იუთუბის პოდკასტში -„უეჭველი ქართველია“ სტუმრად მაია კვესელავა იმყოფებოდა, რომელმაც პირად ცხოვრებაზე, ემიგრაციასა და ცხოვრების რთულ პერიოდზე პირველად ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, არ უყვარს საჯარო სივრცეში ოჯახური თემების განხილვა, თუმცა განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია თავისი ყოფილი მეუღლე გია სურამელაშვილი - იმისთვის, რომ ჰყავს შვილი, ოჯახი და შვილიშვილები.
„დავიბადე თბილისში, შემდეგ დედ-მამა დაშორდნენ და მერე გადავედით მე და დედა ქობულეთში, სადაც დავამთავრე სკოლა. შემდეგ კრასნოდარში ჩავაბარე უნივერსიტეტში - ვარ ფრანგული ენა და ლიტერატურის პედაგოგი. შემდეგ დავოჯახდი, გამიჩნდა შვილი. ჩემი პროფესიით არასოდეს არ მიმუშავია, რადგან გია ამბობდა სულ, რომ დედა უნდა იყოს შვილთანო. გია ძალიან კარგი მამა იყო. 22 წლის ვიყავი მე და გია იყო 18 წლის, როცა დავოჯახდით. გია მაშინ ცხადია, ცნობილი არ იყო. ქორწინება სპონტანურად მოხდა, მალევე გია ჯარში წაიყვანეს, თუმცა რადგან შვილი შეგვეძინა მალევე გაათავისუფლეს. შემდეგ აირია ურთიერთობა და მარტო დავიწყე ცხოვრება.
ნუგო დაიბადა 1988 წელს, როდესაც საქართველოში ჭირდა ძალიან. გადავწყვიტეთ მოსკოვში წასვლა, დედა და ნუგოც მოგვიანებით წავიყვანე. თუმცა დედის თხოვნით, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოშივე დავბრუნდით ყველა, მას შემდეგ წელიწად-ნახევარი იცოცხლა დედამ. მისი დაკარგვა უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ის იყო ჩემი დედაც, მამაც, და, ძმაც და მეგობარიც. 35 წლის ვიყავი ამ დროს, შემდეგ დავიწყე მოლარედ მუშაობა, ამის მერე იყო საბავშვო ბაღში მუშაობა. გავიდა წლები და ჩემმა შვილმა და რძალმა ერთ დღეს გამომიცხადეს ემიგრაციაში მივდივართო. წავიდნენ შვედეთში, მაშინ უვიზო არ ჰქონდა საქართველოს. კი დამწყდა გული, მაგრამ როდესაც უკვე უვიზო მიმოსვლა შემოიღეს საქართველოსთვის, სიურპრიზად მეც დაადექი სტოკჰოლმში მათ.
ამის მერე, იყო ემიგრაცია ისრაელში, მერე შვედეთში და ძირითადად დალაგებებზე ვიყავი, რადგან ქართველებს სხვა პერსპექტივა ისედაც არ აქვთ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა შვილებმა რომ ამერიკაში წამოვსულიყავით. 4 წელია აქ ვარ და ვმუშაობ ბაბუასთან ოჯახში, ოდესელი ებრაელები არიან და ამაში ძალიან გამიმართლა. დილიდან საღამომდე იქ ვარ, მაგრამ 24-საათიან რეჟიმში ვერ ვიმუშავებ, რადგან ადამიანს სჭირდება თავისი სივრცე.
მიყვარს ეს ხმაური, რიტმში ცხოვრება, ლომი ვარ ზოდიაქოთი და არის ამაშიც ლოგიკა. საქართველოში ბინას ვიშენებ და როგორც კი ჩაჰბარდება, დავბრუნდები. საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გიას შემდეგ არასოდეს არ ვყოფილვარ დაქორწინებული, არც მიფიქრია ამაზე. მეორედ შეცდომას არ დავუშვებ, ახლა 61 წლის ვარ და კარგია თავისუფლად ცხოვრება, შენი უფროსი როცა არავინ არ არის.
რაც იყო, იყო. წარსულზე ვერ ვიდარდებ და მომავალს კიდევ ვერ განჭვრეტ. მადლიერი ვარ უფლის და ჩემი ცხოვრების, ჩემი დღევანდელი დღის“, - ჰყვება მაია სურამელაშვილი-კვესელავა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:



