ორთვიანი პაუზის შემდეგ „იუთუბის“ არხზე პოდკასტი „მაინდსეტი“ ახალი ეპიზოდით დაბრუნდა. რა ხდება ქალის ფსიქიკაში მშობიარობის შემდეგ? როდის არის ემოციური ცვლილებები ნორმალური და როდის საყურადღებო? როგორ ამოვიცნოთ დეპრესია, შფოთვა, OCD ან მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი? როგორ შეუძლია პარტნიორს რეალურად დახმარება? - აღნიშნულ საკითხებზე ამერიკაში მცხოვრები კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაზე ღიად და საინტერესოდ საუბრობს.
როგორც კლინიკური ფსიქოლოგი აღნიშნავს, საზოგადოებაში ხშირად არსებობს მცდარი სტერეოტიპი, თითქოს მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური სირთულეები „დასავლური მოგონილია“ ან უბრალოდ პრეტენზიაა. თუმცა, რეალურად ეს არის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ჰიპოკრატე წერდა.
„პოსტპარტუმი უბრალოდ რომ შევხედოთ ნიშნავს მშობიარობის შემდგომ პერიოდს, მაგრამ ფსიქოლოგიაში ამ ტერმინით გაცილებით დიდ რაღაცას აღვწერთ - აღვწერთ იმ ემოციურ, ჰორმონალურ და ფსიქოლოგიურ მიწისძვრას, რომელსაც ქალი გადის ბავშვის გაჩენის შემდეგ. ძალიან ხშირად გამიგია, რომ „აუ ამაზეც ლაპარაკია,“ „ეს ახალი შექმნილია, რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ამაზე“... ჯერ კიდევ ბერძენი ექიმი ეჯდა ახალ მშობიარე ქალს, რომელიც აღგზნებადობის გამო ვერ იძინებდა... ამ ექიმს ერქვა ჰიპოკრატე. მან აღნიშნა, რომ ის, რაც ამ ქალს ემართებოდა, რეალური იყო და ეს მშობიარობას უკავშირდებოდა. ამიტომ მოდი გავწყვიტოთ საერთოდ ამაზე საუბარი, რომ ეს ახალი მოგონილია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრაგედიამ საზოგადოება გააერთიანა და სისტემურ ცვლილებებზე დაიწყეს საუბარი. აი ეს მე საქართველოში ვერ დავინახე. მე კი დავინახე, რომ საქართველოში ათასობით დედა დღემდე სრულ მარტოობაშია. ისინი ამ ოთხ კედელში ებრძვიან შფოთვას და მთავარი მიზეზი ამის არის ის შიში, რომ ცუდ დედად არ იყვნენ მიღებული.
მინდა მივმართო დედებს და ქალებს საქართველოში, გახსოვდეთ, იმ დედებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ თავს კარგად ვერ გრძნობენ, მათ შიში ან განსჯა კი არ სჭირდებათ, არამედ დახმარება სჭირდებათ. ჩემი მიზანია გაგიზიაროთ ის, რაც სამყარომ მწარე გამოცდილებით ისწავლა, იმიტომ, რომ არცერთ დედას არ უნდა უწევდეს ამის მარტო სწავლა ან ამ გზის მარტოობაში გავლა.. ეს არ არის ვიწრო სპეციფიკური თემა. თითოეული ჩვენგანი იცნობს დედას... ის, თუ რა ემართება მას მშობიარობის შემდეგ, ეს არა მხოლოდ ბავშვს ეხება, არამედ ეს მთელ ქვეყანას ეხება. ეს პოლიტიკაზე დიდია, ეს რელიგიაზე დიდია - ეს ეხება იმას, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე“,- აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი.
პოსტპარტუმის „რუკა“: რა მდგომარეობებს გამოყოფს თანამედროვე ფსიქიატრია?
„Baby Blues {გარდამავალი ქარიშხალი}: ეხება ყოველ 10 დედიდან დაახლოებით ოთხს. იწყება მე-2, მე-3 დღეს - ახალ დედებს შეიძლება აეტიროთ წვრილმანებზე, ჰქონდეთ სირთულეები ძილთან, ასევე სიხარულისა და ცრემლების მონაცვლეობა. ეს ნორმალური რეაქციაა და თავისით გადის 2 კვირის განმავლობაში. თუ ამ პერიოდს გასცდა, ეს უკვე საგანგაშო სიგნალია.
მშობიარობის შემდგომი დეპრესია „სეზონი, რომელიც არ მთავრდება“: ეხება ყოველ მეშვიდე დედას. დედა კარგავს სიხარულის განცდის უნარს, მათ შორის შვილთან მიმართებაში, გრძნობს სრულ ემოციურ სიცარიელესა და უსარგებლობას. მკურნალობის გარეშე შეიძლება წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს.
მშობიარობის შემდგომი შფოთვა: ეხება ყოველ მეათე დედას. ეს არის მუდმივი განგაშის რეჟიმი, მაგალითად, ღამეში 10-ჯერ ბავშვის სუნთქვის შემოწმება, პანიკა, სახლიდან გასვლის შიში.
პერინატალური OCD, ანუ აკვიატებული აზრები: დედებს აშინებთ უსაფუძვლო, მტანჯველი აზრები მაგ., ბავშვისთვის ზიანის მიყენების შიში. კვლევებით, თითქმის ნახევარს აქვს მსგავსი ფიქრები, თუმცა რეალური აგრესია არასდროს ვლინდება, ეს მხოლოდ შფოთვის გამოვლინებაა.
მშობიარობის ტრავმა: ეხება დედების დაახლოებით 4%-ს, განსაკუთრებით გადაუდებელი ან გართულებული მშობიარობის შემდეგ.
მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, ყველაზე მძიმე და იშვიათი: ეხება 1-2 ქალს ყოველ 1 000 მშობიარობაზე. იწყება უეცრად პირველი ორი კვირის განმავლობაში (ჰალუცინაციები, მცდარი რწმენები, სრული უძილობა). ეს არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა, საჭიროა დაუყოვნებლივ 112-ში დარეკვა!
კარგი დედა არ არის ის დედა, რომელიც არასდროს იტანჯება. კარგი დედა არის ის, ვინც ზრუნავს საკუთარ თავზე, რათა შეძლოს, რომ იზრუნოს თავის შვილზე. დახმარების თხოვნა სიყვარულის ნაკლებობა არ არის, არამედ სიყვარულის გამოვლენაა. თქვენს შვილს არ სჭირდება სრულყოფილი დედა, თქვენს შვილს სჭირდება ჯანმრთელი, გაძლიერებული დედა“, - აღნიშნავს კლინიკური ფსიქოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: