Digest Logo

როგორ დავიცვათ თავი და ვიხსნათ ახლობლები ჯადო-გათვალვისგან

1712938955
თეთრი სანთელი

იცით, როგორ დაიცვათ თავი შურიანი ადამიანებისგან წამოსული უარყოფითი ენერგიის ზეგავლენისგან, რომელსაც, ძირითადად, ავი თვალისა და ჯადოს სახით „გვიგზავნიან“? - მართალია, ბევრი რამ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ ზუსტად რა საშუალებებს, ნივთებსა და რიტუალებს უნდა მიმართოთ, რომ საკუთარ თავს, სახლსა და ახლობლებს საფრთხე აარიდოთ, დღეს ამ რუბრიკიდან შეიტყობთ. 

- შური მრავალი უბედურების მიზეზია და იცით, რას მართებს ადამიანს? - მას წარმატებული მეზობლის, ნაცნობის ან კოლეგის შურს, რის გამოც ბრაზი, სიძულვილი და ბოღმა ერევა, მაგრამ საკმარისია, იმ იღბლიანს „ფეხი დაუცდეს“, რომ სიხარულისგან „მეცხრე ცაზეა“. ამიტომ, შურიანთა უარყოფითი ენერგია - ჯადოსა თუ გათვალვის სახით, უბედურებად რომ არ გვექცეს, მით უმეტეს, დღევანდელობაში, როცა ყოველდღიურად გვიწევს სხვისი პრეტენზიების მოსმენა, ვხდებით უსიამოვნო მოვლენების მოწმე, ვიტანთ უსაფუძვლო შურს, ირონიას, ირიბ მზერას, არაგულწრფელ კომპლიმენტებს, ჭორებსა თუ აშკარა ტყუილებს, ინტუიციურად თუ განზრახ, ვეძებთ ხსნას. იწყება ძიება, როგორ დავიცვათ თავი ამდენი ნეგატივისგან. თანაც, გათვალვა თუ შეიძლება, უნებლიე, დაუფიქრებელ ნათქვამს მოჰყვეს, ჯადო შურიანი ადამიანის მიზანმიმართული ქმედების შედეგია.

- შურს როგორ ავიცილებთ თავიდან?

- რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ: არასდროს გაანდოთ უცხო ადამიანებს თქვენი გეგმების შესახებ; არც სასიხარულო ამბების საქმის კურსში ჩააყენოთ ისერა ნაცნობები - თუ მაინცდამაინც, გრძნობები მოგაწვათ და სასწრაფოდ გინდათ, ვინმეს გაუზიაროთ, ენდეთ მხოლოდ ყველაზე ერთგულ, ვიწრო წრეს; წინასწარ, სანამ ბოლომდე არ დაასრულებთ, ნურაფერს იტყვით თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე; არასდროს იჩხუბოთ და შეხვიდეთ კონფლიქტში უცნობ ადამიანებთან; არავის უამბოთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მოვლენების შესახებ.

- მაგრამ, მაინც თუ ვერ ავირიდეთ მოშურნე თვალი და ჩვენ წინააღმდეგ შავ მაგიას მიმართეს ჩვენმა მტრებმა, რა უნდა ვქნათ?

- არსებობს მრავალი ხალხური ხერხი ბოროტი თვალის, ჯადოსა და ნეგატივისგან დასაცავად. უპირველესად, სახლს იცავს კარი, ამიტომ, შინ რომ ნეგატივმა ვერ შემოაღწიოს: დაკიდეთ კარზე პიტნის კონა ან დაარჭეთ კარის ჩარჩოზე ნემსი მატყლის ან ბამბის ძაფით. სახლში შურიანი ადამიანები რომ ვერ შემოვიდნენ: კართან ხალიჩის ქვეშ ახალი ან ხმელი აბზინდის კონა დადეთ. თვეში ერთხელ კი კარი სველი ჩვრით გაწმინდეთ, შემდეგი სიტყვების თანხლებით: „წყალო, მაშორე ბოროტებას, განდევნე სიბნელე, სიკეთე და კეთილდღეობა შემოიტანე სახლში და სამუდამოდ აავსე ის ბედნიერებით!” სახლში დაგროვილ ნეგატივს ეკლის საშუალებით განდევნით. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეკალი იმ ადგილებში იზრდება, სადაც ბოროტი სულები ბუდობენ, რათა სამყარო ბოროტებისგან დაიცვან. ეკალი ყველაზე ძლიერია ყვავილობისას, ამიტომ თუ სახლში ეკლიან ვაზას დადგამთ, სასიცოცხლო ენერგიას გააძლიერებს. ყოველთვის ენერგიული, ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოთ, ეკალი სულ თან ატარეთ. ბაღში მზარდი ეკალი ქურდებს მოიგერიებს, ხოლო ქოთნით ზღურბლთან - სახლს ბოროტი ძალების შეღწევისგან დაიცავს. ავი თვალისა და ნეგატივისგან დაგიცავთ ასევე, ხახვიც. სახლში სხვადასხვა ადგილას დაკიდეთ გაფცქვნილი სამი თავი ხახვი - თითოეულ ბოლქვში ნემსით უნდა გაუყაროთ წითელი შალის ძაფი, რომელსაც მარყუჟად შეკრავთ და ცნობისმოყვარე თვალებისგან დაფარულ ადგილას დაკიდებთ. ერთი კვირის შემდეგ ხახვი ჩამოიღეთ, მოაყარეთ მარილი და შეწვათ. ხახვთან ერთად ყველა უბედურებაც დატოვებს სახლს.

- ჯადოსა და გათვალვისგან დამცავი თილისმები და ამულეტებიც ხომ არსებობს?

- ამისთვის დღეს ძალიან გავრცელებულია მარცხენა ხელის მაჯაზე (ყველა ბოროტი სული ადამიანში მარცხენა მხრიდან აღწევს) წითელი შალის ძაფის შებმა. ძველად მიაჩნდათ, რომ წითელი ძაფი არა მხოლოდ იცავს მფლობელს, არამედ ბრაზისა და შურისგანაც ათავისუფლებს. თუმცა წითელი ძაფი რომ თილისმად გამოდგეს, სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. ძაფი საუკეთესო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა შვიდი კვანძით უნდა შეკრას, თქვენ კი ამ დროს რაიმე პოზიტიურზე უნდა იფიქროთ... ძველად თავშიშველი არ დადიოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თმის საშუალებით შეიძლებოდა ინფორმაციის წაკითხვა და ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება. ამიტომ, შინიდან გასვლის წინ თმის სამაგრს უთხარით: „დამიცავი ბოროტებისა და არაკეთილმოსურნეთაგან, დამიფარე ავი თვალისა და ჯადოსგან!“ შემდეგ სამაგრი თმაზე დაიმაგრეთ და თამამად წადით თქვენს საქმეებზე. ბოროტება ვერას დაგაკლებთ. სახლის ძლიერი დაცვაა ასევე, თუ კვირაში ერთხელ, მთვარის ნებისმიერ ფაზაზე, მარილს დაყრით თეფშზე და ცენტრში თეთრ სანთელს დაანთებთ. დატოვეთ ის მთელი ღამით ფანჯრის რაფაზე, თუმცა მანამდე თქვით: „მარილი იცავს სახლს, ცეცხლი მიხსნის ჯადოსგან. ვინც ჩემთან ბოროტი განზრახვით მოვა, ცეცხლში დაიწვება. დაე, იყოს ასე!” ბოლოს კი სანთლის ნამწვავები გადაყარეთ საპირფარეშოში. ტანსაცმლის ქვეშ ჩამაგრებულ ქინძისთავზე, როგორც მაგიურ დამცავზე, არაერთხელ გვქონია საუბარი და გახსოვთ, ალბათ, რომ, მთელი ნეგატივი, რაც კი მის ჩაკეტილ წრეში აღწევს, უკან ვეღარასდროს გამოვა - ის იღებს უარყოფით ენერგიას და წრეში „გადააადგილებს”. ასევე, კარგი დამცავია ბეჭედიც - სამკაულთან ერთად, ძლიერი ამულეტიცაა, რისთვისაც შემდეგნაირი რიტუალი უნდა შეასრულოთ: აანთეთ სანთელი და თქვენი საყვარელი ბეჭედი სამჯერ გაატარეთ სანთლის ალში, შემდეგი სიტყვებით: „ვწვავ ბოროტებასა და ნეგატივს, აღვმართავ ფარს: შურიანი ადამიანების, დამნაშავეების, ჯადოსა და ავი თვალისგან დასაცავად!” შემდეგ ჩააქრეთ სანთელი, ბეჭედი კი გაიკეთეთ, თან, შვიდჯერ გაიმეორეთ: „ბეჭედი გავიკეთე, ფარი ავიფარე. დე, იყოს ასე!” თუ თქვენ ირგვლივ ბევრი შურიანი და ჭორიკანა ადამიანია, მათგან პირსახოცი დაგიცავთ. ადექით შუაღამეს, პირსახოცი დაახვიეთ და განასკვეთ, თან ხმამაღლა თქვით: „როგორც ეს პირსახოცი შევკარი მარყუჟად, ისე შეეკრათ ჭორიკანებსაც ენა!” შეკრული პირსახოცი შეინახეთ სამი დღე ისე, რომ არავინ შეეხოს, შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე რომ, გათვალვისა და ჯადოსგან თავის დასაცავად მრავალი გზა არსებობს. აირჩიეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. გისურვებთ წარმატებას!

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ჩემო სიყვარულო“ - მარიამ სანოგო ქმარს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისში მშენებლობიდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა - რას წერს მისი ყოფილი მეუღლე

წყარო: tbiliselebi.ge