შეიძლება თუ არა წლების განმავლობაში დაგროვილმა სტრესმა, შფოთვამ და ჩახშობილმა ემოციებმა რეალურ ფიზიკურ სიმპტომებში იჩინოს თავი და სად გადის ზღვარი ფსიქიკურ მდგომარეობასა და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის? - ფსიქოსომატიკის ყველაზე საკამათო, საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ექიმი ლიზი კუჭავა და კლინიკა „ჰარმონიის“ დამფუძნებელი, ექიმი ნუნუ ქემაშვილი საუბრობენ.
„ფსიქოემოციური განწყობა არის ხიდი ფიზიკურ სხეულსა და ინტელექტუალურ-მენტალურ ენერგეტიკას შორის. ემოცია უშვებს გარკვეულ სიხშირეებს და ეს სიხშირე რეზონირებს გარკვეულ ქსოვილთან, იქნება ეს ფილტვი, ბრონქი თუ სხვა ორგანო.
როდესაც ადამიანი სტრესს განიცდის, მასში ძალიან დიდი ნეგატიური ენერგია შემოდის. თუ ამ ენერგიის მუხტი იმდენად ძლიერია, რომ ენერგოსისტემა ვერ აბალანსებს, ადამიანი იღებს ბლოკს. ეს შეიძლება იყოს შიში, ელდა, მიუღებლობა, თუნდაც საკუთარი თავის. თუკი ადამიანი ამ ენერგეტიკულ ბლოკში იმყოფება საკმაოდ დიდი ხანი, ჯერ ვითარდება ორგანოების ჰიპოფუნქცია და ფუნქციური დარღვევა, ხოლო მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობისას - უკვე ორგანული დარღვევები და დაავადებები.
ამიტომ დაავადებათა განვითარების მიზეზები მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ უნდა ვძებნოთ; მას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს და პრობლემას სამივე დონეზე - ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და ენერგეტიკულ სივრცეში ერთად უნდა განვხილოთ“, - აღნიშნავს ექიმი.
როგორც ექიმი განმარტავს, ადამიანს თანდაყოლილი აქვს გენეტიკური ინფორმაცია და ხასიათის თვისებების გარკვეული „თაიგული“, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ემატება არასწორი ფსიქოემოციური განწყობები. სწორედ ეს ხასიათის თავისებურებები და დაგროვილი ბლოკები განაპირობებს მომავალში კონკრეტული დაავადებების ჩამოყალიბებას.