„განსაკუთრებულად მძიმე შეგრძნება მეუფლება, როცა პაციენტს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს და ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზს ვუსვამ“,- წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
მისი თქმით, ეს დიაგნოზი განსაკუთრებით დამთრგუნველია, რადგან აცრის საშუალებით დაავადების თავიდან აცილება მარტივად იყო შესაძლებელი.
„ვიღაცას რომ ერჩია აცრილიყო, ან პირიქით, არ მიეღო უკუღმართული რჩევა, რომ „აცრა რად გინდა, ათას რამეს იწვევს“, ახლა ჯანმრთელი იქნებოდა, არ ექნებოდა ციროზი ან ღვიძლის კიბო. ზოგს თანდართული აქვს D (დელტა) ჰეპატიტის ვირუსიც, რომელიც მხოლოდ B ჰეპატიტის მქონე პაციენტებს ემართებათ და კიდევ უფრო ართულებს ღვიძლის მდგომარეობას“,- აღნიშნავს ბუწაშვილი.
მისივე თქმით, 2003 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, აცრილები არიან, რადგან B ჰეპატიტის ვაქცინა სამშობიაროშივე კეთდება და შემდგომ ბავშვის გეგმურ აცრებში შედის.
ბუწაშვილის განცხადებით, B ჰეპატიტის ვაქცინა უფასოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ისევე როგორც ანალიზები ვირუსისა და ანტისხეულების დასადგენად.
„ამ ასაკობრივ ჯგუფში B ჰეპატიტი უკიდურესად იშვიათია და ფაქტობრივად მოგვარებულ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მანამდე დაბადებულები ხშირად არ არიან დაცულები და რატომღაც არც ცდილობენ აცრა გაიკეთონ. თუ ანტისხეულები არ აღმოჩნდა, აუცილებელია აცრა. საზოგადოებამ აცრებთან დაკავშირებული მითები უნდა გადალახოს: ვინც „კოვიდ ფაშისტის“ ძახილით აპირებს კომენტარებში გაჩენას და ჩიპებზე ან სხვა სისულელეებზე წერას - გაიხედ-გამოიხედეთ. თქვენს გარშემო ყველა ბავშვი, მოზარდი და უკვე ზრდასრული, ვინც 2003 წლის შემდეგ დაიბადა, აცრილია B ჰეპატიტზე. მათ არც ჩიპები აქვთ ჩადგმული, არც რქები ამოსვლიათ - უბრალოდ არ დაემართებათ B და D ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი და კიბო, რაც თქვენზე უკეთეს მდგომარეობაში აყენებთ მათ“,- აცხადებს მაია ბუწაშვილი.