სუიციდზე საუბარი მეგობრების ან ნაცნობის მხრიდან კრიტიკული მომენტია, ამ დროს თქვენი სწორი რეაქცია შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტი ზღვარი რისი თქმა შეიძლება ან არ შეიძლება ასეთ დროს.
რა უნდა გააკეთოთ (სწორი ნაბიჯები):
მოუსმინეთ ყურადღებით და შეფასების გარეშე: მიეცით საუბრის საშუალება, არ შეაწყვეტინოთ და აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით.
პირდაპირ დასვით კითხვა სუიციდზე: არ შეგეშინდეთ მკაფიო კითხვის დასმა: „ფიქრობ თვითმკვლელობაზე?“ ან „გაქვს განზრახვა, რომ თავი მოიკლა?“. ეს კითხვა ადამიანს იდეას არ აძლევს, პირიქით შვებას ჰგვრის.
შეაფასეთ საფრთხის დონე: გაარკვიეთ, აქვს თუ არა მას კონკრეტული გეგმა, ზუსტი დრო ან საშუალება (მაგალითად, მედიკამენტები).
არ დატოვოთ მარტო: თუ მწვავე კრიზისია, არ გაუშვათ მარტო. იყავით მასთან ფიზიკურად, სთხოვეთ სხვა სანდო ადამიანს დახმარება ან არ გათიშოთ ტელეფონი.
მოაშორეთ საშიში საგნები: თუ შესაძლებელია, უსაფრთხოდ განარიდეთ ისეთ საგნებს, რომლებიც შეიძლება ზიანისთვის გამოიყენოს (ბასრი საგნები, მედიკამენტები).
დააკავშირეთ პროფესიონალებთან: ერთად დარეკეთ კრიზისულ ხაზებზე ან მიაცილეთ ფსიქოლოგთან / ფსიქიატრთან.
რა არ უნდა გააკეთოთ (აკრძალული ქმედებები):
არ შეინახოთ საიდუმლოდ: თუ გთხოვათ, რომ არავისთვის გეთქვათ, არ დაემორჩილოთ. სიცოცხლის გადარჩენა ნებისმიერ გაუთქმელობაზე უპირატესია (ჯობია გაბრაზებული ცოცხალი მეგობარი გყავდეთ).
არ დააკნინოთ მისი ტკივილი: მოერიდეთ ფრაზებს: „ყველაფერი გაივლის“, „ეგ სისულელეა“, „რა დროს ეგ არის“ ან „სხვებს უფრო უჭირთ“.
არ მისცეთ ცრუ და დაუსაბუთებელი იმედები: არ უთხრათ „ყველაფერი კარგად იქნება“, როცა ზუსტად არ იცით რა იქნება. სანამ რეალურ გამოსავალს არ იპოვით, ცრუ დაპირება მის პრობლემას ვერ მოხსნის.
არ გამოიყენოთ მორალისტური ტონი და შენიშვნები: არ უთხრათ: „როგორ შეგიძლია ამის ფიქრი, ოჯახზე მაინც იფიქრე!“. ეს იწვევს დამნაშავის განცდას და კიდევ უფრო ზრდის სუიციდის რისკს.
არ გამოიყენოთ გამოწვევის მეთოდი: არასდროს თქვათ: „აბა, თუ მაგარი ხარ, ქენი“ ან „მაინც ვერ გაბედავ“. ეს სიცოცხლისთვის საშიში და კატასტროფული შეცდომაა.
არ აიღოთ ფსიქოლოგის როლი: გახსოვდეთ, რომ თქვენ მეგობარი ხართ და არა ფსიქოთერაპევტი. თქვენი მიზანი მისი სამკურნალოდ მიყვანაა და არა მისი „განკურნება“ საკუთარი ძალებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბათუმში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს
⭕ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ბადრი ვადაჭკორიას - ოჯახის განცხადება