Digest Logo

🎥 როდის არის ასპირინი სიცოცხლის გადამრჩენელი და ვისთვის არის ის კატეგორიულად აკრძალული - კოტე თოდუას განმარტება

1786954479
კოტე თოდუა - ასპირინი

ძველი დროიდან მოყოლებული, კაცობრიობა სხვადასხვა ბუნებრივ საშუალებას იყენებდა მკურნალობისთვის, თუმცა ასპირინის, აცეტილსალიცილის მჟავის აღმოჩენა თანამედროვე ფარმაკოლოგიის დასაბამად და რევოლუციურ მომენტად მიიჩნევა. თავდაპირველად იგი ტირიფის ქერქიდან მიიღეს, მოგვიანებით კი 1897 წელს შეიქმნა პირველი სინთეზური, ზუსტად გაზომვადი და პროგნოზირებადი ქიმიური პრეპარატი. სწორედ მსგავსმა მედიკამენტებმა შეცვალეს მედიცინის ისტორია და საგრძნობლად გაზარდეს ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ საკუთარ არხზე დეტალურად განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს ასპირინი ორგანიზმზე, რა შემთხვევაშია ის სიცოცხლის გადამრჩენელი და რატომ მოითხოვს მისი გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

როდის არის ასპირინი შეუცვლელი?

„არსებობს კლინიკური მდგომარეობები, სადაც ასპირინის ეფექტურობა ოფიციალური გაიდლაინებითაა დადასტურებული: გულის შეტევა, მწვავე შეტევისას 300 მგ ასპირინის დაღეჭვა სიკვდილიანობის რისკს 23%-ით ამცირებს. ინფარქტგადატანილ პაციენტებში ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია (75-100 მგ დღეში) განმეორებითი შეტევის რისკს 25%-ით, ხოლო სიკვდილიანობას 10-12%-ით ამცირებს.
იშემიური ინსულტი და ტვინის ტრანზიტორული იშემია, გამოიყენება მხოლოდ ჰემორაგიული ინსულტის (სისხლჩაქცევის) გამორიცხვის შემდეგ. შაკიკი - 1 გრამი ასპირინი პაციენტთა 52%-ში სრულად ხსნის შაკიკის შეტევას, რაც სჯობნის ისეთ ალტერნატივებს, როგორებიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი. პერიფერიული არტერიული დაავადებები - ამცირებს სისხლძარღვების დახშობისა და სიკვდილიანობის რისკს (დაახლოებით 25%-ით).
მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია - 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაბალი დოზით (75-100 მგ) მიღება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. თუმცა, სისხლდენის საფრთხის გამო, ეს რეკომენდაცია ეხება მხოლოდ მაღალი რისკის (მაგ. გენეტიკური წინასწარგანწყობის) მქონე პირებს.

მთავარი რისკები და გვერდითი ეფექტები - მიუხედავად დადებითი თვისებებისა, ასპირინს სერიოზული უარყოფითი მხარეებიც აქვს: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და წყლული, ასპირინი 3-ჯერ ზრდის კუჭიდან სისხლდენის რისკს (შედარებისთვის: ნაპროქსენი ზრდის 2-ჯერ, იბუპროფენი — 1.5-ჯერ). იგი თრგუნავს კუჭის დამცავი ლორწოვანი ბარიერის წარმოქმნას. ხანგრძლივი მოქმედება, სისხლდენის გაზრდილი რისკი ნარჩუნდება მიღებიდან 7 დღის განმავლობაში. უარყოფითი გავლენა თირკმელებზე, თირკმლის სისხლის მიმოქცევას ამცირებს დაახლოებით 10%-ით. უსაფრთხოების წესები კუჭის დასაცავად, თუ ასპირინის მიღება აუცილებელია, რისკის 50%-ით შემცირება შესაძლებელია მისი საკვებთან ან რძესთან ერთად მიღებით, ხოლო პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან (მაგ. ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი) კომბინაციით სისხლდენის რისკი 80%-ით მცირდება.

როდის არ შეიძლება ასპირინის მიღება?

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.

ორსულობისას.

პროფილაქტიკისთვის ჯანმრთელ პირებში.

ჩვეულებრივი ტკივილისა და ცხელებისას - თავის, კბილის ან სახსრების ტკივილის დროს უპირატესობა ენიჭება უფრო უსაფრთხო ალტერნატივებს, პარაცეტამოლსა და იბუპროფენს.

სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (NSAID) კომბინაციაში: ასპირინის ერთდროული მიღება იბუპროფენთან ან ნაპროქსენთან მკვეთრად ზრდის კუჭიდან სისხლდენის საფრთხეს“,- აღნიშნავს კოტე თოდუა.

ამასთან თოდუა მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და ნუ მიიღებენ ასპირინს (მათ შორის დაბალდოზიან ფორმებს, როგორებიცაა კარდიომაგნილი ან კარდიოასპირინი) ექიმის დანიშნულების გარეშე.