Digest Logo

„ციფრული სამყარო არ არის მტერი, ის უბრალოდ მოითხოვს სწორ მიდგომას“ - რას ნიშნავს გაჯეტების „ჭარბი გამოყენება“ და რას გვირჩევენ სპეციალისტები

1761025058
გაჯეტები და ბავშვები

თანამედროვე ბავშვობის განუყოფელ ნაწილად უკვე იქცა ეკრანები, ტელეფონები, პლანშეტები და ტელევიზორები, რომლებიც თითქოს ზრდასრულთა სამყაროსკენ აჩქარებენ პატარა ადამიანებს. თუმცა, რაც უფრო ადრეულ ასაკში ეჩვევა ბავშვი გაჯეტს, მით უფრო ძლიერია გავლენა მისი ყურადღების, ემოციური განვითარების და კომუნიკაციის უნარებზე. რამდენად უნდა შეიზღუდოს ეკრანთან გატარებული დრო და როგორ ვასწავლოთ მცირეწლოვნებს ციფრული სამყაროს სწორად გამოყენება — ეს დღეს მშობლების ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში „მშობელთა აკადემია“ წერს და მშობლებს სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს:

„გაჯეტების ზეგავლენა ბავშვებზე - როგორ მოვიქცეთ მშობლები?

დღეს ელექტრონული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ტელეფონები, პლანშეტები და კომპიუტერები ისე შეიჭრნენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე ყოფნა თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ რას აკეთებენ მშობლები ამ ციფრულ რეალობაში?

ვასწავლით თუ არა შვილებს სწორად და ზომიერად ცხოვრებას ციფრულ სამყაროში?

საკითხავი სწორედ ეს არის…

ვინ არის პასუხისმგებელი ბავშვების გაჯეტებთან დამოკიდებულებაზე?

ხშირად, როცა ბავშვს პრობლემა აქვს, მაგ: ყურადღების დეფიციტი, მოუსვენრობა ან სოციალური იზოლაცია, მშობლები პირველ რიგში ბავშვში ეძებენ მიზეზს, თუმცა, ხშირად პრობლემა ჩვენგან, მშობლებისგან იწყება.

თუ ჩვენ ვატარებთ საათებს ტელეფონში, ბავშვსაც იგივე მაგალითი ექნება. ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც ხედავენ და არა იმას, რასაც ვეუბნებით.

რას ნიშნავს „ჭარბი გამოყენება“?

სპეციალისტების რეკომენდაციით:

2 წლამდე - ეკრანთან დრო საერთოდ არ არის რეკომენდებული.

2-5 წელი - მაქსიმუმ 1 საათი დღეში, ზედამხედველობით.

6 წლიდან - უნდა არსებობდეს მკაფიო საზღვრები და ბალანსი სხვა აქტივობებთან (სწავლა, ფიზიკური აქტივობა, ძილი, ოჯახური დრო).

ეკრანზე გატარებული დრო 2 საათს არ უნდა აჭარბებდეს ყოველდღიურად.

ჭარბი გამოყენების შედეგები:

ყურადღების დეფიციტი;

ემოციური არასტაბილურობა;

ძილის პრობლემები;

კომუნიკაციის სირთულეები;

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;

რეალურ სამყაროსთან დისტანცირება.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც მშობლებმა?

იყავით კარგი მაგალითი. დააწესეთ პირადი ეკრანის დრო;

დააწესეთ წესები ეკრანზე ყოფნის შესახებ და ჩართეთ ბავშვიც ამ პროცესში;

წაახალისეთ სხვა აქტივობები: თამაში, კითხვის, ხელოვნების ან სპორტის სახით;

გამოიყენეთ ტექნოლოგია სწავლისთვის და არა მხოლოდ გართობისთვის.

ხშირად დაუსვით კითხვა: „რას უყურებ?", „რა გაიგე ამ თამაშიდან/ვიდეოდან?" ჩაერთეთ და არ აკრძალოთ.

ციფრული სამყარო არ არის მტერი, ის უბრალოდ მოითხოვს სწორ მიდგომას.

ბავშვების უსაფრთხო და დაბალანსებული განვითარება იწყება იმით, რომ ჩვენ, უფროსები, პირველები დავიწყებთ ზრუნვას საკუთარ ქცევებზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბნელი ძალაუფლების დროა, როდესაც ვარდება ბორკილები, რითაც ვაკავებთ ჩვენს შინაგან მხეცს, ეს არის ფატალური ნების გამოვლენის დრო“ - ნინა ხომერიკის ასტროპროგნოზი

„დიდხანს ჯდომა ტვინს „აპატარავებს“ და ზრდის ალცჰაიმერის რისკს“ - გიორგი ფხაკაძე კვლევის შედეგებს გვიზიარებს

21 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით