Digest Logo

„მედიცინაში არ არსებობს არცერთი ე.წ. გაციების წამალი, ის თავისით ლაგდება 7-14 დღეში“ - ექიმი ლევან შელეგია

1765002679
ექიმი ლევან შელეგია

„მოდის ზამთარი, ტემპერატურების ცვალებადობა, დახურულ სივრცეებში ყოფნა და ბევრისთვის გაციების, სურდოს დრო“, - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

მისი თქმით, გაციება, როგორც წესი, თავისით ლაგდება 7-14 დღეში.

„გაციება - სურდო - common cold

მოდის ზამთარი, ტემპერატურების ცვალებადობა, დახურულ სივრცეებში ყოფნა და ბევრისთვის გაციების, სურდოს დრო.

საუკეთესო მედიცინა პრევენციაა - კოვიდსაწინააღმდეგო ჰიგიენის წესები კარგად დაგიცავთ ასევე გაციების ვისუსებისგან, რადგან გაცივებას ყოველთვის იწვევს ვირუსი და არა სიცივე იზოლირებულად!

დღეს მედიცინაში არ არსებობს არცერთი ე.წ. გაციების წამალი.

გაციებას ყოველთვის იწვევენ ვირუსები და შესაბამისად მკურნალობაში თუ არ გამოიყენე ანტივირუსული პრეპარატები (რასაც ბანალური გაციების "common cold" დროს არასდროს ვხმარობთ), მაშინ ვერცერთ პრეპარატს ვერ მიეცემა ასეთი კვალიფიკაცია.

ეს არის ჩვეულებრივი ფულის გადაყრა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ექიმის რეცეპტით. გაცივება, როგორც წესი, თავისით ლაგდება 7-14 დღეში.

მკურნალობა არის იგივე, რაც მაგალითად მსუბუქი კოვიდის შემთხვევაში:

ბევრი სითხე (რომ არ გასქელდეს ნახველი + დატენიანდეს ლორწოვანი გარსები)

სრულფასოვანი კვება (ეხმარება იმუნურ სისტემას თავისი საქმის გაკეთებაში)

გემრიელი ძილი და ზოგადად დასვენება (რეგენერაცია)

სუნთქვის ვარჯიშები (ფილტვში ყველგან რომ ცირკულირებდეს ჰაერი)

დადებითი განწყობა (ყველაფერზე დადებითად მოქმედებს)

ცალკეული სიმპტომების მკურნალობა შეიძლება მოხდეს ფარმაკოლოგიურად:

ჯანჯაფილის, გვირილას, თიმიანის, სალივა ოფიცინალის, იგივე სალბი, ჩაი თუ გამოვლებები - ზომიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული ეფექტი.

მაღალი სიცხის დაწევა კლასიკური სიცხის დამწევი პრეპარატებით.

37 სიცხე არ არის, მიუხედავად იმისა, თავს როგორ გრძნობთ ამ დროს.

ტკივილის გაყუჩება იგივე კლასიკური სიცხის დამწევი, ანალგეზიური პრეპარატებით (პარაცეტამოლი, იბუპროფენი)
ხველის წამალიც ძირითადად ფულის გადაყრაა. შეიძლება მცენარეული პრეპარატების დახმარება Cineol შემცველობით, თუ არ ხართ ევკალიპტის ზეთზე ალერგიული.

თუ ხველა არის ძლიერი, პროგრესირებადი, მშრალი, მიმართეთ ექიმს. თუ დაგჭირდათ ცხვირის სპრეი, გამოიყენეთ მაქსიმუმ 1 კვირა, რადგან სერიოზული შეჩვევა იცის, რასაც პრივინიზმი, ან რინიტის მედიკამენტოზა ჰქვია.

ცხვირის სპრეი ოქსიმეტაზოლინის შემცველობით სჯობს, რადგან ეს ნივთიერება ანტივირუსულად მოქმედებს სურდოს ყველაზე ხშირად გამომწვევ მიკრობზე - რინოვირუსზე.

გაციება არ უნდა იყოს ძვირი „სიამოვნება". მაქსიმუმ დაგჭირდეთ პარაცეტამოლი და ცხვირის სპრეი.
გამონაკლისი და გართულებები ყოველთვის არსებობს და ეს პოსტი მათ არ ეხება.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

🎥 „მიყვარს ეს გოგო“ - როგორია თიკა ფაცაციას პარასკევი დღე?