Digest Logo

პლანეტა მერკურს შესაძლოა, 18 კილომეტრამდე სისქის ბრილიანტის ფენა გააჩნდეს - ახალი კვლევა

1722524067
პლანეტა მერკურ

ახალი კვლევის თანახმად, მზის სისტემის პლანეტა მერკურის ერთ-ერთი ფენა შესაძლოა, 18 კილომეტრამდე სისქის ბრილიანტისაგან შედგებოდეს.

როგორც CNN კვლევის ავტორებზე დაყრდნობით წერს, ბრილიანტის ფორმირება შესაძლოა მას შემდეგ დაწყებულიყო, რაც 4.5 მილიარდი წლის წინ, მერკური, მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში, პლანეტად იქცა მტვრისა და გაზის მბრუნავი ღრუბლისგან.

როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, იმ პერიოდში, ახალგაზრდა პლანეტას ჰქონდა გრაფიტის ქერქი, რომელიც ღრმა მაგის ოკეანეში ცურავდა.

მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტისთვის მსგავსი მხურვალე გარემო შექმნა მოწყობილობის გამოყენებით, რომელსაც გრდემლის პრესი ჰქვია და რომელიც ჩვეულებისამებრ, იმის დასადგენად გამოიყენება, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა სახის მასალებზე მაღალი წნევა და აგრეთვე, სწორედ ამ მოწყობილობის საშუალებით ხდება სინთეტიკური ბრილიანტების წარმოებაც.

„ეს უზარმაზარი წნეხია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პაწაწინა ნიმუშები ისეთივე მაღალ ტემპერატურასა და ზეწოლაში გავატაროთ, როგორიც ჩვენი გათვლებით, შესაძლოა მერკურის მანტიის შიგნით მივიღოთ, პლანეტის შუა გარსის გამდნარი, გავარვარებული ქანებისა და ბირთვის საზღვარზე“, - ამბობს ბელგიის Liège-ს უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და კვლევის თანაავტორი ბერნარ შარლი.

ამასთან, მეცნიერის ვარაუდით, ბრილიანტის ფენის სისქე, რაც 15-იდან 18 კილომეტრამდე განიხილება, შესაძლოა შეიცვალოს, რადგან მერკურის ბირთვი კვლავაც განაგრძობს გაციებას და შესაბამისად, მასში ბრილიანტის ფორმირების პროცესიც გრძელდება.

როგორ მივიდნენ მეცნიერები დასკვნამდე, რომ მერკურის სიღრმეში შესაძლოა ბრილიანტი იყოს ჩამალული?

მეცნიერთა ჯგუფმა, გრაფიტის კაფსულში ისეთი ელემენტების სინთეტიკური ნარევი მოათავსა, როგორებიცაა სილიკონი, ტიტანი, მაგნიუმი და ალუმინი და ამით, მერკურის ადრეული დღეების თეორიული შიგთავსის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ კი, მკვლევრებმა კაფსულიზე თითქმის 70 000-ჯერ მეტი ზეწოლა მოახდინეს, ვიდრე დედამიწის ზედაპირზე და ტემპერატურა 2000 გრადუს ცელსიუსამდე გაზარდეს, რაც იმ პირობებს ასახავს, რომელიც სავარაუდოდ, მერკურის ბირთვში წარმოიქმნა მილიარდობით წლის წინ.

მას შემდეგ, რაც სინჯი დადნა, მეცნიერებმა ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლეს მასში არსებული ქიმიური და მინერალების ცვლილებები და დაადგინეს, რომ გრაფიტი ბრილიანტის კრისტალებად გადაიქცა.

მკვლევრების თქმით, ამ მექანიზმს შეუძლია, მეტი ინფორმაცია მოგვცეს არა მხოლოდ მერკურის ზედაპირის ქვეშ დამალული საიდუმლოების შესახებ, არამედ, პლანეტების ევოლუციასა და მსგავსი თვისებების მქონე ეგზოპლანეტების შიდა სტრუქტურაშიც გაგვარკვიოს.

ცნობისთვის, მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა და აგრეთვე, ის ზომით ყველაზე პატარაა მზის სისტემის 8 პლანეტას შორის. ამასთან, მერკურს სხვა პლანეტებს შორის, ყველაზე ექსცენტრიკული ორბიტა გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ილია სულამანიძე ფინალშია!

„თავისი გაკეთებული საქმეებით იყო ქვეყნის დიდი პატრიოტი, რაც მისი ცხოვრების კრედო იყო“ - ამირან გამყრელიძე თენგიზ ცერცვაძეს ემშვიდობება

ქეთა თოფურიას მესამე შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მომღერალმა ჩვილს