Digest Logo

„ნუ წავალთ რევოლუციების გზით: აგრესიასა და სიძულვილზე აშენებულ სამყაროს მორიგი აგრესია ანგრევს“ - მამა გურამ ოთხოზორია

1774527692
გურამ ოთხოზორია

„მეორედ მოსვლას რომ ველოდებით, ქრისტე ციდან კი არ მოვა?! იმ სიყვარულს, რაც იესომ დათესა ჩვენს გულებში, უნდა შეესხას ხორცი. ეს უნდა მოხდეს, თორემ სიტყვა სიტყვად დარჩება. იქნებ ეს მისია აქვს საქართველოს?! ქრისტეს მეორედ მოსვლაა, რომ მიწას განაგებდეს ქრისტესმიერი სიყვარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, აუცილებლად გვჭირდებოდა იდეოლოგია და ეს იყო მართლმადიდებლობა“, - ამის შესახებ დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია)  ჟურნალ „თბილისელებთან“  საუბრობს.

იგი ახალგაზრდებს მოუწოდებს, იარონ ეკლესიაში და გული მარტივად არ გაიტეხონ, ასევე როგორც მამა გურამი ამბობს აგრესიასა და სიძულვილზე აშენებულ სამყაროს მორიგი აგრესია ანგრევს.

„ამიტომ დიდმა და პატარამ მართლმადიდებლობა ავიტაცეთ, როგორც დროშა, იდეოლოგია, მაგრამ ქრისტიანობა ხომ არ არის იმის დაფიქსირება, რომ ნაზიარები ხარ?!

თან, ზიარება ხომ იმას ნიშნავს, რომ ეზიარე ქრისტეს, ანუ უკვე ქრისტე ხარ?!

მაგრამ სად არის ქრისტე ჩემში?!

სად არის ქრისტესმიერი ნათელი ჩემში?!

მოკლედ, 90-იანებში ეს პათოსი იყო და ახლა უკვე ის დრო მოვიდა, რომ მონათლულთა და მაზიარებელთა რაოდენობებს კი არ უნდა ვითვლიდეთ, არამედ ცნობიერებით, სიცოცხლის სიჭარბით უნდა ვმოქმედებდეთ: დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა.

აი, ესაა ჩვენი გადარჩენა და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ეს პროცესები იწყება. ამიტომ ვურჩევ ყველას და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებიც ათეიზმში მირბიან, იმიტომ რომ შეიძლება, ვერ ნახა ეკლესიაში ის, მას რომ წარმოედგინა, ისეთი მღვდელი და სულიერება, არ გაებუტონ ღმერთს, არადა ერთგვარ ტრენდად იქცა, თქვან, ათეისტები ვართო. თითქოს დაიზეპირეს ეს ფრაზა. მე მესმის მათი, იმიტომ რომ, როდესაც სიმართლეს ეძებ და სიყალბეს დაინახავ, ამის ალტერნატივაა, რომ მაშინ არ გინდა რწმენა. ამიტომ მე ვურჩევ ახალგაზრდებს, რომ გული ასე ადვილად არ გაიტეხონ და გარეგნულს არ უყურონ, არამედ ეძებონ... ეკლესიაში ყოველთვის იყო ბრძოლა ზედაპირულ მსახურებასა და შინაგანში. ქრისტეს დროსაც ასე იყო და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ამბობს ქრისტე, ეძებეთ და იპოვითო. ესე იგი, ადვილად ნუ დაბრკოლდებით, ეძებეთ და იპოვით ჯერ პატარ-პატარა ნატეხებს, შემდეგ ეს ნელ-ნელა გაიზრდება და, როგორც ახლა დაიხევს უკან ზამთრის ნარჩენები და გაზაფხული მოვა, ასევე, ახალი სიცოცხლე აღმოცენდება იმ ძველიდან.

ნუ წავალთ რევოლუციების გზით: აგრესიასა და სიძულვილზე აშენებულ სამყაროს მორიგი აგრესია ანგრევს, არ გვინდა ეს გზა, თუმცა ქრისტეც რევოლუციონერი იყო, ანუ მეამბოხე, ოღონდ შინაგანი რევოლუციონერი. ჯვარზე თავის თავზე იღებს კაცობრიობის ცოდვებს; თავად მაღლდება განპირობებულობაზე, ცოდვებზე, როგორ სხეულშიც ის იყო და სჯერა დიდი სიცოცხლის.

აი, ეს არის რწმენა და ჯვარცმა.

ქრისტე მარტო რჩება, მოწაფეებმაც კი უღალატეს, ხალხი ყვირის, დასცინის, მწიგნობრებიც, ფარისევლებიც, პილატეს ინსტიტუტი, მაგრამ მაინც ერთგულია!

რისი ერთგულია?!

სჯერა ღვთაებრიობის და სიკეთის გამარჯვების, თუნდაც, თავის თავში. აი, ეს გადაარჩინა! ეს არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე: საკუთარი ნათლით გაანათო ეს ბნელი და არა ის, რომ ბნელს გარედან ებრძოლო“, - ამბობს მამა გურამ ოთხოზორია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირშია ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან? - ეს უნდა იცოდეთ!

⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”

⭕„აიღეთ თქვენი საყვარელი ჭიქა და ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე მასშტაბური მიზანი“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

წყარო: tbiliselebi.ge