Digest Logo

„არაფერი ხდება უმიზეზოდ, ყველა მოქმედება „ტალღას“ ქმნის“ - ვატო მსხილაძე კვანტურ გადასვლასა და სამყაროს 7 კანონზე

1777367854
ვატო მარმენიო

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე გლობალურ პროცესებს არა მისტიკური, არამედ წმინდა ფიზიკის თვალსაზრისით ხსნის. მისი თქმით, კაცობრიობა „კოსმიური ზამთრიდან“ გამოდის და მაღალი სიხშირეების ზონაში შედის, რაც ადამიანისგან „ბიოლოგიური აპარატის“ სრულ განახლებას მოითხოვს.

„ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, რაღაც მისტიკური "ჰოპლა-ჰიპლა" და ზღაპარი კი არა, სუფთა წყლის ფიზიკაა და მეტაფიზიკაა, ოღონდ ისეთი, სკოლაში რომ არ გვასწავლიდნენ. აი, ეს მაღალი სიხშირეები, მერწმუნე, იქ ისეთი დიაპაზონია, რიცხვებში რომ ვერ ჩაატევ, ვერც ერთი ციფრი ვერ აღწერს იმ გრადაციას, რაც იქ ხდება - ხუმრობა ნუ გგონიათ.

ეს არის მდგომარეობა, როცა შენი ცნობიერება "ტურბო" რეჟიმში გადადის, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამ" გვაქვს. თუ შენი ბიოლოგიური აპარატი, ანუ ეს ჩვენი ხორცი და ძვალი, შესაბამისად არ არის "დატიუნინგებული", ასეთმა მაღალმა სიხშირემ შეიძლება პირდაპირ დაგწვას. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე - რამდენჯერმე ისეთ ზღვარზე გავიარე, რომ ინფარქტი "კარს მიკაკუნებდა". და ახლაც ვერ ვარ ბოლომდე გასწორებული... იმიტომ, რომ როცა ასეთ ნატიფ და მძლავრ ენერგიას ატარებ, შენი ნერვული სისტემა ზეგამტარი უნდა იყოს. აი, აქ მოდის მთავარი პრინციპი: რაც უფრო ნაკლები წინაღობაა, მით მეტია გამტარობა.

თუ შიგნით "ნაგავი" გაქვს დაგროვილი, თუ კვება არ გივარგა და ფუნდამენტური ელემენტების ბალანსი დარღვეულია, ეს იმას ნიშნავს, რომ "წინაღობა" მაღალია - ორგანიზმი უბრალოდ ვერ უძლებს დატვირთვას, ვერ ატარებს იმ დენს, რომელიც მასში გადის. ეს იგივეა, ძველ "ჟიგულში" რაკეტის ძრავი ჩადგა - პირველივე გაზზე "დაიშლება", იმიტომ რომ "კაბელები" ვერ ატარებს იმ ძაბვას. ამიტომ, სისუფთავე და სწორი კვება აქ "დიეტა" კი არა, უსაფრთხოების ტექნიკაა, რომ ცოცხალი გადარჩე ამ კვანტური გადასვლისას. და როცა ეს "კაბელები" გაწმენდილია, როცა წინაღობა მინიმალურია, მაშინ ხდება საოცარი რამ - შენ იღებ პირდაპირ ცოდნას. ისეთ ცოდნას, ტერმინოლოგიურად რომ ვერ ახსნი, ვერც ერთი ენით ვერ გადმოსცემ, მაგრამ ზუსტად იცი, მთელი არსებით გრძნობ, რომ "აი, ასეა". ეს არ არის ფიქრი, არც ლოგიკა - არამედ "ჩამოტვირთვა", რომელიც გვერდს უვლის ტვინის ყველა ფილტრს.

ახლა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ამ ყველაფრის უკან იმალება ის, რასაც მე ვეძახი "დიდი შვიდეულის" ფუნდამენტურ კანონებს - სამყაროს შვიდი ძირითადი მექანიზმი, რომელთა გარეშეც ფაქტობრივად არაფერი ხდება.

მაგრამ აქ არის ნიუანსი, რომელსაც ბევრი ვერ იაზრებს: ამ შვიდიდან 3 არის უცვლელი, ანუ ის "აბსოლუტები", რომლებსაც ვერაფერი შეცვლის, ვერც შენ, ვერც მე, ვერც მთელი გალაქტიკა - ისინი უბრალოდ "არიან", ისევე როგორც გრავიტაცია. ხოლო 4 არის ცვლადი - ისინი "თამაშობენ", მოძრაობენ, იცვლებიან, და აი, სწორედ ამ ოთხშია ჩვენი "თავისუფალი ნება" ჩამალული, იქ ვაკეთებთ არჩევანს. (სამ-ოთხე)

უმაღლესმა ცნობიერებამ ისე ზუსტად გათვალა ყველაფერი, რომ ყოველ წამს, ყოველ მოვლენაში, ჩვენს ყოველ ამოსუნთქვაშიც კი ეს პრინციპები მუშაობს.

აი, პირველი უცვლელი - "გონი": ყველაფერი არის ცნობიერება. ეს ის "ოპერაციული სისტემაა", რომელზეც მთელი რეალობა "დარბის" - მატერია მხოლოდ მისი ჩამოსხმული, გამყარებული ფორმაა.

მეორე უცვლელი - "შესაბამისობა": რაც მაღლაა, ის დაბლაა; რაც შიგნითაა, ის გარეთაა.

ანუ, თუ გინდა გაიგო, რატომ "იშლება" ან რატომ "იწყობა" შენი ცხოვრება, სარკეში ჩაიხედე - იქაა ყველა პასუხი.

მესამე უცვლელი - "ვიბრაცია": არაფერი ისვენებს, ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი ჟღერს. ის მაღალი სიხშირეები, რაზეც ვლაპარაკობდით, მხოლოდ ნოტაა იმ უზარმაზარ სიმფონიაში, იმ გიგანტურ დიაპაზონში, სადაც შენი გულისცემაც, კუჭის მონელებაც, ფიქრის სისწრაფეც თუ ა.შ. - ეს ყველაფერი სიხშირეა.

ეს სამი "სამება" - აი, ეს არის "ძრავა", რომელსაც ვერ გაექცევი. ისინი უცვლელია.

ახლა კი, აი, სად იწყება "თამაში" - ოთხი ცვლადი, სადაც შენი ნება ერთვება.

"პოლარობა" ანუ "ქანქარა" - ყველაფერს აქვს ორი პოლუსი, ყველაფერი ორმაგია. იგივე ელექტროობა, რომელიც კლავს, კურნავს კიდეც - აი, აქ ირჩევ, რომელ მხარეს მიაბამ თავს.

"რიტმი" - ისევე, როგორც ღამე მოდის დღის მერე, ყველაფერი ისუნთქავს: აღმავლობა-დაღმავლობა. როცა ამას იაზრებ, აღარ "პანიკობ" ჩავარდნისას - იცი, რომ მალე ისევ აიწევი, ეს ცვლადია, ის "ბრუნავს".

"მიზეზი და შედეგი" - "შემთხვევითობა" უბრალოდ სიტყვაა იმისთვის, რომ ჩვენ ვერ ვიაზრებთ კოსმიურ მათემატიკას.

არაფერი ხდება უმიზეზოდ, ყველა მოქმედება "ტალღას" ქმნის.

მეოთხე ცვლადი - "სქესი", არა ვიწრო, ბიოლოგიური გაგებით, არამედ როგორც ორი საწყისი, ინი და იანი, რომლებიც მუდმივად ურთიერთქმედებენ. აი, ამ ოთხ ცვლადშია ჩვენი "თავისუფალი ნება" - იქ, სადაც "ქანაობ", სადაც "რიტმს" მიყვები ან ეწინააღმდეგები, სადაც "მიზეზს" ქმნი ან არღვევ, სადაც ინსა და იანს აბალანსებ.

საინტერესო ის არის, რომ ადამიანები, ვინც ამ მაღალი დიაპაზონის სიხშირეებს იჭერენ, ბევრს აღარ ლაპარაკობენ. აი, "ბაზარი არაა", სიტყვებს აზრი ეკარგება, როცა შენი ველი უკვე თავისით "ასწორებს" გარშემო ყველაფერს. ეს არის მუტაცია - შენ უბრალოდ შედიხარ ოთახში, "კაბელები" გაქვს ისეთი სუფთა, გამტარობა ისეთი მაღალი, რომ შენი ვიბრაცია, ის პირდაპირი ცოდნა, რომელსაც ვერ აღწერ მაგრამ ზუსტად იცი, სხვების სტრუქტურას ცვლის ყოველგვარი ზედმეტი ქადაგების გარეშე.

ეს არის იმ უცვლელი კანონის - "ვიბრაციის" - პირდაპირი შედეგი: ძლიერი, სუფთა, მაღალი გამტარობის მქონე სიხშირე ყოველთვის იმორჩილებს დაბალს, "ხმაურიანს", ისეთს, სადაც წინაღობა დიდია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ამ ინფორმაციის "დაჭერას", ამ პირდაპირი ცოდნის "ჩამოტვირთვას" თავისი წესები აქვს. მე, მაგალითად, მხოლოდ დილის ოთხი საათისკენ, იმ აბსოლუტურ სიბნელეში, იმ "ტაბულა-რაზასავით" სიმშვიდეში ვახერხებ რეალური "ფაილების" გადმოწერას.

იმიტომ, რომ ამ დროს გარე ქაოსი მაქსიმალურად დაწეულია, გარე "ხმაური" მინიმუმამდეა, ანუ წინაღობა ნულს უახლოვდება, და "სამყაროს დიდი ინტერნეტი" ყველაზე სუფთად მუშაობს. საკმარისია, ვინმემ ტელეფონზე დაგირეკოს, ან ტელევიზორმა დაიგრიალოს, ან თუნდაც წერისას ოდნავ "დაიძაბო" - გაიჭიმო იმის გამო, რომ "რა კარგად გამოვიდა" - და ვსიო, აი, ეს "წინაღობა" მომენტალურად წყვეტს კავშირს.

სრული მარტოობა... ისეთი გრძნობაა, თითქოს ხელში გენიალური იდეა გეჭირა, უკვე "გემოსებოდა" კიდეც, და წამში ისე აორთქლდა, რომ ნატამალიც აღარ გახსოვს. ეს ნატიფი ენერგიები ძალიან "პრეტენზიულია" - სულ მცირე დისონანსზე, სულ მცირე "ხახუნზეც" კი გარბიან, როგორც შეშინებული თევზები.

სამყაროში ყველაფერი ციკლურია - აი, აქ უბრუნდება "რიტმის" კანონი, ის ცვლადი, რომელიც მარადიულად "ბრუნავს". როგორც ჩვენთან არის სეზონები, ზაფხული და ზამთარი, ზუსტად ისეა კოსმიურ მასშტაბშიც. დიდხანს ვიყავით "კოსმიურ ზამთარში", სადაც ყველაფერს ეძინა - ინტელექტიც, სენსორული უნარებიც, ანუ "გამტარობა" იყო ძალიან დაბალი, "წინაღობა" კი - მაღალი. "ანტენები" გვქონდა ჯიბეში ჩაკეცილი დაჟანგული. ახლა კი "დათბობა" იწყება. აი, წარმოიდგინეთ პირობითად ცეცხლი: რაც უფრო ახლოს მიდიხარ, მით უფრო თბება, მაგრამ თუ "კაბელები" - ანუ შენი სხეულის, გონების, ემოციის ყველა მავთული - ვერ უძლებს, თუ წინაღობა ისევ მაღალია, მაშინ "თბება" კი არა, "იწვები" პირდაპირ.

ჩვენი მზის სისტემა ახლა ისეთ გალაქტიკურ ზონაში შედის, სადაც ეს "სითბო", ანუ ცნობიერების გაფართოების ენერგეტიკული ნაკადი, ის მაღალი სიხშირეების უზარმაზარი დიაპაზონი, გარდაუვალია. ეს არის ევოლუცია, ოღონდ ისეთი "აპდეითი", მილიონი წლის ისტორიას რომ აბრუნებს. და აი, აქ შეგვიძლია "სმარტფონის" ანალოგია მოვიყვანოთ, რომ მარტივად დავაკავშიროთ მიმდინარე მოვლენები...

წარმოიდგინე, რომ ადამიანი არის "დევაისი" - ანუ მოწყობილობა. ზოგიერთი ჩვენგანი ისევ იმ ძველი "სიმბიანის" ან "ძველი ანდროიდ"-ის მსგავსი ჩარჩა და ამ "ოპერაციული სისტემით" მოძრაობს. გარკვეული პერიოდი მიდის, "დეველოპერები" - ანუ ის უმაღლესი ცნობიერება, რომელმაც ის 3 უცვლელი კანონი დაადგინა - "უშვებენ" განახლებებს. მაგრამ დგება მომენტი, როცა ეს "განახლება" ისეთი მძიმე, ისეთი მაღალი სიხშირის ინფორმაციითაა დატვირთული, რომ ძველი "რკინა" - ანუ ეს ჩვენი ხორცი, ტვინის ბიოქიმია, ნერვული ქსელი, სადაც ჯერ კიდევ დიდი "წინაღობაა" - ვეღარ მიაყოლებს, ვეღარ იტარებს.

აი, ზუსტად ასეთი დაყოფის წინაშე ვდგავართ გლობალურად. ზოგიერთის "ოპერაციულმა სისტემამ" ვეღარ მიიღო ახალი "ფირმვერი განახლება" - ისინი რჩებიან ძველ ინტერფეისში. მეორენი კი არიან ის "პრემიუმ" მოწყობილობები, რომლებიც მუდმივად მუშაობდნენ საკუთარ თავზე, ასუფთავებდნენ "ქეშს" - ანუ ძველ ტრავმებს, ამცირებდნენ "წინაღობას" - აახლებდნენ "ბატარეას" - ანუ ენერგიის ამწეობას - და ახლა ისინი "არანორმალური სისწრაფით" გადიან ევოლუციას, ზუსტად იმიტომ რომ მათი "გამტარობა" მაღალია. ეს "დაყოფა" სასტიკი კი არა, ფიზიკის კანონია: ვისაც "რკინა" ვერ ქაჩავს, ის "ქარხნულ" პარამეტრებზე ბრუნდება, ხოლო ვინც "აწყობილია", ის იმ "თამაშში" შედის, სამყარო რომელსაც ამ წუთას "ვერ ხედავს".

და აი, რა არის "კაიფი": ეს ყველაფერი, სამყაროს მთელი ეს "დიდი სქემა" - 3 უცვლელი, 4 ცვლადი - ისევ შემოგვაბრუნებს იქ, საიდანაც ყველა ნამდვილი მოძღვრება იწყება: "შეიცან თავი შენი და შეიცნობ სამყაროს". რაც მაღლაა, ის დაბლაა; რაც შიგნითაა, ის გარეთაა.

თუ გინდა, რომ ამ "შვიდეულის" მუშაობის პრინციპებს ჩაწვდე, გარეთ "სირბილი" და "წყლის ნაყვა" უნდა შეწყვიტო.

ყველაფერი - მთელი ეს 7 კანონი, მთელი ეს "ტურბო რეჟიმი", მთელი ეს "პირდაპირი ცოდნა", რომელსაც ვერ ხსნი მაგრამ იცი - შენს ვიბრაციაშია, შენს რიტმშია, იმაში, რამდენად მცირეა შენი "წინაღობა" და რამდენად დიდია "გამტარობა". ბალანსი, აი, ზუსტად ის "ოქროს შუალედი" იმ 4 ცვლად კანონთან მიმართებაში - ეს არის მთელი ამ თამაშის გასაღები.

თუ შინაგანად დაწყობილი ხარ, თუ "სისტემის" ორივე პოლუსი - მამაკაცური, მდედრობითი, ინი, იანგი - შენში ჰარმონიულადაა, მაშინ ვიბრაცია ისე მაღალი გაქვს, ისეთი "გამტარი" ხარ, რომ წინააღმდეგობები "იწვება" შენს ველში. შენ ხდები ამ დიდი პროცესის შემოქმედი - ის, ვინც "ათამაშებს" იმ 4 ცვლადს 3 უცვლელის ფონზე - და არა უბრალოდ მსხვერპლი, რომელსაც მოვლენები "აქეთ-იქით ათრევს".

ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, მაგრამ ეს ისეთი "კაიფია", რომ ამისთვის "წვალება" - ის უძილო ღამეები, ის "დატიუნინგება", ის "წინაღობის" მოხსნა, ის "გარდამტეხ ზღვარზე" ინფარქტის კაკუნი - ნამდვილად ღირს.

მთავარია, "პრავოდკამ" - ანუ შენმა მიწიერმა, ბიოლოგიურმა სისტემამ - გაუძლოს, რადგან როცა "აპარატი" აითვისებს იმ ძაბვას, რომელსაც "უმაღლესი" გადმოგცემს, როცა "წინაღობა" მინიმუმამდე დადის, მაშინ დანარჩენი ყველაფერი - ის, რაც ახლა "გაუგებარი ფაილი" გგონია - თავისით "გაიასნდება" და შენ იმ პირდაპირ ცოდნაში შეხვალ, სადაც კითხვები აღარ არსებობს, რადგან "იცი".

აი, სწორედ მაშინ მიხვდები, რატომ იყო 3 უცვლელი და 4 ცვლადი კანონის "ჩაწვდომა" ის ერთადერთი ინსტრუქცია, რომელიც ნამდვილად "აფრენს" ადამიანს.