Digest Logo

🎥 „პრობლემა მაშინ დაიწყება, როცა AI-ს ჩვენზე მეტი მოქმედების შესაძლებლობა ექნება, ჩვენ კი ნაკლები კონტროლი“: გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის დამფუძნებელი AI-ის საფრთხეებზე

1792056522
გაეროში ექსპერტი

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - შეძლებს თუ არა ადამიანი მომავალში მის კონტროლს? გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჰააგაში, ირაკლი ბერიძე, „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ საუბრობს იმ შესაძლო საფრთხეებზე, რომლებიც AI-ის სწრაფ განვითარებას ახლავს თან. მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რამდენად ინტელექტუალური გახდება ხელოვნური ინტელექტი, არამედ ისიც, ექნება თუ არა მას ადამიანზე მეტი მოქმედების შესაძლებლობა და რამდენად შევძლებთ მის მართვას.

ბერიძე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან რისკს გამოყოფს. ერთ-ერთი მათგანია კონტროლის დაკარგვის ჰიპოთეტური სცენარი, როდესაც შესაძლოა შეიქმნას ადამიანზე გაცილებით ძლიერი სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება, თუმცა მისი მიზნები ადამიანების ინტერესებს არ დაემთხვევა.

სპეციალისტის განმარტებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად ბოროტი იქნება - საფრთხე შეიძლება მის მიერ დასახული მიზნებისა და მათი მიღწევის გზების შეუთავსებლობაში მდგომარეობდეს.

მეორე მნიშვნელოვანი რისკი ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებაა.

ბერიძის თქმით, AI-ს შეუძლია გააძლიეროს კიბერშეტევების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებმაც შესაძლოა მასშტაბური ზიანი გამოიწვიოს, მათ შორის ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების მიმართულებით.

როგორ შეიძლება ადამიანმა AI-ზე კონტროლი დაკარგოს?

ბერიძის განმარტებით, კონტროლის დაკარგვის რისკი მაშინ იზრდება, როდესაც ადამიანმა ხელოვნურ ინტელექტს დამოუკიდებელი მოქმედების უფრო ფართო შესაძლებლობები გადასცა და მის საქმიანობაზე ზედამხედველობა შეამცირა.

„პრობლემა მხოლოდ ის კი არ იქნება, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ჩვენზე ჭკვიანი გახდეს. პრობლემა მაშინ გახდება, როდესაც მას უკვე ჩვენზე მეტი მოქმედების შესაძლებლობა ექნება, ჩვენ კი ნაკლები კონტროლი მასზე“, - განმარტავს ირაკლი ბერიძე.

ბერიძის განმარტებით, ხელოვნურ ინტელექტს უკვე დღეს შეუძლია ზოგიერთი რთული ამოცანის შესრულება ადამიანის მუდმივი ზედამხედველობის გარეშე. სამომავლოდ კი განიხილება სცენარები, როდესაც ასეთი სისტემები საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და უფრო ძლიერი სისტემების შექმნასაც შეძლებენ.

ვინ აკონტროლებს ხელოვნურ ინტელექტს?

ბერიძის თქმით, დღეს ყველაზე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებაში წამყვანი როლი კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-სა და ჩინეთშია თავმოყრილი.

სახელმწიფოებსაც აქვთ საკუთარი AI-პროექტები, თუმცა დარგის ექსპერტების შეფასებით, შესაძლებლობების მხრივ ისინი წამყვან კერძო კომპანიებს ჯერ ვერ უტოლდებიან.

„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების მექანიზმებისა და რეგულაციების შემუშავება. აუცილებელია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მანამდე დაიწყოს, სანამ შესაძლო პრობლემები ფართომასშტაბიან ზიანს გამოიწვევს. საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც, რადგან ხელოვნური ინტელექტის რისკები ერთი ქვეყნის საზღვრებით არ შემოიფარგლება. გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ტექნოლოგიის განვითარება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მისი შესაძლებლობები ადამიანების ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემსახურებოდეს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ ეგზისტენციალურ საფრთხეებზე მეცნიერებს შორის სრული თანხმობა არ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რეალური და უკვე არსებული რისკები განვასხვაოთ ჰიპოთეტური სცენარებისგან, თუმცა ამ უკანასკნელთა შეფასებაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს“,- ამბობს ბერიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕