Digest Logo

იუკიო მიშიმა - იაპონელი მწერალი, რომელმაც უნიკალური წიგნები დაუტოვა კაცობიობას, თუმცა ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა

1794987912
იოკიმო მიშიმა

იაპონელი მწერალი იუკიო მიშიმა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წინააღმდეგობრივი ავტორი იყო. მისი შემოქმედება, პოლიტიკური შეხედულებები, ცხოვრების უჩვეულო სტილი და დრამატული გარდაცვალება დღემდე ინტერესის საგანია. მიშიმა მხოლოდ ლიტერატურით არ ცხოვრობდა, ის ცდილობდა, საკუთარი იდეები და შეხედულებები რეალურ ცხოვრებაშიც განეხორციელებინა.

მიშიმა, რომლის ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკა იყო, იაპონურ ლიტერატურაში 1949 წელს რომანით „ნიღბის აღსარება“ გამოჩნდა. ნაწარმოებმა მას მალევე მოუტანა პოპულარობა. რომანში ავტორი ადამიანის შინაგან სამყაროს, იდენტობას, სურვილებსა და საზოგადოებასთან დაპირისპირებას აღწერს. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა სილამაზის, სხეულის, ძალისა და სიკვდილის ურთიერთკავშირი იყო.

მწერალი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი წინააღმდეგობრივი პიროვნებით. ერთი მხრივ, ის დახვეწილი ლიტერატურული სტილით გამოირჩეოდა, მეორე მხრივ კი, გატაცებული იყო ფიზიკური ვარჯიშით, სამურაის კულტურითა და იაპონიის ტრადიციული ღირებულებებით. ცხოვრების ბოლო წლებში მან მემარჯვენე სტუდენტებისგან „ფარის საზოგადოება“ შექმნა, რომლის წევრებსაც თავად წვრთნიდა.

1970 წლის 25 ნოემბერს მიშიმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ტოკიოს სამხედრო ბაზაზე შეიჭრა, მეთაური გაიტაცა და ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლა სცადა. ის იაპონიის იმპერატორისა და ქვეყნის ტრადიციული სამხედრო ღირებულებების აღდგენას მოითხოვდა, თუმცა მის მიმართ სამხედროების მხარდაჭერა არ გამოუხატავთ.

მოვლენების დასრულების შემდეგ 40 წლის მიშიმამ სეპუკუს რიტუალით სიცოცხლე დაასრულა {ეს არის უმძიმესი რიტუალი იაპონურ კულტურაში, როდესაც თვითმკვლელობას მოწმეც უნდა ჰყავდეს}. მისმა გარდაცვალებამ იაპონია და მსოფლიო ლიტერატურული საზოგადოება შოკში ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მის სიკვდილიდან მალევე, მისმა მენტორმა და მასწავლებელმა იასუნარი კავაბატამ ასევე სუიციდით დაამთავრა ცხოვრება.

იასუნარი კავაბატა იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც მიშიმას ნიჭი ადრეულ ასაკში შენიშნა, მხარი დაუჭირა მის ლიტერატურულ კარიერას და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის დამკვიდრებაში იაპონურ ლიტერატურაში.

იუკიო მიშიმას ცხოვრება დღემდე არაერთი ინტერპრეტაციის საგანია. ზოგი მის ქმედებას პოლიტიკურ პროტესტად მიიჩნევს, ზოგი კი – საკუთარი ცხოვრების ტრაგიკულ თეატრალიზაციად. მისი ნაწარმოებები კი კვლავ იკვლევს ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს, სილამაზის წარმავლობას, სიკვდილისა და ცხოვრების მნიშვნელობას.

იუკიო მიშიმას ნობელის პრემია სიცოცხლეში არ მიუღია, რადგან მაშინ მიიჩნევდნენ რომ ამ პრიზისთვის საკმაოდ ახალგაზრდა იყო, თუმცა შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც განვითარდა და ნობელის კომიტეტსაც სამართლიანად აქვს დღემდე გულისწყვეტა.

გიზიარებთ მწერლის ნაშრომებს, რომელიც ქართველი მკითხველისთვის „სულაკაურის“ წიგნის მაღაზიებში ხელმისაწვდომია:

✕