Digest Logo

„ორსულობის დროს კბილის ამოღება მკაცრად აკრძალულია“ - სტომატოლოგი მანანა ბურჭულაძე 5 გავრცელებულ მითზე

1787136140
სტომატოლოგისტომატოლოგი

პროთეზირებასა თუ კარიესის მკურნალობაზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა კბილის ამოღება იგივე ექსტრაქცია სწორედ ის პროცედურაა, რომლის მიმართაც პაციენტებში ყველაზე მეტი შიში და მცდარი წარმოდგენა არსებობს. ეს შიშები, უმეტესად, ძველი, ნაკლებად დახვეწილი მეთოდების გამო ჩამოყალიბდა.

როდის არის ამოღება აუცილებელი, როგორ ტარდება პროცედურა და რას გვთავაზობს თანამედროვე უსაფრთხო სტომატოლოგია? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სტომატოლოგიური კლინიკა „ადენტას“ ხელმძღვანელი, სტომატოლოგი-ქირურგი მანანა ბურჭულაძე საუბრობს და კბილის ამოღებასთან დაკავშირებულ მთავარ მითებს ამსხვრევს:

მითი 1 - „კბილის ამოღება ყოველთვის აუტანლად მტკივნეულია“ 

„თანამედროვე სტომატოლოგიაში ულტრა-ეფექტური ადგილობრივი ანესთეზია გამოიყენება, რაც პროცედურას სრულიად უმტკივნეულოს ხდის. პაციენტი გრძნობს მხოლოდ მცირე წნევასა და დაძაბულობას, მაგრამ არა ტკივილს“, - აღნიშნავს მანანა ბურჭულაძე.

მითი 2 - „ამოღების შემდეგ სახე აუცილებლად შემიშუპდება და დიდხანს ვიქნები შრომისუუნარო“

ექიმის თქმით, ატრავმული ექსტრაქციის ტექნიკის გამოყენებით, ძვლის მინიმალური ტრავმატიზაცია, შეშუპება და დისკომფორტი მინიმალურია. რთული ამოღებისას შეშუპებამ შესაძლოა პიკს 48 საათში მიაღწიოს, რის შემდეგაც სწრაფად იკლებს.

მითი 3 - „ორსულობის დროს კბილის ამოღება მკაცრად აკრძალულია“

„მეორე ტრიმესტრი ყველაზე უსაფრთხო პერიოდია გეგმური თუ გადაუდებელი ჩარევებისთვის. მწვავე ინფექციისას კი ამოღება ნებისმიერ ტრიმესტრში აუცილებელია, რადგან გავრცელებული ინფექცია დედასა და ნაყოფს ბევრად დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე უსაფრთხო ანესთეზია“,- აცხადებს ექიმი.

მითი 4 - „ამოღების შემდეგ დიდხანს ვერ შევჭამ და მხოლოდ თხევადი საკვებია ნებადართული“

სტომატოლოგის განმარტებით, საკვების მიღება დაშვებულია ანესთეზიის გასვლისთანავე. მთავარია, საკვები იყოს რბილი ან თბილი. მყარი საკვები იკრძალება მხოლოდ პირველი 24-48 საათის განმავლობაში.

მითი 5 - „ამოღების შემდეგ აუცილებელია ანტიბიოტიკების მიღება“

„ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. სტანდარტული ექსტრაქციის დროს მათი მიღება საჭირო არ არის, რათა თავიდან ავიცილოთ ორგანიზმის რეზისტენტობა“, - აცხადებს ქირურგი.

წყარო: mkurnali.ge