოჯახური ანამნეზი: თუ ოჯახში არის დადასტურებული იმუნოდეფიციტი ან ახლობლებში ფიქსირდება ჩვილების აუხსნელი სიკვდილობა წლამდე ასაკში (მაგალითად, გაურკვეველი მენინგიტით ან ინფექციით).
რატომ არის დროული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?
ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ იმუნოდეფიციტი მხოლოდ ხშირ გაციებას არ ნიშნავს - დროული მკურნალობის გარეშე მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მძიმე არაინფექციური გართულებები, როგორიცაა სისხლმბადი სისტემის სიმსივნეები მაგალითად, ლიმფომა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: