უსიმპტომოდ მიმდინარე სქესობრივი ინფექციები, პაპილომავირუსის {HPV} რისკები და საშვილოსნოს ყელის დაზიანება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ინფორმირებულობა თითოეული ქალის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის მეან-გინეკოლოგი გურანდა ფხაკაძე კოტე მათითაშვილის პოდკასტში განმარტავს, რა ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, როგორ აისახება გინეკოლოგიური პრობლემები კანის ნაადრევ დაბერებაზე და რატომ არ შეიძლება მკურნალობის გადადება.
„თამბაქოში 70-ზე მეტი კარცინოგენია. სისხლის ცირკულაციით ეს ნივთიერებები საშვილოსნოს ყელში ხვდება, იწვევს დნმ-ის დაზიანებას და იმდენად აქვეითებს ადგილობრივ იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმში მოხვედრილი მაღალი ონკოგენობის ვირუსი აქტიურდება. დადასტურებულია, რომ HPV პოზიტიურ ქალებში აქტიური მწეველობა 2–3-ჯერ ზრდის კიბოსწინარე მდგომარეობებისა და კიბოს განვითარების რისკს, ვიდრე არამწეველებში. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში ყველაზე საგანგაშო მე-16 და მე-18 ტიპებია, რომლებიც შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში ონკოლოგიური პროცესის მთავარი მიზეზია. დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაცია და დროული სკრინინგია, რომელიც საქართველოში უფასო პროგრამების ფარგლებში ხელმისაწვდომია. „ქლამიდია“ ძალიან ჩუმად მიმდინარეობს, თუმცა მისი ყველაზე მძიმე გართულებებია ფალოპის მილების დახშობა, უშვილობა, გარეორსულობა და მენჯის ქრონიკული ტკივილი. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ანთება და კონიუნქტივიტიც კი. PCR ტესტირებით მისი ადრეული გამოვლენა და ორივე პარტნიორის დროული მკურნალობა გადამწყვეტია“,- აღნიშნავს ექიმი.
მისივე თქმით, პაპილომავირუსული ინფექციით გამოწვეული დაზიანება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ექიმი მოუწოდებს ქალებს, ყურადღება მიაქციონ ორგანიზმის თითოეულ სიგნალს - განსაკუთრებით კონტაქტურ, უჩვეულო ან მენოპაუზის შემდგომ სისხლიან გამონადენს და რუტინულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური შემოწმება.