კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე პოდკასტში „დარიო • Dario“ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვაზე, ასევე ემიგრაციაში არსებულ გამოწვევებსა და ბავშვების ინტეგრაციის პროცესზე საუბრობს.
ფსიქოლოგის განცხადებით, ძილის რეგულირებული რეჟიმის არქონა და ქრონიკული გამოფიტვა ადამიანში პირველ რიგში აგრესიას იწვევს - როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ.
„როდესაც ადამიანს არ აქვს სტაბილურობის განცდა, ის იწყებს მტრის ძებნას, რათა შინაგანი შფოთვა დააბალანსოს. ჩვენ მიღწეულობის კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც მუდმივი შედარება ნერვულ სისტემას ჰიპერაქტივაციაში აგდებს, ეს კი საბოლოოდ გაყინვამდე და ემპათიის დაკარგვამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნავს მინდია გაბიჩვაძე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემიგრაციაში არსებულ სირთულეებს, თვითგადარჩენის რეფლექსებს, სოციალურ იზოლაციასა და ე.წ. ასიმილაციის საფეხურებს. ფსიქოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, ადამიანმა შეძლოს საკუთარ თავთან დიალოგი, ისწავლოს საზღვრების დაწესება და თქმა „არას“ დანაშაულის გრძნობის გარეშე.
ინტერვიუში ასევე შეეხნენ ემიგრანტი ბავშვების აღზრდის საკითხსაც.
„მშობლების მხრიდან ზედმეტი ზეწოლა და კულტურული იდენტობის ძალით თავსმოხვევა ხშირად საპირისპირო რეაქციას იწვევს. ბავშვებს ქართული კულტურა და ტრადიციები ძალადობისა და დაძალების გარეშე, ჯანსაღი გარემოსა და მაგალითების ჩვენებით უნდა შევაყვაროთ“, - აღნიშნავს მედიკოსი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: