ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ცნობთ, იგი ბოლო დროს ავადმყოფობდა.
კოლეგისა და მეგობრის გარდაცვალებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილით ეხმაურება.
„დღეს ჩვენმა თენგიზმაც დაგვტოვა, ძალზე სამწუხაროა ეს ყველაფერი ...
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი, დიდი ექიმი მკურნალი, საერთაშორისო აღიარების მეცნიერი, ქვეყანაში ახალი დარგის ფუძემდებელი, მისი განვითარების ხელშემწყობი საუკეთესო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით. იგი იყო არა მარტო ინფექციონისტი და აივ/შიდსისა და ჰეპატიტებების უმაღლესი რანგის სპეციალისტი, არამედ ძალიან ფართო ხედვების მქონე ექიმი, რომელიც წარმატებით ახორციელებდა ურთულესი დაავადებების დიაგნოსტირებას და პაციენტების სწორ დაკვალიანებას.
დიდია თენგიზის წვლილი საქართველოში მედიცინის და ჯანდაცვითი მეცნიერების განვითარებაში, მისი მიღწევების საერთაშორისო აღიარებასა და საზღვრებს გარეთ ქვეყნის წარმოჩენაში. თავისი გაკეთებული საქმეებით იყო ქვეყნის დიდი პატრიოტი, რაც მისი ცხოვრების კრედო იყო, როგორც მთელი სიცოცხლე - მისი პროფესია, საქმე და დარგი იყო უპირველესი. თავის საყვარელ მეუღლე ანასთან ერთად მუდამ ხალხზე მზრუნველი და ყველას გვერდში მდგომი.
თენგიზი სტუდენტობიდან მოყოლებული, იყო ჩემთვის ძვირფასი მეგობარი, ერთად მოფიქრალი და დამაშვრალი ქვეყნის, დარგისა და კოლეგების უკეთესი მომავლისთვის.
ვუსამძიმრებ ანასა და შენს დიდ კოლექტივს ამ აუნაზღაურებელ დანაკარგს ჩემო თენგიზ.
დარწმუნებული ვარ მოსწავლეები და დიდი გუნდი შენს დატოვებულ საქმეებს ღირსეულად გააგრძელებენ ქვეყნისა და დარგის საკეთილდღეოდ.
მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა შენთვის!“,- წერს ამირან გამყრელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქეთა თოფურიას მესამე შვილი შეეძინა - ცნობილია რა დაარქვა მომღერალმა ჩვილს
⭕ როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ლაშა ბექაურს გამარჯვება - ნახეთ რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთელი