Digest Logo

„დამმარხეთ ღია კუბოთი“: ვლადიმერ კომაროვის უკანასკნელი პროტესტი სასიკვდილო მისიის წინააღმდეგ - 1967 წლის 24 აპრილი კოსმოსური ეპოქის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია

1777031956
ვლადიმერ კომაროვი

ვლადიმერ კომაროვის დაღუპვა კოსმონავტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და დრამატული ფურცელია. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსური მისიის დროს დაიღუპა.

შემთხვევა 1967 წლის 24 აპრილს მოხდა.

პრობლემური ხომალდი „სოიუზ-1“

კომაროვი კოსმოსში ახალი ხომალდით, „სოიუზ-1“-ით გაფრინდა. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი ამერიკასთან „კოსმოსურ რბოლაში“ იყო ჩაბმული და ხელმძღვანელობა ჩქარობდა. ხომალდი ბოლომდე გამოცდილი არ იყო - გაფრენამდე ჩატარებული სამივე უპილოტო ტესტი წარუმატებლად დასრულდა, თუმცა პოლიტიკური ზეწოლის გამო სტარტი მაინც დაიგეგმა.

გაუმართაობა ორბიტაზე - პრობლემები ორბიტაზე გასვლისთანავე დაიწყო: არ გაიხსნა ხომალდის ერთ-ერთი მზის ბატარეა, რის გამოც „სოიუზს“ ენერგია არ ჰყოფნიდა. მწყობრიდან გამოვიდა ორიენტირების სისტემა. კომაროვმა წარმოუდგენელი სიმშვიდე გამოიჩინა, ხომალდი ხელით მართვაზე გადაიყვანა და მოახერხა მისი დედამიწისკენ მიმართვა.

წარმოუდგენელი კატასტროფა დაშვებისას - ყველაზე დიდი ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა კომაროვმა ატმოსფეროს მკვრივი ფენები გაიარა და უკვე დაშვების ფინალურ ეტაპზე იყო, მთავარი პარაშუტი არ გაიხსნა.

კომაროვმა სათადარიგო პარაშუტი გამოიყენა, თუმცა ის მთავარი პარაშუტის ბაგირებში გაიხლართა და ვერ გაიშალა. ხომალდი დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით დაენარცხა მიწას ორენბურგის ოლქში. დარტყმის შედეგად ხომალდი აფეთქდა და მასში გაჩენილმა ხანძარმა კოსმონავტის ცხედარი ფაქტობრივად ფერფლად აქცია.

არსებობს მითი, თითქოს დაღუპვამდე რამდენიმე წამით ადრე კომაროვი ყვიროდა და წყევლიდა იმ ადამიანებს, ვინც ის გაუმართავი ხომალდით გაუშვა. თუმცა, ოფიციალური ჩანაწერები და სპეციალისტები ამას არ ადასტურებენ.

უფრო დეტალურად...

მისიის მიზანი ამბიციური და რთული იყო. გეგმის მიხედვით, ორბიტაზე ორი კოსმოსური ხომალდი უნდა გაეშვათ. პირველ ეტაპზე უნდა აფრენილიყო კოსმოსური ხომალდი „სოიუზ 1“, რომლის ბორტზეც ვლადიმერ კომაროვი იმყოფებოდა. მეორე დღეს კი მას „სოიუზ 2“ უნდა შეერთებოდა, რომელზეც დამატებით ორი ასტრონავტი იყო.

ორბიტაზე შეხვედრის შემდეგ კომაროვი ღია კოსმოსში გასვლით ერთი ხომალდიდან მეორეში უნდა გადასულიყო, ხოლო „სოიუზ 2“-ის ერთ-ერთი წევრი მის ადგილს დაიკავებდა. ამის შემდეგ კი ორივე ხომალდი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. გეგმის მიხედვით, ასეთი მანევრი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს წარმოაჩენდა და ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან პრესტიჟს მოუტანდა.

ისტორიკოსებს შორის ეს საკითხი კვლავ სადავოა, მაგრამ არსებობს თეორია, რომ ფრენის სერიოზული რისკები მისიის გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ნათელი იყო. იური გაგარინზე დაწერილი წიგნის, Starman-ის მიხედვით, ხომალდის ინსპექციისას მან და სხვა უფროსმა სპეციალისტებმა 203 სტრუქტურული და ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი პრობლემების შესახებ დეტალური ჩანაწერებიც არსებობდა, მაგრამ მისი უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გადაცემა ვერავინ გაბედა. საბჭოთა კავშირში მსგავსი პასუხისმგებლობის აღება კარიერულ და პირად საფრთხეებს უკავშირდებოდა.

Starman-ის ავტორების თქმით, რომლებმაც გაგარინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი KGB-ს აგენტი ვენიამინ რუსაევი გამოჰკითხეს, კომაროვის მეგობრები ცდილობდნენ ასტრონომი უარის თქმაზე დაეთანხმებინათ. მათი აზრით, ეს მისია სასიკვდილო რისკს შეიცავდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ რუსაევის მონათხრობი შეიძლება გადაჭარბებული იყოს.

თავად კომაროვმა კარგად იცოდა, რომ თუ იგი უარს იტყოდა მის ადგილს იური გაგარინი დაიკავებდა. მეგობრის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ის არ აპირებდა და რისკების მიუხედავად მისიაში მონაწილეობას დათანხმდა.

არსებობს ცნობები, რომ კომაროვს ერთგვარი სიმბოლური პროტესტიც კი ჰქონდა დაგეგმილი. მან ითხოვა, რომ მისიის ტრაგიკული დასასრულის შემთხვევაში ღია კუბოთი დაემარხათ. ეს იქნებოდა უხმო ბრალდება იმ სისტემის მიმართ, რომელმაც იგი პრაქტიკულად სასიკვდილო მისიაზე გაგზავნა. 

კომაროვის სურვილი მაინც შესრულდა - ფოტოები, სადაც საბჭოთა მაღალჩინოსნები კოსმონავტის დანახშირებულ ნეშტს დასცქერიან, ისტორიას შემორჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მტკიცებულება იმისა, თუ რა ფასი აქვს პოლიტიკურ სიჯიუტეს.

„სოიუზ 1“ ორბიტაზე წარმატებით გავიდა, მაგრამ პრობლემები თითქმის მაშინვე დაიწყო. ერთ-ერთი მზის პანელი არ გაიხსნა, რის შედეგადაც ხომალდს ენერგიის მწვავე დეფიციტი გაუჩნდა. ამას სხვა სისტემური გაუმართაობებიც მოჰყვა და მისიის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

დედამიწიდან ხომალდის დაშვების ბრძანება გაიცა, მაგრამ დაბრუნებისას კაფსულმა უკონტროლო ბრუნვა დაიწყო. ხომალდის რეგულირება შეუძლებელი გახდა და მისი სწორ პოზიციაში გაჩერება ვერ მოხერხდა. შედეგად, სადესანტო სისტემები ვერ ამოქმედდა და კაფსული მიწას პრაქტიკულად თავისუფალი ვარდნის სიჩქარით დაეჯახა.

Starman-ის მიხედვით, კომაროვის ბოლო სიტყვები თურქეთში განთავსებულმა ამერიკულმა რადიოსადგურებმა დააფიქსირა. ჩანაწერებში ისმის მისი აღელვებული ხმა: „ეს ეშმაკის ხომალდია! რასაც ხელს ვკიდებ არაფერი მუშაობს სწორად“. ამ ფრაზას გაბრაზებული და სასოწარკვეთილი შეძახილები მოჰყვება.

საბჭოთა ოფიციალური ტრანსკრიპტები, რომელთა სანდოობასაც მკვლევრები სკეპტიკურად უყურებენ, განსხვავებულ სურათს გვიხატავს. ამ ჩანაწერების მიხედვით, კომაროვის ბოლო სიტყვები იყო: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ყველაფერი რიგზეა. გმადლობთ ინფორმაციისთვის“.