Digest Logo

რა პროფესიის ადამიანს ემუქრება ემოციური გადაწვა ყველაზე მეტად? - ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილის განმარტება

1789751140
ნინო ოკრიბელაშვილი

„იუთუბის არხზე გადაცემა „კოტკასტის“ მეორე ნაწილში ფსიქიატრმა, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა პროფესიულ გადაწვას, პაციენტის მართვის სწორ ალგორითმსა და საზოგადოებაში გავრცელებულ მენტალურ მითებზე ისაუბრა.

„გადაწვას ყველაზე ხშირად სოციალური სფეროს წარმომადგენლები აწყდებიან - ექიმები, ქირურგები, ფსიქიატრები, სტომატოლოგები, პედაგოგები და სოციალური მუშაკები.

მთავარი სიმპტომია ქრონიკული გამოფიტვა: ენერგია აღარ აღდგება სრულფასოვანი გამოძინების შემდეგაც კი.
პროფესიის მიმართ „გულის აცრუება“, პაციენტების/კლიენტების მიმართ გაღიზიანება და პროექციული უკმაყოფილება. შინაგანი რესურსების სრული ამოწურვა.

ამ დროს რეკომენდებულია, „8+8+8“ პრინციპის მორგება, 8 საათი ძილი, 8 საათი მუშაობა, 8 საათი პირადი დრო/დასვენება, ძილის ციკლის მოწესრიგება და ექიმთან შეთანხმებით შესაბამისი დანამატების (მაგ. ადაპტოგენების) გამოყენება.

შფოთვითი სიმპტომების გამოვლენისას პაციენტმა პირველ რიგში ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს. ფსიქიკური აშლილობის პროვოცირებას ხშირად ახდენს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, დიაბეტი, ჰორმონული დარღვევები თუ კარდიოლოგიური პრობლემები. პირდაპირ მეორე ან მესამე დონის ფსიქიატრიულ სერვისებზე მიმართვამ შესაძლოა რეალური სომატური პრობლემის გამოპარვა გამოიწვიოს.

ფსიქიკის დასაცავი 5 ძირითადი სვეტი

✅ ქრონიკულ უძილობასთან გამკლავება და ძილის ჰიგიენა.
✅ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმა.
✅ წარსული (ბავშვობის) ტრავმული გამოცდილებების გააზრება და გადაფასება.
✅ ცნობიერების ამაღლება და განათლება.
✅ ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები ოჯახს გარეთ“, - აღნიშნა ოკრიბელაშვილმა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: