კრუასანებიდან და სოუსებიდან დაწყებული, კრეპებითა და კუინ ამანით დამთავრებული - ფრანგული სამზარეულო კარაქის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ახლა კი პარიზში ამ საყვარელ პროდუქტს საკუთარი ბუტიკიც აქვს.
საფრანგეთის დედაქალაქში, მარსის მინდვრიდან და ეიფელის კოშკიდან რამდენიმე ნაბიჯში, Le Butter Shop გაიხსნა მაღაზია, რომელიც მთლიანად კარაქს ეძღვნება.
ბუტიკში მომხმარებლებს დაახლოებით 30 სახეობის კარაქი დახვდებათ. პროდუქცია ბრეტანში, ლუარის ველსა და ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე მცირე საოჯახო მეურნეობებისგან არის მოწოდებული.
არჩევანი საკმაოდ უჩვეულოა: ტრადიციულ სახეობებთან ერთად მაღაზიაში იყიდება შალოტის, წიწაკის, ზღვის წყალმცენარეების, ველური ნივრის, ლიმონისა და მწვანე წიწაკის არომატიზებული კარაქი.
ტკბილი გემოების მოყვარულებისთვის კი არსებობს ვანილის, ჟოლოს, მარწყვისა და შოკოლადის კარაქიც.
კარაქი ღვინის მსგავსად უნდა დააგემოვნოთ
მაღაზიის მფლობელი ერვან ლეო კარაქს უბრალოდ პურზე წასასმელ პროდუქტად არ აღიქვამს. ის მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახეობის კარაქი ღვინის მსგავსად უნდა დაგემოვნდეს.
„კოვზს იღებ, კარაქს ენაზე ისვამ, ოდნავ დნობას აცდი და შემდეგ არომატები ერთმანეთის მიყოლებით იწყებს გაშლას“, - ამბობს ის.
მომხმარებლებს კარაქის შეძენამდე მისი დაგემოვნებაც შეუძლიათ. არჩევანი 10-გრამიანი მცირე პორციებიდან ერთკილოგრამიან ნაჭრებამდე მერყეობს.
ლეოს თქმით, განსაკუთრებით მოულოდნელად აღიქვამენ სტუმრები შოკოლადისა და ჟოლოს კარაქს. თუმცა, როგორც კი აგემოვნებენ, მათი რეაქცია ხშირად ასეთია: „ვაუ, ეს საოცარია“.
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ერთი ადამიანი საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 8 კილოგრამ კარაქს მოიხმარს.
ბუტიკის მფლობელი ამბობს, რომ მისი მომწოდებლები კარაქს მაღალი ცხიმიანობის მქონე შერჩეული ძროხების რძისგან ამზადებენ. მისი თქმით, ცხიმიანობის დამატებითი 2-3 პროცენტული პუნქტიც კი საბოლოო გემოზე შესამჩნევ გავლენას ახდენს.
მაღაზიამ გახსნისთანავე სოციალურ ქსელებში დიდი ყურადღება მიიპყრო და უკვე ოთხი ადამიანიც დაასაქმა.
„ადამიანების უმეტესობა ერთი ან ორი სახეობის გასასინჯად მოდის, მაგრამ საბოლოოდ 25-ს აგემოვნებს - უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო“, - ამბობს ლეო.
და ექსპერიმენტები აქ არ მთავრდება. მაღაზიაში უკვე ფიქრობენ კრუასანის არომატის კარაქის, შემდეგ კი შესაძლოა იის არომატის კარაქის შექმნაზეც.
„აქ საზღვრები არ არსებობს“, - ამბობს ბუტიკის მფლობელი.
Le Butter Shop პარიზში, ბუშუტის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს, ეიფელის კოშკთან ახლოს.
