Digest Logo

16 გასროლა და 7 მოხვედრილი ტყვია - კახი ასათიანი 55 წლის ასაკში მოკლეს

1613549278
კახი ასათიანი

კახი ასათიანი - ქართველი საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.

1968 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი. სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

 

2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა.

მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს 7 მოხვდა. ასათიანი ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...

მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე რამდენიმე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.

დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა, ასევე იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი, ავთო ჯორბენაძეც მივიდა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

კახი ასათიანის მკვლელობას საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილი ფეხბურთელი, 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში, ამიტომ მისი მოკვლა ცოტას თუ შეეძლო.

კახი ასათიანის მკვლელობას გამოძიება ოფიციალურ ვერსიად ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კახი ასათიანმა ავიაკომპანია „აირზენას“ აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, „აირზენას“ კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდა; გარდა ამისა, ის საქართველოში „მერსედესის“ წარმომადგენელი იყო.

იმხანად ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა.

ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, „აირზენას“ გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მოკვლა სცადეს - 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის 23:30 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, 39-ე კორპუსის სადარბაზოსთან გაიაშვილის მანქანას სამი ტყვია ესროლეს, აქედან ორი - საკონტროლო.
გაიაშვილი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ მანქანაში არ იყო. კილერის მსხვერპლი შეცდომით მისი დისწული, 27 წლის დათო ბახტაძე გახდა, რომელიც ბიძის მაგივრად მართავდა საჭეს.

2002 წლის 21 ნოემბერს (ასათიანის მკვლელობის მეორე დღეს) მოსკოვში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, ხმამაღალი განცხადება გააკეთა და ასათიანის მკვლელობაში პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაზე მიანიშნა (საუბარია შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანის ოჯახზე).

გარდა ამისა, კიტოვანი აცხადებდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი კახი ასათიანს ელაპარაკნენ "აირზენას" საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანი არ დათანხმდა.

როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, გაიაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებზე მიანიშნებდა, უნდა ითქვას, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება დიდხანს ცდილობდა ასათიანის მკვლელობა პატარკაციშვილისთვის დაეკავშირებინა (თუმცა 2002 წლს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალს მხოლოდ შევარდნაძეს სდებდა).

2003 წლის 29 იანვარს კახი ასათიანის მეუღლემ, ლუიზა თავართქილაძემ განაცხადა, თუ გამოძიება ორ კვირაში არ გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს, ის თავად დაასახელებდა მისი ქმრის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ.

გარდა ოფიციალური ვერსიისა, საზოგადოება მხარს უჭერს ასათიანის მკვლელობის მოტივის კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც შურისძიებას უკავშირდება - მაშინ სამართალდამცავები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ასათიანის მკვლელობა შეკვეთილი არ იყო, და არც მკვლელი გახლდათ პროფესიონალი (მან მსხვერპლს ესროლა ძალიან ახლო მანძილიდან და 16 გასროლიდან მხოლოდ 7 მოახვედრა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს თვითმხილველები ჰყავდა, მიმალვა არ უჩქარია, რაც პროფესიონალ მკვლელებს ნამდვილად არ ახასიათებთ).

გარდა ამისა, მკვლელი გატაცებული მანქანით მთელი დღე უკან დაჰყვებოდა ასათიანის მანქანას სროლისთვის ხელსაყრელი დროის მოლოდინში. ამგვარი რისკი კი მხოლოდ შურისმაძიებელ ადამიანს თუ შეეძლო...