„თანამედროვე ეპოქაში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, განსაკუთრებით კი შფოთვითი, ადაპტაციური და სტრესთან დაკავშირებული აშლილობების მატება შეინიშნება“, - ამის შესახებ ფსიქიატრმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა გადაცემაში „კოტკასტი“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ტექნოლოგიურ ეპოქაში მოსული ჰიპერსენზიტიური ინფორმაციული ნაკადი ადამიანის ევოლუციურ მზაობას აჭარბებს, რაც ტვინის გადატვირთვას, არჩევანის პარადოქსს, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებასა და მუდმივი საფრთხის განცდას იწვევს.
პროფესორმა ხაზი გაუსვა, რომ ბაზისური ფსიქიატრიული დიაგნოზების მაგალითად, შიზოფრენიის სტატისტიკა უცვლელი რჩება, თუმცა მკვეთრად იმატა პანიკურმა შეტევებმა, გენერალიზებულმა შფოთვამ და სოციალურმა ფობიებმა.
„არ არსებობს ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე, ეს არის დღევანდელი მედიცინის მთავარი ლაიტმოტივი“, - აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.
ფსიქიატრმა ასევე ისაუბრა ემოციურ გადაწვასა და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმაზე.
„მენტალური პრობლემების დროს ახლობლების მხრიდან ისეთი ფრაზების თქმა, როგორებიცაა „ყურადღებას ნუ მიაქცევ“ ან „გაგივლის“, დესტრუქციულია და ფეხის მოტეხილობის დროს ადამიანისთვის ლაშქრობაში წასვლის შეთავაზების ტოლფასია.
ჯანმრთელობის გაუარესების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, პაციენტმა თავდაპირველად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, რათა გამოირიცხოს სხვა სომატური და ჰორმონული დარღვევები მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ან დიაბეტი, რომლებიც ხშირად ფსიქიკური აშლილობების მიმიკრიას ახდენენ“, - აცხადებს ფსიქიატრი.