მიხაკი (Syzygium aromaticum) მარადმწვანე, ტროპიკული ხის გამხმარი კოკორი და ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი სანელებელია, რომელსაც როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტოლოგიაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში იყენებენ.
მიხაკი ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებების მქონე სანელებელია. ის ამცირებს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობას. მას ასევე შეუძლია თავის ტკივილისა და სასუნთქი გზების დაავადებების შემსუბუქება, ხოლო მის არომატს არომაფსიქოლოგიასა და არომადიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
რას შეიცავს მიხაკის მარცვლები?
მიხაკის მარცვლების შემადგენლობაშია:
ვიტამინები: A, B1, B2, B4, B6, B9, PP, C, E, K;
მინერალები: მაგნიუმი, მანგანუმი, სპილენძი, სელენი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია;
სხვა ნივთიერებები: ომეგა-3 და ომეგა-6 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯრედისი, მთრიმლავი ნივთიერებები და არომატული ნაერთები — ევგენოლი, კარიოფილენი და ილენგენი.
მიხაკის ჩაი
კვლევების თანახმად, დღეში რამდენიმე მიხაკის მიღება იმუნიტეტს აძლიერებს, ჩაი ლიმონითა და მიხაკით კი გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისთვის შეუცვლელი საშუალებაა.
მიხაკის ჩაის მოსამზადებლად საკმარისია 1-2 მიხაკის მარცვალი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე.
მიხაკის ჩაის აქვს მატონიზებელი, გამაჯანსაღებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.
ამ სანელებლისა და ზღვის მარილის ნაზავის სავლებებს ხშირად ყელისა და კბილის ტკივილის დროს იყენებენ.
რა თქმა უნდა, მიხაკი სრულფასოვან წამლად არ მიიჩნევა, თუმცა მას შეუძლია სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის დამხმარე საშუალების როლი შეასრულოს. მიხაკი ხშირად მცენარეული დანამატის სახითაც იყიდება.
მიხაკის უკუჩვენებები
როგორც ნებისმიერი პროდუქტი, მიხაკის ჭარბი მოხმარებაც შეიძლება ორგანიზმისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, მიხაკის გამოყენებას უნდა მოერიდოს ის, ვისაც აქვს:
- ღვიძლის დაავადებები,
- კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავება,
- სისხლის შედედების დარღვევა (ჰემოფილია) ან სისხლდენა,
- მცენარეული ან საკვები ალერგია.
მიხაკის მიღება კატეგორიულად აკრძალულია:
- ორსულებისთვის (ამ სანელებელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი სამშობიარო ჭინთვები ან ორსულობის სხვა გართულებები),
- 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის,
- ძუძუთი კვების (ლაქტაციის) პერიოდში.
- ამ სანელებელს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, რადგან მას სისხლში შაქრის დონის დაწევა შეუძლია.
ვინაიდან მიხაკი ანტისეპტიკური საშუალებაა, მან შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა და კუჭის მიკროფლორის დისბალანსი, თუმცა ასეთი გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათია და ძირითადად სანელებლის უკონტროლო მოხმარებისას იჩენს თავს.
მიხაკმა შესაძლოა ურთიერთქმედება მოახდინოს გარკვეულ მედიკამენტებთან, მათ შორის სოკოს საწინააღმდეგო და სისხლში შაქრის დონის დამწევ პრეპარატებთან, ამიტომ, თუ რაიმე წამალს იღებთ, მიხაკის სამკურნალო მიზნით გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.
დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი მიხაკის შესახებ:
მიხაკის კოკორს კრეფენ ვარდისფერი შეფერილობისას და აშრობენ მანამ, სანამ მუქ ყავისფერ ფერს არ მიიღებს.
მიხაკის ხე ცოცხლობს, დაახლოებით, 100 წელი, თუმცა კოკორს მხოლოდ დარგვიდან მე-7 წლიდან იძლევა.
კბილის ტკივილის დროს მიხაკის დაღეჭვა ტკივილს სწრაფად ახშობს, რის გამოც მას სტომატოლოგიაში ხშირად იყენებდნენ.
ძველ დროში მიხაკი იმდენად ძვირფასი იყო, რომ მას ოქროსთან აიგივებდნენ და ვაჭრობისთვის იყენებდნენ.
მიხაკი აღმოჩენილია სირიაში, ერთ-ერთ ჭურჭელში, რომელიც ძვ.წ. 1721 წლით თარიღდება. ეს ამტკიცებს, რომ სანელებელს უძველესი დროიდან იყენებდნენ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა“ - ივნისი და ზოდიაქოს ნიშნები: თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი
⭕„თავიდან სხვა სტილის მოთამაშე ვიყავი, თუმცა ერთ რამეს მივხვდი“- ხვიჩა კვარაცხელია
⭕ „ჩვენს შიგნით საოცრებები ხდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
წყარო: funtime.ge