Digest Logo

„მწერდნენ - „აქამდე რატომ არ ჩააბარეო“ - გაიცანით 5 შვილის დედა, რომელმაც ერთ წელში სკოლაც დაამთავრა და უნივერსიტეტშიც ჩაირიცხა

1694005437
ნინო ეგნატაშვილი

29 წლის ნინო ეგნატაშვილი 5 შვილის - ბადრის (11 წლის), მედეას (9 წლის), ნიას (7 წლის) დაჩის (4 წლის) და თამარის (1 წელი და 8 თვე) დედიკოა. გარდა იმ გმირობისა, რასაც მრავალშვილიანობა ჰქვია, მან ცოტა ხნის წინ ცხოვრების ურთულესი პერიოდი გამოიარა. ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ახალგაზრდა ქალმა 29 წლის ასაკში აიღო სკოლის ატესტატი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის კურსზე ჩაირიცხა.  სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწავლის საფასურის ნახევარს „თავდაცვის სამინისტრო“ დაუფინანსებს. თუ რატომ, ამას სტატიის კითხვის დროს გაიგებთ.

ნინომ, რომელიც 16 წლის ასაკში დაოჯახდა, შვილებთან ერთად „აიდგა ფეხი“, მათთან ერთად ისწავლა, განვითარდა, თამამად იბრძოლა ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე, ეცადა ფეხზე მყარად დამდგარიყო, რადგან შვილებისთვის სამაგალითო დედა ყოფილიყო, კრიტიკული და პესიმისტური აზრების გაზიარების მიუხედავად, თავისი ოცნება და სურვილები აიხდინა. მიზნის მიღწევის გზაზე, სამწუხაროდ მან რამდენიმე ახლობელიც დაკარგა, ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებდნენ და მისი წარმატების არ სჯეროდათ.

ახლა „დაიჯესტს“ ის სიხარულით უზიარებს ამბავს, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და საზოგადოება აალაპარაკა. 

გაეცანით 29 წლის ქალის ინტერვიუს, რომელსაც სწავლაზე უარის თქმა 16 წლის ასაკში მოუწია, რის შემდეგაც შეისწავლა პროფესია, რომელიც სამომავლოდ არც ისე წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. 

„სკოლა ვერ დავამთავრე. პროფესია მაქვს, მასაჟისტი ვარ, თუმცა ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე, მას შემდეგ ვარ დიასახლისი. ისეთ სამსახურში რომ დავიწყე მუშაობა, სადაც მხოლოდ მე უნდა გამომემუშავებინა თანხა, ბავშვების ცუდად გახდომის პერიოდში მიწევდა სახლში დაჯდომა.

ძალიან მინდოდა უმაღლესში ჩაბარება, მაგრამ რადგან ატესტატი არ მქონდა, ეს შეუძლებელი იყო. შარშან ზაფხულს ჩემთვის ვფიქრობდი, ხმამაღლა არ ვამბობდი ჩაბარებაზე, იქამდე სანამ სკოლიდან თანხმობა არ მივიღე ატესტატის თაობაზე. ჩემი შვილებიც იმ სკოლაში დადიან, სადაც მე ავიღე წელს ატესტატი. საქმეთა მმართველს მოვუყევი ჩემი მდგომარეობა, დაინტერესდნენ და გააგებინეს დირექტორს. მას რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ექსტერნად ჩაბარება მომიწევდა და უფრო გავწვალდებოდი, ვერც უნივერსიტეტში მოვხვდებოდი“, - ამბობს ნინო ეგნატაშვილი.ეცადეთ 2 წუთით თავი ნინოს ადგილას დააყენოთ. წარმოიდგინეთ, 29 წლის ხართ, გყავთ 5 შვილი და დაგვიანებით აიღეთ სკოლის ატესტატი, რადგან ჩააბაროთ უნივერსიტეტში. ამ დროს თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი ნეგატიურადაა განწყობილი თქვენი გადაწყვეტილების მიმართ, გამუდმებით გეუბნებიან, რომ მრავალშვილიანობასთან ერთად სწავლა და უნივერსიტეტში სიარული არ გამოვა. რას გააკეთებდით? 

ნინომ ყველას აზრი დააიგნორირა, ფიქრობდა მხოლოდ ერთზე, მისი ოცნება ექცია რეალობად და გარშემომყოფებისთვის დაენახვებინა, რომ შეუძლებელი არაფერია.

„როცა დადებითი პასუხი გავიგე, მოვედი ოჯახში და ვთქვი, გაუხარდათ და გაოცდნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ დაიღლები, ვერ შეძლებ, ერთი ამხანაგი მაგის გამო დავკარგე კიდეც, მეუბნებოდა ბავშვებისთვის მიმეხედა. წარმოუდგენლად მიაჩნდათ 5 შვილით როგორ უნდა მესწავლა, ჯერ ისინი უნდა წამეყვანა სკოლაში, წრეებზეც დამყავს, მთელი დღე ვზივარ მანქანაში და ბავშვებს აქეთ-იქით ვატარებ, სახლში ძალიან ცოტა დროის გატარება მიწევს და ამიტომ არ ეგონათ, რომ მე ხელში წიგნებს დავიჭერდი და ვისწავლიდი. მე არავინ მყოლია ისეთი, ვისგანაც დავინახავდი და სტიმულს მივიღებდი, რომ  ჩემს ასაკში, 5 შვილით ჩააბარა, სწავლა დაიწყო. პირიქით, ვიღაცები ამბობდნენ, ვერ გააკეთებს. მე მინდა დავანახვო ხალხს, რომ მთავარია ადამიანის მონდომება“, - იხსენებს აწ უკვე სტუდენტი.

12 წელი წიგნისგან ძალიან შორს მყოფი დიასახლისი, ადგა და ცხოვრება აბიტურიენტების მსგავსად დაიწყო, იმ განსხვავებით, რომ სწავლისთვის დრო მინიმალური ჰქონდა და თან მხოლოდ ღამის საათებში.

ჰქონდა ფსიქოლოგიური მომენტი, როცა იფიქრა, რომ საქმე რთულად იყო, თუმცა თავის თავში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. 

„საღამოს, ბავშვებს რომ ვაძინებდი, მაშინ იწყებოდა ჩემი ღამის გათენება. ვკითხულობდი ნაწარმოებებს, ბოლო 5 თვე ვემზადებოდი რეპეტიტორებთან, რადგან ბოლო 12 წელი საერთოდ წიგნი არ ამიღია ხელში. მათთან ონლაინ ვემზადებოდი, კვირაში 2 დღე. თავიდან გული ვერ დავუდე, ვკითხულობდი, მაგრამ გადაჩვეული ვიყავი. ამან 2 კვირას გასტანა, შეჩვევის პერიოდი იყო, შემდეგ არ შემეძლო უქმად დაჯდომა. როცა წიგნი ხელში არ მეჭირა, მეგონა, რომ რაღაცას ვაშავებდი. მასწავლებლებისგან რასაც ვიგებდი, ეგეც არ მკმაროდა, გავწევრიანდი აბიტურიენტების ჯგუფებში და რაც კი ინფორმაცია იდებოდა, რაც ჩემთვის გამოსადეგი იქნებოდა, ყველაფერს ვეძებდი და ვსწავლობდი“, - უყვება ნინო „დაიჯესტს“.

5-თვიანი შრომის შემდეგ დადგა დრო გამოცდაზე გასულიყო და თავისი ცოდნა ყველასთვის დაემტკიცებინა. 29 წლის ქალი იხსენებს, რომ ბოლო გამოცდაზე თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოდან პირდაპირ საგამოცდო ცენტრში მივიდა, რადგან შვილები ცუდად ჰყავდა და მათ მარტო ვერ ტოვებდა.

„ბოლო გამოცდაზე რომ გავედი, საგამოცდო ცენტრში პირდაპირ საავადმყოფოდან მივედი. მთელი ერთი კვირა ბავშვები თბილისის საავადმყოფოში იწვნენ და ღამეებს ვათენებდი. მიუხედავად ამისა, გამოცდა არ ჩავაგდე და მაინც წავედი. 

ჩემი მიზანია იმ დედებს, ქალებს გავაგებინო და ვუთხრა, რომ თავიანთ სურვილებზე არასოდეს თქვან უარი და არ დაუჯერონ სხვებს. მე რომ დამეჯერებინა რამდენიმე ადამიანისთვის, ჩემი ოცნებაც ვერ ასრულდებოდა. ვარ ძალიან აქტიური ყველა მხრივ, ბავშვების წასვლა, ექსკურსიები, თანხის აგროვება, მასწავლებლების დახმარება, ვცდილობ ყველგან ვიყო. კი ვიღლები, თან ძალიან, ფსიქოლოგიური მომენტებიც მაქვს, მაგრამ ჩემი შვილები იმხელა ძალას მაძლევენ, რომ ყველაფერი მავიწყდება“.

ნინომ სექტემბერში სასიხარულო ამბავი გაიგო, მან თავისი სურვილის რეალობად გადაქცევა შეძლო და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. როგორც თავად გვიყვება, წარმატება ოჯახთან ერთად აღნიშნა.

„ვისაც ბევრი შვილი არ ჰყოლია, არ იცის ეს რა გრძნობაა. ჩემს შვილებს ჩემზე მეტად გაუხარდათ ჩემი სტუდენტობის ამბავი. რომ გავიგე, რომ ჩავირიცხე, ყველანი ერთად ვყვიროდით. ჩემი შვილებისთვის დიდი სტიმული ვარ. 

ყველა კარგად შეხვდა ამ ამბავს, თუმცა თითო-ოროლა მაინც გამოერია, ვინც წერდა - „საცოდავი შენი ქმარი“, „სად გეჩქარებოდა“, „აქამდე რატომ არ ჩააბარე“, თუმცა მაგ ხალხის გამო უფრო მეტს გავაკეთებ და გამოვჩნდები“.29 წლის ქალის წარმატებაში დიდი წვლილი მის მეუღლეს მიუძღვის, რომელიც სამხედრო სამსახურში მუშაობს და ქვეყნის წინაშე დადებულ პირობას პირნათლად ასრულებს.  სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ნინო სწავლის საფასურის 50%-ს გადაიხდის, დარჩენილს კი „თავდაცვის სამინისტრო“ დაუფინანსებს.

მინდა, რომ ჩემი შვილები სამშობლოს გამოადგნენ, ჩემი მეუღლე სამხედრო პირია. წლების განმავლობაში სულ სამსახურში იყო, ვერანაირად მეხმარებოდა. ჩემი მეუღლე ფსიქოლოგიურად ძალიან მყარი ადამიანია, არასდროს უთქვამს ჩემთვის - შენ ამას ვერ შეძლებ, პირიქით, ექსტრემალურ სიტუაციებში დამირეკავს და მითქვამს, გეხვეწები მოდი, დამეხმარე, სულ მეუბნებოდა შენ ამას შეძლებ. ყოველთვის მხარს მიბამდა და ჩემი წარმატება მისი დამსახურებაცაა“.„არ არსებობს გასაჭირი, რომელშიც უფალი ძალას არ მოგცემს მის გადასალახად. რაც არ უნდა დიდი იყოს ეს გასაჭირი“, - ეუბნება ნინო „დაიჯესტს“ და ქალებს თავის გულწრფელ რჩევას უზიარებს. 

„მთავარია, გული გქონდეთ სუფთა, სხვისი წარმატება უნდა უხაროდეთ. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ჩემს გზას ადგას. წიგნი არ მქონდა, გორში ვერსად ვიშოვე, თბილისში ვერ მივდიოდი, არც არავინ მყავდა რომ გამოეგზავნათ და ამ დროს გამოჩნდა ერთი სრულიად უცხო, კეთილი ადამიანი, რომელმაც თავად ჩამომიტანა გორში ეს წიგნი. გამოვიჩინოთ სიკეთე, ამით ჩვენი ქვეყანა და ერი გადარჩება, ჩვენი შვილებიც კარგ გარემოში გაიზრდებიან“.

29 წლის ქალის სამომავლო მიზანი და სურვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობაა.

„მინდა ვიმუშაო სახელმწიფო, საჯარო სამსახურში, სადაც წესიერი პირობები იქნება, სადაც შევძლებ მუშაობასთან ერთად გავზარდო შვილები. არაფერი მოაკლდეთ მათ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ავად გამიხდებიან“, - ამბობს ნინო.

რედაქცია ნინო ეგნატაშვილს წარმატებას და ოცნებების ასრულებას უსურვებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მე ჩამოვრჩი რამე მოვლენებს თუ რატო არ მოსწონს და შოკშია ყველა ამ ამბით“ - რას წერს რუსკა ქარქაშაძე

🎥 გავრცელდა კადრები, როგორ აკავებენ ქართველებს ესპანეთში - დამნაშავეებს შორის არიან „კანონიერი ქურდები“

დათი ქოქრაშვილის უსაყვარლესი ვიდეო - „ძალიან დააბნია კონსულტანტი“