მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილად იქცა.
გასტროენტეროლოგ თამარ გორგოშაძის განმარტებით, შემთხვევათა 80-85%-ში ეს პრობლემა არა ორგანულ დაავადებას, არამედ არასწორ კვებას, აჩქარებულ ცხოვრების წესსა და სტრესს უკავშირდება, ხოლო მხოლოდ 15-20%-შია გამოწვეული სტრუქტურული პათოლოგიებით.
რატომ იტანჯებიან ქალები ორჯერ უფრო ხშირად?
ექიმის თქმით, ქალებში შებერილობა პირდაპირ კავშირშია ჰორმონალურ ცვლილებებთან (მენსტრუალური ციკლი, ორსულობა, მენოპაუზა). პროგესტერონი ადუნებს ნაწლავის გლუვ კუნთებს, ანელებს მონელებას და იწვევს აირების დაგროვებას, ხოლო ესტროგენი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას. მამაკაცებში კი ჰორმონალური ფონი სტაბილურია და მათში პრობლემა ძირითადად კვებით ჩვევებს უკავშირდება.
კვების მანერა და ფარული მიზეზები
მეტეორიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწრაფი ჭამა, კვებისას საუბარი და საღეჭი რეზინის გამოყენებაა, რასაც ჰაერის გადაყლაპვამდე (აეროფაგია) მივყავართ. გარდა ამისა, ქრონიკული შებერილობის ხშირ და ფარულ მიზეზად ექიმი ასახელებს წვრილი ნაწლავის ბაქტერიული ჭარბი ზრდის სინდრომს (SIBO) — მდგომარეობას, როდესაც მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები პათოლოგიურად გადაინაცვლებენ წვრილ ნაწლავში და არღვევენ მონელების პროცესს.
რას გულისხმობს მუცლის შებერილობის სწორი პრევენცია და მართვა?
კვების კულტურის მოწესრიგება: იკვებეთ ნელა და მშვიდ გარემოში. ჭამის დროს ნუ იჩქარებთ და ნუ ისაუბრებთ, რათა თავიდან აიცილოთ ჭარბი ჰაერის გადაყლაპვა (აეროფაგია).
რაციონის კორექცია: შეამცირეთ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც აირწარმოქმნას უწყობს ხელს (გაზიანი სასმელები, საღეჭი რეზინი, ჭარბი ტკბილეული და მძიმედ გადასამუშავებელი ნახშირწყლები).
ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს აირების ბუნებრივ გამოსვლას.
სტრესის მართვა: ვინაიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა მჭიდროდ უკავშირდება ნერვულ სისტემას („მეორე ტვინს“), ემოციური ფონის დარეგულირება პირდაპირ აისახება ნაწლავების მუშაობაზე.
დროული დიაგნოსტირება: თუ შებერილობა განმეორებადია, მუდმივად შემაწუხებელია და კვების რაციონის ცვლილებას არ ექვემდებარება, აუცილებელია ექიმ-გასტროენტეროლოგთან დროული ვიზიტი მიზეზის დასადგენად.
მთავარი მითი მუცლის შებერილობის შესახებ
პაციენტებში ყველაზე გავრცელებული მითია მოსაზრება, თითქოს „მუცლის შებერილობა ყოველთვის კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადების ბრალია და მისი მოგვარება მხოლოდ მედიკამენტებით (ანტიბიოტიკებით, ფერმენტებით ან პრობიოტიკებით) არის შესაძლებელი“.
არ არსებობს „ჯადოსნური აბი“, რომელიც ამ პრობლემას ერთჯერადად მოხსნის. შემთხვევათა უმრავლესობაში შებერილობა ორგანული დაავადება კი არ არის, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესის, სტრესის დონისა და კვებითი ჩვევების სარკეა. მკურნალობა იწყება სწორედ ცხოვრების წესის ცვლილებით და არა უსისტემო თვითმკურნალობით.
წყარო: mkurnali.ge