Digest Logo

🎥 რას უნდა ველოდოთ, თუ მზეზე ძლიერი აფეთქება მოხდება: „ბოლოს ძლიერი ამოფრქვევა 2012 წელს მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწისკენ არ წამოსულა“ - რას ჰყვება ბიძინა ჩარგეიშვილი

1789026930
ბიძინა ჩარგეიშვილი

მზის აქტივობის პიკთან ერთად, ასტროფიზიკოსები შესაძლო მძლავრი აფეთქებებისა და კორონალური მასის ამოფრქვევის რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მეცნიერთა განმარტებით, დედამიწისკენ მომართულმა სუპერ-ანთებამ შესაძლოა არა მხოლოდ ულამაზესი პოლარული ციალი, არამედ გლობალური ტექნოლოგიური კოლაფსი, ელექტროგადამცემი ქსელების მწყობრიდან გამოსვლა და თანამგზავრული კავშირების სრული პარალიზება გამოიწვიოს.

აღნიშნულ საკითხებზე „ჯაფარას პოდკასტში“ ასტროფიზიკოსმა, აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა, ბიძინა ჩარგეიშვილმა ისაუბრა:

მზიდან მომავალი საფრთხეები

ბიძინა ჩარგეიშვილი: „არის შემთხვევები, როდესაც მზის გარკვეული მასები მარყუჟებზეა ჩამოკიდებული. ამ მარყუჟს მასა ქვემოდან ამოაქვს, რომელიც ზემოთ ცივდება, გაციებული მასა კი გარშემო არსებულ გარემოზე მძიმე ხდება და გრავიტაციით ისევ მზისკენ ჩასვლას ცდილობს. ამას კორონულ მასას უწოდებენ.

როდესაც მასა არამდგრადი ხდება, ეს კონფიგურაცია იშლება, მაგნიტური ველი იხსნება და პლაზმა იტყორცნება — ზოგჯერ დედამიწის მიმართულებითაც. თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწის მაგნიტური ველი ამისგან გვიცავს.

მასშტაბით ეს პლაზმა შეიძლება ევერესტს შევადაროთ. სწორედ ამიტომ, ასეთი პლაზმები პოლუსებიდან შემოდიან, რასაც ნათება მოჰყვება და ცაზე პოლარულ ციალს ვხედავთ.

ეს ხშირი მოვლენა არ არის. ბოლოს ძლიერი ამოფრქვევა 2012 წელს მოხდა, თუმცა, საბედნიეროდ, დედამიწისკენ არ წამოსულა. ამ პროცესების პროგნოზირება შესაძლებელია, რადგან ასეთ მოვლენებს გარკვეული წინამორბედი ნიშნები აქვს. მეცნიერები ითვლიან სტატისტიკასა და აფეთქებების ალბათობას. ჯერჯერობით საგანგაშო არაფერი შეინიშნება და ინფორმაციის შეგროვება მიმდინარეობს. მსგავსი საფრთხისას პირველ რიგში აეროპორტები უნდა გაფრთხილდნენ და ფრენები შეზღუდონ.

როდესაც ამოფრქვევა ხდება, ჩვენ ამას ისედაც ვხედავთ. მზიდან წამოსულ სინათლეს დედამიწამდე მოსასვლელად დაახლოებით 8 წუთი სჭირდება, ხოლო დამუხტულ ნაწილაკებს - საათები ან დღეებიც კი. შესაბამისად, მზეზე ამოფრქვევის მოხდენის შემთხვევაში, საფრთხის შესახებ რამდენიმე საათით ადრე მაინც შევიტყობთ“.

კოსმოსური მასშტაბები

ბიძინა ჩარგეიშვილი: „სინათლეს, რომელსაც ახლა ვხედავთ, შესაძლოა რამდენიმე ასეული ათასი ან მილიონი წლის წინაც კი შეიქმნა, რადგან ფოტონებს მზის ბირთვიდან ზედაპირამდე ამოსაღწევად კოლოსალური დრო სჭირდება. შესაბამისად, ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, შესაძლოა თავისი პირვანდელი სახით უკვე აღარც არსებობს.“

„ხელოვნური მზე“ (ბირთვული სინთეზის რეაქტორი)

ბიძინა ჩარგეიშვილი: „დღეს მასშტაბური კვლევები მიმდინარეობს იმისათვის, რომ დედამიწაზე მართვადი თერმობირთვული რეაქცია მივიღოთ - ანუ, ფაქტობრივად, საკუთარი, „ხელოვნური მზე“ შევქმნათ.

მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევინარჩუნოთ და დავიჭიროთ პლაზმური არამდგრადობები. პლაზმის დაკავება და მასში წნევის გაზრდა ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა აქ თერმობირთვული აფეთქების საფრთხეც არსებობს, რადგან ძლიერი მაგნიტური ველის სტაბილურად ჭერა ძალიან რთულია.

მზეზე ეს ყველაფერი ბუნებრივად, თავისთავად ხდება, ჩვენ კი ამ პროცესებს ვაკვირდებით და ვსწავლობთ, რომ იგივე დედამიწაზეც გავიმეოროთ“.

მზე და კატაკლიზმები

ბიძინა ჩარგეიშვილი: „მზის ამოფრქვევები იმდენად სტიქიური და უმართავია, რომ მსგავს დროს ადამიანს მხოლოდ თავის შეფარება და გადარჩენაზე ფიქრი თუ შეუძლია. თუმცა, გლობალური კატაკლიზმების რეალური საფრთხე არ არსებობს - ასეთი რაღაცები უცებ არ ხდება.

მზე, იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა იმყოფება, საკმაოდ სტაბილურია. ის ბევრი რამით არ განსხვავდება თავისი ტიპის სხვა ვარსკვლავებისგან, თუმცა სიცოცხლის ძალიან დიდი ხანგრძლივობა აქვს.“

კოსმოსური მტვრისგან შექმნილი ადამიანი

ბიძინა ჩარგეიშვილი: „შეიქმნა მეტეორიტების შემსწავლელი კომიტეტი. საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად ჯერ არცერთი მეტეორიტი არ არის ნაპოვნი, თუმცა ჩვენ ვიწყებთ ამ საკითხის აქტიურ შესწავლას.

ერთ-ერთ ჩვენს კოლეგას გაუჩნდა საინტერესო იდეა: ქვა-ღორღსა და ველ-მინდვრებში ძებნას, ჯობია მეტეორიტული წარმოშობის ექსპონატები მუზეუმებში ვეძებოთ. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სვანეთის მუზეუმია - არსებობს მოლოდინი, რომ იქ დაცული უძველესი ნივთები ან საბრძოლო/სამუშაო იარაღები სწორედ მეტეორიტული რკინისგან იყოს დამზადებული.

კოსმოსური წარმოშობის ნივთიერებებსა და შენადნობებს დედამიწის ზედაპირზე ანალოგი არ მოეპოვებათ. მოგეხსენებათ, დედამიწა თავის დროზე კოსმოსური მტვრისა და ნაწილაკებისგან წარმოიქმნა, თუმცა მისი გეოლოგიური ევოლუციის გამო, ასეთი სპეციფიკური ქიმიური ნაერთები ბუნებრივად დედამიწაზე ვეღარ წარმოიშობა“.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე იშვიათი და ძვირფასი საჩუქარი ამქვეყნად არის ადამიანი...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ საქართველოს 17 - წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ბაქოში ორჯერ დაამარცხა

⭕ ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა