Digest Logo

რეალურ საზღვაო კატასტროფებზე დაფუძნებული 10 საუკეთესო ფილმი

1687722000
ფილმებიფილმები

საზღვაო კატასტროფების შესახებ უამრავი ფილმი არსებობს, ბევრი მათგანი კი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

გთავაზობთ რეალურ საზღვაო კატასტროფებზე შექმნილ 10 ყველაზე ცნობილ ფილმს. 

1. Seven Waves Away  (1957) - რეჟისორ რიჩარდ სეილის დრამაში, სადაც 1841 წელს ჩაძირული „უილიამ ბრაუნის“ მოვლენებია ასახული და ათასზე მეტი მგზავრის დაღუპვაა ნაჩვენები, მთავარი გმირები სამაშველო რგოლით ცდილობენ გადარჩენას.

2. Mutiny on the Bounty (1962) - ბრიტანულ ხომალდ „ბაუნტიზე“ 1789 წელს მომხდარი ამბოხის შესახებ ჟიულ ვერნის პატარა მოთხრობა, 1932 წელს გამოცემული ინგლისური რომანი და მასზე დაფუძნებული ფილმები არსებობს, რომელთა შორის საუკეთესოა ოსკარის შვიდი ნომინაციის მქონე 1962 წლის კინოვერსია. გემზე ატეხილი ბუნტის მეთაურის, ფლეჩერ ქრისტიანის როლი კი კლარკ გეიბლს, მარლონ ბრანდოსა და მელ გიბსონს აქვთ შესრულებული.

3. Titanic (1997) - ყველაზე მასშტაბური და ყველასათვის ცნობილო საზღვაო კატასტროფის შესახებ გადაღებული ლეგენდარული ფილმი ერთ-ერთია იმ სამიდან, რომელთაც ოსკარის სარეკორდო 11 ჯილდო აქვთ მოპოვებული (სხვა ორია: „ბენ-ჰური“ და „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“). ჯეიმს კამერონის „ტიტანიკი“ 2009 წლამდე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი კინოფილმი იყო, თუმცა მისი რეკორდული ფინანსური მაჩვენებელი კამეორინისავე კინო-მოვლენა „ავატარმა“ გააუმჯობესა.

4. The Perfect Storm (2000) - „იდეალური შტორმი“, რომელიც იმ წლის ათ საუკეთესო შემოსავლიან ნამუშევართა სიაში მოხვდა, 1991 წელს მომხდარ კატასტროფაზეა. გარემოსდამცველმა რეჟისორმა ვოლფგანგ პეტერსენმა მოგვიანებით ხუმრობით განაცხადა, რომ ფილმის გადაღებისას არცერთი ხმალთევზა არ დაზიანებულა. სეინერის ეკიპაჟზე შექმნილმა ფილმმა, სადაც შესანიშნავი ანსამბლ-ქასთი მონაწილეობს, ოსკარზე ორი ნომინაცია მოიპოვა, საუკეთესო ვიზუალური სპეცეფქტებისა და საუკეთესო ხმის ეფექტების კატეგორიებში.

 

5. K-19: The Widowmaker (2002) - კატრინ ბიგელოუს ფილმში რეალური პერსონების გვარ-სახელები შეცვლილია, სიუჟეტი კი დაფუძნებულია 1961 წელს ჩრდილოეთ ატლანტიკაში პირველ საბჭოთა წყალქვეშა ხომალდ K-19-ის რეალურ ავარიაზე, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია უდიდესი მასშტაბის ეკოლოგიური კატასტროფა. კაპიტან ალექსეი ვოსტრიკოვისა (ჰარისონ ფორდი) და წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრების მამაცობის წყალობით უბედურება თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ეკიპაჟის უმრავლესობა რადიაციულ გამოსხივებას ემსხვერპლა.

6. Djúpið (2012) - თანამედროვეობისთვის ყველაზე ცნობილი ისლანდიელი რეჟისორის, ბალთაზარ კორმაკურის ბიოგრაფიული ფილმი მეთევზე გუდლაუგურ ფრიდთორსონის სასწაულებრივ გადარჩენის შესახებაა. 1984 წლის მარტში ჩაძირული თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის ერთადერთმა ცოცხალმა წევრმა ყინულივით ცივ წყალში შეძლო თავის გატანა და გადარჩენა. მოგვიანებით მას ადამიანი-სელაპი შეარქვეს.

7. Captain Phillips (2013) - პოლ გრინგრასის ბიოგრაფიული ფილმი ყველაზე ცნობილი რეალური ამბავია სომალელ მეკობრეებზე. კონტეინერმზიდის კაპიტანმა რიჩარდ ფილიპსმა, რომლის როლსაც ფილმში ორი ოსკარის მფლობელი ტომ ჰენკსი ასრულებს, 2009 წელს მომხდარი მოვლენების შესახებ ავტობიოგრაფია დაწერა, რაც რეჟისორ პოლ გრინგრასის კინოფილმის სცენარის შექმნას დაედო საფუძვლად.

8. The Finest Hours (2016) - ათეულის უახლესი ფილმი, სადაც ბევრ ცნობილ მსახიობს შეხვდებით, 1952 წელს აშშ-ში, ნიუ ინგლენდის სანაპიროსთან მომხდარ კატასტროფაზეა. სიუჟეტის ცენტრში არსებული ოთხი გმირი, სანაპირო დაცვის თანამშრომლები, სიკვდილისთვის გაიმეტეს, როდესაც დასაღუპად განწირულ ნავთობის ტანკერზე სამუშაოდ გაუშვეს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ფილმში კატასტროფა რეალურზე უფრო დრამატულად და მასშტაბურადაა აღწერილი. „ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი სახიფათო თუ იყო!“ - განაცხადა ფილმის პრემიერაზე რეალური მოვლენების ცოცხალმა მონაწილემ, ენდრიუ ფიცჯერალდმა.

9. In the Heart of the Sea (2015) - ოსკაროსანი რეჟისორის, რონ ჰოვარდის სათავგადასავლო ფილმი ნათანიელ ფილბრიკის 2000 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების ბესტსელერი წიგნის მიხედვითაა შექმნილი. წიგნი დაფუძნებულია 1820 წელს გემ „ესექსის“ დაღუპვის რეალურ ისტორიაზე, რომელიც თავის მხრივ ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის შთაგონებად იქცა ცნობილი რომანის, „მობი დიკის“ შექმნისთვის. საბედისწერო, გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი ამბავი ხომალდ „ესექსის“ ოცკაციან ეკიპაჟზე, რომელთა ნადირობაც კაშალოტებზე ფატალურად დასრულდა. ყველაზე დიდი ზომის მტაცებელ ძუძუმწოვართან შეტაკებისას გემი ჩაიძირა, ეკიპაჟმა კი ნავებით უშველა თავს. გადარჩენილებმა ბედის ირონიით, არ ისურვეს უახლოეს სახმელეთო წერტილზე, მარკიზის კუნძულებზე მისვლა, რადგან მიაჩნდათ, რომ ის კანიბალებით იყო დასახლებული. შემდეგი კვირების განმავლობაში კი შიმშილის გამო ეკიპაჟის წევრებმა ერთმანეთის მოკვლა და შეჭმა დაიწყეს. საბოლოოდ როდესაც სამი გადარჩენილი - ოუენ ჩეისი, ბენჯამინ ლოურენსი და თომას ნიკერსონი ბრიტანულმა გემმა „ინდიანმა“ იპოვა, ჭკუიდან შეშლილი სამეული ადამიანთა ძვლების ჭამას ჯიუტად აგრძელებდა.

10. KURSK - 2018 წელს ცნობილი დანიელი რეჟისორის, თომას ვინტერბერგის ფილმი „კურსკი“ გამოვიდა, რომელიც გახმაურებული ტრაგედიის - რუსული ატომური წყალქვეშა ნავის კატასტროფის შესახებ არის. ფილმში მთავარ როლებს ინგლისელი ოსკაროსანი ვარსკვლავი კოლინ ფერთი, ახალგაზრდა ბელგიელი მსახიობი მათიას სხუნარტსი და ფრანგი კინოვარსკვლავი ლეა სეიდუ ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ რუსული ატომური წყალქვეშა ნავი სახელად K-141 «Курск», 2000 წლის 18 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა და ბორტზე მყოფი ეკიპაჟიდან, რომელიც 118 ადამიანისგან შედგებოდა, ყველა დაიღუპა.