Digest Logo

რატომ არ ღირს შემოდგომაზე D ვიტამინის შემოწმება და რატომ იმატებს B12-ის დეფიციტი - ენდოკრინოლოგის რჩევები

1789757863
შოთა ჯანჯღავა

შემოდგომის დადგომასთან ერთად, მოსახლეობაში პროფილაქტიკური ლაბორატორიული კვლევების ჩატარების მოთხოვნა იმატებს. ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავა გადაცემაში „დილის LIVE“ განმარტავს, რომ სექტემბრის თვეში ყველა ვიტამინისა თუ ელემენტის რუტინული შემოწმება მიზანშეწონილი არ არის.

„D ვიტამინი და კალციუმი სექტემბრის ანალიზებიდან უნდა ამოვიღოთ, ზაფხულის სეზონის შემდეგ ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაცია ისედაც მაღალია. შესაბამისად, თუ პაციენტს სპეციფიკური სიმპტომები არ აღენიშნება, სექტემბერში D ვიტამინისა და მასთან დაკავშირებული კალციუმის რუტინული შემოწმება რეკომენდებული არ არის.

ზაფხულის შემდეგ იმატებს B12 ვიტამინის დეფიციტი D ვიტამინისგან განსხვავებით, ადრეულ შემოდგომაზე განსაკუთრებულ ყურადღებას B12 ვიტამინი მოითხოვს. ვინაიდან B12 ძირითადად წითელ ხორცში გვხვდება, ხარისხიანი კვებითი რაციონის შემცირების გამო ზაფხულის პერიოდში მისმა დეფიციტმა შესაძლოა იჩინოს თავი.

დეფიციტის ნიშნები: გაღიზიანებადობა, უენერგიობა, სისუსტე, მოთენთილობა, ემოციური ცვალებადობა და მეხსიერების გაუარესება. B12-ის თვითნებურად და პროფილაქტიკურად მიღება დაუშვებელია. აკნეს ან როზაცეას მქონე პაციენტებში ვიტამინის დაუნიშნავად მიღებამ შესაძლოა კანის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს“,- აღნიშნავს მედიკოსი.

ენდოკრინოლოგის რჩევებით, B12-ის დანაკლისის შესავსებად უმჯობესია რაციონში წითელი ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები ჩავრთოთ. ვიტამინს მცირე რაოდენობით თხილეული და ბანანიც შეიცავს. მედიკამენტური მკურნალობა კი მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტის შემდეგ უნდა დაიწყოს.