„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია,“– აცხადებს ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას და მთავარ სიმპტომებად მაღალ ტემპერატურას, თავისა და სახსრების ძლიერ ტკივილს, ასევე, მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ასახელებს.
„გრიპის ყველა ტიპის კლინიკური მიმდინარეობა მსგავსია – ახასიათებს მწვავე დასაწყისი, მაღალი ცხელება, შეიძლება თანდართული იყოს სახსრების, კუნთების ტკივილი.
დაავადების მიმდინარეობა გრძელდება 5 დღიდან 1 კვირამდე, თუმცა, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება 2-3 კვირაც დასჭირდეს. რისკჯგუფში არიან, ვისაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. რაც შეეხება დაავადების პრევენციას, ეს არის, პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, დახურული სივრცეების ხშირი განიავება“,– განუცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2“-ს.
ეპიდემიოლოგ მაკა ბულეიშვილის თქმით, სეზონური ვირუსების გამო, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია და მოსახლეობას, განსაკუთრებით, რისკჯგუფებს, სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მომართვიანობა მომატებულია. უნდა აღინიშნოს, რომ უფრო მეტად არის რისკჯგუფებში – ეს არის ასაკობრივი ჯგუფები და სხვადასხვა სახის ფონური და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.
ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მაღალი ციფრები.
თუკი ჩვენ აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, პრევენციული თვალსაზრისით, რათა დავიცვათ სხვაც, უნდა ვიყოთ იზოლაციაში,“ – აცხადებს ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: