ზაფხულის არდადეგების, გვიანი ღამეებისა და წვეულებების შემდეგ ბავშვებისთვის ძველ რეჟიმზე დაბრუნება მარტივი არ არის. თუმცა, ფსიქოლოგების თქმით, სკოლის დაწყებამდე ძილის გრაფიკის ეტაპობრივად დარეგულირება ბავშვების კონცენტრაციას, ენერგიასა და სწავლის უნარს მნიშვნელოვნად ეხმარება.
ისინი მშობლებს ურჩევენ, ბავშვების ძილის რეჟიმის შეცვლა სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი-ორი კვირით ადრე დაიწყონ და დაძინების დრო ყოველ საღამოს დაახლოებით 15–30 წუთით ადრე გადასწიონ.
ძილის საჭიროება ასაკის მიხედვით განსხვავდება:
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს - დაახლოებით 13 საათამდე ძილი სჭირდებათ;
სასკოლო ასაკის ბავშვებს - 9–12 საათი;
მოზარდებს - დაახლოებით 8–10 საათი.
ძილის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვებში გამოიწვიოს დღის განმავლობაში ძილიანობა, ენერგიის დაქვეითება, გაღიზიანება და გაკვეთილებზე კონცენტრაციის გაძნელება.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს რეჟიმის დაბრუნებაში?
მედიკოსების რეკომენდაციით, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე უმჯობესია ბავშვმა თავი აარიდოს მძიმე საკვებს, ხოლო ძილის წინ დაახლოებით ორი საათით ადრე შეზღუდოს ტელევიზორის, ტელეფონისა და სხვა ეკრანების გამოყენება.
ეკრანის ნაცვლად შეიძლება დამამშვიდებელი რუტინის შექმნა - მაგალითად, თბილი შხაპი, წიგნის კითხვა ან მშვიდი საუბარი.
ასევე მნიშვნელოვანია დილის ბუნებრივი სინათლე. გაღვიძების შემდეგ მზის სხივების მიღება - ფანჯარასთან ყოფნა ან გარეთ გასვლა - ორგანიზმს ეხმარება, დღის რეჟიმი უფრო სწრაფად „ჩართოს“.
ძილს მხოლოდ რეჟიმი არ არღვევს!
სკოლის დაწყებასთან დაკავშირებულმა შფოთვამაც შეიძლება ბავშვს დაძინებაში ხელი შეუშალოს. მაგალითად, ახალ სკოლაში წასვლის, მეგობრების პოვნის ან თანაკლასელებთან შეხვედრის შიშმა.
ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, შვილებს ესაუბრონ მათ შიშებსა და მოლოდინებზე და წინასწარ მოამზადონ შესაძლო სიტუაციებისთვის. მაგალითად, შეიძლება ერთად გაიარონ სკოლის ტერიტორია ან „ითამაშონ“ პირველი დღის სცენარი.
არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი ერთ დღეში დაუბრუნდეს ძველ რეჟიმს - მთავარია, ცვლილება თანდათან დაიწყოს და ყოველდღიურად შენარჩუნდეს.