„პოდკასტის წარმატების ფორმულა“-ს მორიგი ეპიზოდის სტუმარია AI, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი თორნიკე ბოლოკაძე. საუბარი შეეხო იმას, თუ სად ვართ დღეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების გზაზე, როგორ გამოვიყენოთ ის მაქსიმალურად ეფექტურად და რომელი სფეროები დგას ჩანაცვლების საფრთხის წინაშე.
- თორნიკე, მათთვის, ვინც პირველად გხედავს, როგორ გააცნობდი შენს თავს?
თორნიკე ბოლოკაძე: ყველაზე მოკრძალებულად რომ ვთქვა, ვარ ადამიანი, რომელიც იკვლევს ყველა საკითხს AI-სთან დაკავშირებით და ღრმად არის ამ პროცესში ჩართული. ძალიან მომწონს ეს თემა და გულით ვაკეთებ, სხვა არაფერიც რომ არ არსებობდეს, მაინც ამას გავაკეთებდი. გარდა კვლევისა, ძალიან მომწონს მიღებული ცოდნის გაზიარება სხვადასხვა ფორმითა და სოციალურ არხებში. მიხარია, თუ მცირედი წვლილი მაინც შემაქვს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში.
- მარტივი სიტყვებით რომ ავუხსნათ აუდიტორიას: რა არის ხელოვნური ინტელექტი
თორნიკე ბოლოკაძე: ყველაზე რთული სწორედ სერიოზული ტერმინების მარტივად განმარტებაა. AI არის უზარმაზარ მონაცემებზე დაფუძნებული, ალგორითმებითა და გამოთვლითი რესურსებით გამაგრებული ტექნოლოგია. ტრადიციული კომპიუტერული პროგრამისგან განსხვავებით, სადაც ყველაფერი წინასწარ გაწერილია: „თუ მოხდა A, გაკეთდეს B“, AI არის სტატისტიკური და ალბათური მოდელი. მონაცემების დამუშავების საფუძველზე ის ცდილობს ადამიანური გონებისა და აზროვნების კოპირებას, იღებს გადაწყვეტილებებს, ლოგიკურად მსჯელობს და შემოდის ჩვენთან კომუნიკაციაში.
- შენი აზრით, დღეს რამდენად „ჭკვიანია“ AI და განვითარების რა ეტაპზე ვართ?
თორნიკე ბოლოკაძე: საზოგადოებას სერიოზული ჰაიპისა და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა სჩვევია. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ AI-ს დღეს exact ადამიანის მსგავსი ინტელექტი აქვს. ჩემი შეფასებით, სანამ AI სრულად გაუტოლდება ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, შეცდომები და „ჰალუცინაციები“ მკვეთრად შემცირდა, ხოლო გენერირებული ტექსტის, ფოტოსა და ვიდეოს ხარისხი რადიკალურად გაუმჯობესდა.
- როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სარგებელი გამოვიტანოთ AI-დან?
თორნიკე ბოლოკაძე: ტრადიციულ პროგრამებს მაგალითად, Photoshop-ს აქვს „ვერტიკალური სირთულე“, რთული ინტერფეისი და უამრავი შიდა ფუნქცია. AI მოდელებს კი აქვს „ჰორიზონტალური სირთულე“, თვითონ ინტერფეისი მარტივია, მაგრამ ბაზარზე ათასობით სხვადასხვა მოდელი და ინსტრუმენტია.
✅ მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ზუსტად განსაზღვრეთ, რა გჭირდებათ: პრობლემა ხშირად ტექნოლოგია კი არა, ისაა, რომ ადამიანმა არ იცის, რა სჭირდება თავის სფეროში.
✅ ისწავლეთ AI-სთან სიღრმისეული დიალოგი, არ მოერიდოთ მასთან დეტალურ საუბარს. უთხარით თქვენი პროფესია, საჭიროებები და ბიუჯეტი, თავად ChatGPT, Gemini თუ Perplexity ნაბიჯ-ნაბიჯ გირჩევენ და შეგიდარებენ თქვენთვის ოპტიმალურ ინსტრუმენტებს.
- რომელი პროფესიები ან სფეროები დგას ჩანაცვლების საფრთხის წინაშე?
თორნიკე ბოლოკაძე: AI პოტენციურად ემუქრება თითქმის ყველა სფეროს, სადაც საქმე გვაქვს ნაკლოვან კომპეტენციასთან და დაბალ პროფესიონალიზმთან. თუ თანამშრომელი აკეთებს ისეთ საქმეს, რისი გაკეთებაც AI აგენტს 200$-ად და რამდენიმე წუთში შეუძლია, დამსაქმებელი აირჩევს აგენტს. დღეს ადამიანებს ჰყავთ ორი კონკურენტი, სხვა ადამიანები და AI აგენტები. ამიტომ, თითოეულმა დასაქმებულმა უნდა იპოვოს თავისი უნიკალური, ღრმა ადამიანური ხედვა და ნიშა, რომელსაც AI ვერ ჩაანაცვლებს.
- არსებობს თუ არა სფეროები, რომლებსაც კაცობრიობა AI-ს არ ჩააბარებს?
თორნიკე ბოლოკაძე: ჩემი აზრით, არის მიმართულებები, სადაც ადამიანის როლი მაინც ძირითადი დარჩება: ტოპ-მენეჯმენტი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები: კაცობრიობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას და პასუხისმგებლობას სრულად ტექნოლოგიას ვერ/არ გადააბარებს. რელიგიური, სპირიტუალური და ფსიქოლოგიური სფერო: სადაც გარდა ინფორმაციისა, გადამწყვეტია პირდაპირი ცოცხალი, ადამიანური კონტაქტი და ემპათია. ყოველდღიური ფიზიკური ინტერაქცია: მიუხედავად ტექნოლოგიური მზაობისა, ადამიანებს ფსიქოლოგიურად უჭირთ სახლში რკინის არსებებთან თანაცხოვრება. ჩატში წერა ერთი გამოცდილებაა, ხოლო ფიზიკურ სივრცეში რობოტის მიღება, ბევრად უფრო რთული ბარიერი.