
ადამიანი ჩვეულებრივ დღეში 60-დან 100 თმის ღერს კარგავს. რა უნდა ქნათ, თუ თმის ცვენა კატასტროფულად გახშირდა?
„დაიჯესტი“ გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტებს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ:
1. კონიაკის ნიღაბი
1 ს/კ კონიაკი, 4 ს/კ ხახვის წვენი და 6 ს/კ ოროვანდის ფესვების ნაყენი აურიეთ. ნარევი თმის ძირებში შეიზილეთ, თავზე პოლიეთილენის პაკეტი შემოიხვიეთ, ზემოდან კი პირსახოცი დაიფარეთ.
ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ.
2. ალოეს ნიღაბი
გააჩერეთ ალოეს ფოთლები მაცივარში 10-12 დღის განმავლობაში, შემდეგ გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეგიძლიათ არ ჩამოიბანოთ.
თმის ძლიერად ცვენის შემთხვევაში ეფექტურია მეორე ნიღაბიც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ალოეს წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ნივრის წვენი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. შეიზილეთ ნიღაბი თმებში და გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. თავი დაითბილეთ პოლიეთილენით ან პირსახოცით.
3. ნიღაბი კვერცხის გულითა და ზეითუნის ზეთით
2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ. თუ სქელი ნიღაბი გამოგივათ, ½ ჭიქა წყალი დაუმატეთ.
ნარევი თმის ძირებზე წაისვით და მასაჟური მოძრაობით კანში შეიზილეთ. ნიღაბი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
20-30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ. ბოლოს 1 ჭიქა წყლისა და 1 ს/კ ვაშლის ძმრის ნარევი გადაივლეთ.
4. ხახვის ნიღაბი
2 ს/კ ხახვი და 2 ს/კ დაჭყლეტილი ნიორი აურიეთ. ფაფა თავის კანზე შეიზილეთ, 1 საათში კი შამპუნით ჩამოიბანეთ. ხახვის სუნის გასაქრობად თავზე ვაშლის ძმარი გადაივლეთ.
5. პურის ნიღაბი
აიღეთ რამოდენიმე ნაჭერი ჭვავის პური და ჩაალბეთ ცხელ წყალში, სანამ მისგან არ მიიღებთ ფაფისებურ მასას. გააჩერეთ მიღებული პურის ფაფა ერთი საათი, გააგრილეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თმები პოლიეთილენის პარკით ან ქუდით, ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.