ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან. ისინი ყურადღებით აკვირდებიან გარშემომყოფებს და იმახსოვრებენ მათ თითოეულ სიტყვას და ჟესტს, მაშინაც კი - როდესაც თითქოს ინტერესს საერთოდ არ იჩენენ. ამიტომ, მათთან ურთიერთობაში ყურადღება და გაცნობიერებულობაა საჭირო. ის თუ რას ეუბნებით და როგორ ესაუბრებით ბავშვებს, ხშირად არა მხოლოდ მათ თვითშეფასებას, არამედ მთლიანად, გარე სამყაროს აღქმას განაპირობებს. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ თქვენი სიტყვები, გამამხნევებელი, მასაზრდოებელი და სიყვარულით სავსე იყოს.
ჩავატაროთ პატარა ტესტი. ერთი დღის მანძილზე, კარგად დააკვირდით თქვენს თითოეულ წინადადებას, რომელსაც ბავშვს ეუბნებით ხოლმე. სავარაუდოდ შენიშნავთ, რომ ბავშვთან საუბრის დროს, ხშირად ისეთ ფრაზებს იყენებთ, რომლებიც ბავშვობაში თქვენი მისამართით გესმოდათ ხოლმე. ეს თითქოს ერთგვარი ჩაწერილი კოდია და მისი განმეორება გაუცნობიერებლად ხდება. ბევრი ასეთი ფრაზა, ერთი შეხედვით, სრულიად უწყინარია, თუმცა თუ დაუკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ შესაძლოა მათ თქვენი ჩანაფიქრის სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდეთ, ან მეტიც - შეიძლება ფსიქოლოგიური ზიანიც კი მიაყენონ ბავშვს.
გიზიარებთ რამდენიმე ტოქსიკურ ფრაზას, რომელიც უმჯობესია ბავშვთან საუბრისას არასდროს გამოიყენოთ.
დემოტივაციის ფრაზები - ასეთი წინადადებების მაგალითად გამოდგება: „შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ ამისთვის, ეს ძალიან რთულია, არ გამოგივა,“ და ა.შ. ალბათ ხშირად გინახავთ, რომ ბავშვი ისეთ სათამაშოს ან თავსატეხს შეეჭიდება, რომელიც მისი ასაკისთვის არ არის გათვალისწინებული და, ერთი შეხედვით, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ მას თავს გაართმევს. ასეთ შემთხვევაში, მშობლებს ხშირად მოთმინება არ ჰყოფნით, თითქოს სურთ, რომ ბავშვი იმედგაცრუებისგან დაიცვან და ეუბნებიან რომ ის ჯერ ძალიან პატარაა და მას ეს არ გამოუვა. მსგავსი ჩარევისგან უმჯობესია თავის შეკავება, რადგან ხშირად, ბავშვები ერთი შეხედვით რთულ ამოცანებსაც ართმევენ თავს . ჩარევა მხოლოდ მაშინაა სასურველი, თუ ბავშვი თავად გთხოვთ დახმარებას, ან ხედავთ რომ ვერ უმკლავდება და უკვე გაღიზიანებას იწყებს. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ისეთი კითხვების დასმით დაეხმაროთ, რომელიც მას თავსატეხის ამოხსნაში დაეხმარება, ან თავადაც ჩაერთოთ აქტივობაში და ერთად იპოვოთ გამოსავალი.
არასდროს უთხრათ ბავშვს „შენ ამას ვერ შეძლებ“, მსგავსი შინაარსის ფრაზებმა შეიძლება ბავშვის დაბალი თვითშეფასება განაპირობოს ან მომავალში ინიციატივის გამოჩენის სურვილი დაუკარგოს.
შედარების შემცველი ფრაზები - სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ადარებენ ბავშვს საკუთარ დას-ძმას, ბაღის ჯგუფელს, კლასელს, მეზობელს ან სხვა ადამიანს. ხშირად მათ სურთ, რომ სხვებთან შედარების გზით, ბავშვებში მოტივაციის გრძნობა აამაღლონ. მაგალითად იმის თქმით, რომ მისი კლასელი უკეთ სწავლობს, თვლიან, რომ მათ შვილსაც მეტი მონდომების სურვილს გაუჩენს. თუმცა, უმეტსწილად, მსგავსი შედარებები სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ბავშვი თავს არასაკმარისად გონიერად თვლის და ხანდახან აგრესიაც კი უჩნდება თანატოლების მიმართ. უმჯობესია ბავშვს იმის გააზრებაში დაეხმაროთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, თითოეულ მათგანს უნიკალური შესაძლებლობები და ინტერესების სფეროები აქვთ.
გრძნობების უარმყოფელი ფრაზები - ასეთ ფრაზებს მიეკუთვნებიან: „შენ უკვე დიდი ხარ, რატომ ტირი? რატომ გეწყინა, ამაში არაფერია საწყენი, შეწყვიტე ტირილი“ და ა.შ. შეიძლება ბავშვს ტირილის შეწყვეტისკენ სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწოდოთ. მაგალითად, გადაღლილი იყოთ და გიჭირდეთ გაუთავებელი ტირილის მოსმენა, ან სიბრალულს გრძნობდეთ და გსურდეთ, რომ მას დამშვიდებაში დაეხმაროთ. თუმცა, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან სევდიანი ხართ და ტირით. ამ დროს კი გეუბნებიან, რომ უკვე დროა შეწყვიტოთ ტირილი. თავს როგორ იგრძნობთ?
ასეთი მოწოდებები ბავშვს ბოჭავს საკუთარი ემოციების თავისუფალ გამოხატვაში და ასწავლის, რომ მათი ყველა ემოცია მისაღები არ არის. ეს აძლევს მათ სიგნალს, რომ თქვენ მხოლოდ მაშინ გიყვართ, როდესაც ის ბედნიერია. ტირილის შეწყვეტის მოწოდებას აჯობებს თუ მათ საკუთარ გრძნობებთან გამკლავებას ასწავლით და ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაუჭერთ.
ბავშვის საქციელის ნაცვლად, მისი პიროვნების შეფასება - როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა, არ უთხრათ მას რომ ის ცუდია. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ შეაფასოთ მისი საქციელი. ცუდი შეიძლება იყოს საქციელი და არა თავად ადამიანი და ეს არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც ვრცელდება. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ბოლომდე ცუდი, ან ბოლომდე კარგია. ადამიანები ხან ცუდად იქცევიან, ხან კარგად. ბავშვმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ის ცუდი ადამიანია. მსგავსი თვითგვემა და დანაშაულის შეგრძნება მას ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს. პირიქით, ის თავს უარყოფილად იგრძნობს. მსგავსი შეფასება მანიპულაციაა, რომელმაც ერთჯერადად შეიძლება იმუშაოს, თუმცა ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ულტიმატუმის ენით საუბარი - ამის მაგალითად გამოდგება საკმაოდ გავრცელებული ფრაზა: „კარგად ისადილე, თორემ დესერტს ვერ მიიღებ.“ ასეთი ფორმულირება ბავშვის თვალში აკნინებს სადილის მნიშვნელობას და ზრდის ინტერესესს და მოთხოვნას დესერტის მიმართ. მარტივია ამ წინადადებას პოზიტიური ფორმულირება. მაგალითად, „მოდი ჯერ ვისადილოთ და შემდეგ დესერტი მივირთვათ.“
ჩემი სახლი, ჩემი წესები - მსგავსი შინაარსის ფრაზები ბავშვს უგზავნის სიგნალს, რომ თქვენი სახლი მისი არ არის, შესაბამისად არც თქვენი სახლის წესები ვრცელდება მასზე. ამ შემთხვევაში, სახლში ის თავს უცხოდ და დაკარგულად გრძნობს. გარდა ამისა, არ უჩნდება სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი სახლის და სივრცის მიმართ. უმჯობესია აუხსნათ, რომ თქვენს სახლში არსებული წესები თქვენი საერთო წესებია და ისინი ყველაზე ვრცელდება. ამგვარად ბავშვი მეტად იგრძნობს, რომ თავადაც უნდა მოუაროს და იზრუნოს თქვენს საერთო სივრცეზე და დაიცვას წესები.
ბავშვებთან ურთიერთობაში, შეუძლებელია არასდროს მოგივიდეთ გადაცდომა. თუმცა მთავარია მათ სიყვარულით და პატივისცემით ესაუბროთ, როგორც თანასწორ ადამიანებს. შეცდომის შემთხვევაში კი - ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ, ეს თქვენ ავტორიტეტს კი არ დააკნინებს, პირიქით - ბავშვები ხომ მაგალითით სწავლობენ და საჭიროების შემთხვევაში, თავადაც თამამად მოგიხდიან ბოდიშს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵კვარას შესახებ ფილმი გადაიღეს
🔵„გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით“ - გაფრთხილება მოქალაქეებს
წყარო: planta.ge