Digest Logo

„სახლი მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ ოცნება არ დამსხვრეულა“ – თიკო ყაველაშვილის გზა ბულინგიდან წარმატებულ ფიტნესს-ინსტრუქტორობამდე, რომელიც მეუღლესთან ერთად დუბაიში ცხოვრობს

1756133013
თიკო ყაველაშვილი

ყველასთვის საყვარელი, ფიტნესის ტრენერი, ვლოგერი და „ტიკ-ტოკერი“ თიკო ყაველაშვილი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, საკუთარ ბავშვობაზე და 16 წლის წინ განცდილ ოჯახის ტრაგედიაზე „დაიჯესტთან“ საუბრობს. ტრაგედიის მიუხედავად, მან სპორტში წარმატება მოიპოვა და დღეს როგორც პროფესიონალი ფიტნესს-ინსტრუქტორი, ონლაინ და საერთაშორისო სივრცეში აქტიურად მოღვაწეობს. მის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, მან ოცნების მამაკაცზე იქორწინა და ახლა დუბაიში ცხოვრობს. 

გთავაზობთ „დაიჯესტის“ გულახდილ ინტერვიუს, გამორჩეული გარეგნობისა და ხასიათის მქონე ფიტნესს ტრენერთან, რომელიც 8 წელია ადამიანებს სწორი კვებითა და ვარჯიშის მეშვეობით სხეულის სასურველი ფორმების მიღებაში ეხმარება.

- თიკო, ბავშვობიდან დავიწყოთ - ვიცი, მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ. როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რას ნიშნავს, გქონდეს დიდი ოჯახი?

თიკო ყაველაშვილი: „ჩემი ბავშვობა იყო დაუვიწყარი, ოქროს ბავშვობა, ოქროს ოჯახი. იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი კარგი მშობლები და უსაყვარლესი და-ძმა მარგუნა. ბევრი გაჭირვება გამოვიარეთ ერთად, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ჩემი იმედი და ბედნიერება იყო ჩემი ოჯახი. 12 წლამდე ვცხოვრობდით ქვემო ფონიჭალაში. ერთ უბედურ დღეს მოხდა მიწისძვრა. დილის საათები იყო, ყველანი სახლში ვიყავით. მეზობელი შემოვიდა გასაფრთხილებლად, რომ სახლი გვენგრეოდა. ეს იყო შოკი. მე ჩემი პატარა, 2 წლის და ავიყვანე. დედას ველოდი, მაგრამ გამომიშვა - „თავს უშველეო“. მეორე და, ბიძაშვილთან ერთად უკვე ქვემოთ მელოდებოდა შეშინებული. დედა კი მამასთან დარჩა, რომ ერთად გამოსულიყვნენ, რადგან მამაჩემი უსინათლოა და ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ დედაც უსინათლოა (მცირე მხედველი) მარტო არ ტოვებდა მამას, მაშველები კი სასწრაფოდ სთხოვდნენ გამოსვლას. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი მშობლები ორივე ჯანმრთელი და ცოცხალი დაგვიბრუნა. ამ დღის მერე კეთილი ადამიანების ნაჩუქარი ტანსაცმლით ვცხოვრობდით, სანამ ოდნავ მაინც არ შევძელით ფეხზე წამოდგომა“. 

თიკოს თქმით, ამჟამად მისი 8-სულიანი ოჯახი კვლავ ვარკეთილში, ქირით ცხოვრობს, რომელსაც მერია 500 ლარით უზრუნველჰყოფს. 

- როგორ მოხვდით ფიტნესის სამყაროში? რა იყო მთავარი მოტივაცია, რამაც ეს გზა გაჩვენათ?

თიკო ყაველაშვილი: „ყოველთვის სპორტული და აქტიური ბავშვი ვიყავი, თუმცა ტრაგედიის შემდეგ წონა საკმაოდ მომემატა სტრესის ფონზე - 12–13 წლის ასაკში 80 კილოგრამს ვიწონიდი. ამ პერიოდში დავკავდი ხელბურთით, რომელსაც სკოლაში ვთამაშობდი. თავიდან გასართობად, შემდეგ კი ამირჩიეს სკოლის გუნდში. მეკარე ვიყავი, მალევე მოვხვდი ასაკობრივ ნაკრებში, შემდეგ ოლიმპიურ ნაკრებში. უამრავი გასვლები გვქონდა, სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდიოდით შეჯიბრებებზე და საკმაოდ კარგად გამომდიოდა ყველაფერი. ჩემით ვისწავლე ფიტნესის ვარჯიშები, კვება; ვკითხულობდი სტატიებს და ვვარჯიშობდი, რომ დიდი სპორტისთვის მზად ვყოფილიყავი. წინ მქონდა 2015 წლის ოლიმპიადა. 25 კილოგრამი დავიკელი და აღარაფერი მაბრკოლებდა დიდ სპორტში შესასვლელად. თუმცა, ოლიმპიადამდე 3 თვით ადრე საქართველოს ჩემპიონატზე მუხლის მძიმე დაზიანება მივიღე. ოპერაციის შემდეგ მეორე ოპერაციაც მომიწია, მაგრამ მუხლი საბოლოოდ ვერ აღდგა, რის შედეგადაც დიდ სპორტში თამაში შევწყვიტე. შემდეგ სახლის პირობებში ვარჯიში განვაგრძე და პროგრესის გაზიარება სოციალურ ქსელში დავიწყე. მოგვიანებით პროფესიულ ფიტნესს დარბაზშიც დავიწყე სიარული. დღემდე ჩემი გამოცდილება საერთაშორისო დონემდე ავიდა და უკვე 8 წელიწადს ითვლის ჩემი კარიერა ფიტნესს სამყაროში“.

- დღეს საქართველოში აღარ ცხოვრობთ და ხართ დუბაიში. რას გვეტყვით თქვენი წასვლის მიზეზზე და როგორი არის თქვენი ყოველდღიურობა?

თიკო ყაველაშვილი: „საქართველოდან წასვლა საკმაოდ გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერების შემდეგ წამოვედი. რთულია ჩემი ოჯახისგან, ჩემი სამსახურიდან და მეგობრებისგან შორს ყოფნა, თუმცა მაქსიმალურად მიმსუბუქებს ის ფაქტი, რომ გავთხოვდი ისეთ ადამიანზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება გააფერადა და მეტად გამაბედნიერა.

ჩემი ყოველდღიურობა ახლა ასეთია: პირველ რიგში, სახლის საქმეები, კერძების მომზადება, საკუთარი თავის რუტინა, ვლოგების გადაღება, ცურვა და, რა თქმა უნდა, ვარჯიში. ასევე ვმუშაობ ონლაინ - მაქვს ონლაინ ვარჯიშები, მყავს უამრავი უსაყვარლესი მოსწავლე, როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, ვმონაწილეობ საამიროებში სხვადასხვა საფეხურის ფიტნესს კურსებში და ვგეგმავ დარბაზში მუშაობას. რა თქმა უნდა, ონლაინ კურსებს დავტოვებ ჩემი ქართველებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, არ ვიწყენ და მაქსიმალურად ვიყენებ ყველა რესურსს, რათა მეტად განვვითარდე. ამაში დიდი დახმარება მყავს ჩემი მეუღლისგან“.

- ბევრმა იცის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება ახალ ეტაპზეა - შექმენით ოჯახი. გვითხარით თქვენი სიყვარულის ისტორია: სად და როგორ გაიცანით მეუღლე და რა იყო ის, რამაც თავიდანვე მოგხიბლათ მასში?

თიკო ყაველაშვილი: „ჩვენი სიყვარულის ისტორია ნამდვილი ზღაპარია. ზღაპრულად დაიწყო და ასევე ზღაპრულად მიდის ყველაფერი უფლის წყალობით. ჩემი ქმარი, ომარ ამანი, მოღვაწეობს საამიროებში. წარმოშობით არის დედით ქართველი და მამით ინდოელი. რამდენადაც გასაკვირი და დაბალი შანსიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს საქართველოში. ახალი წლის ღამეს, ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახი, უსაყვარლესი ნინოსა და მიშას ოჯახში. მე და ნინომ გავიცანით ერთმანეთი ვიზაჟისტობის კურსზე. ნინო ჯერ კიდევ ახალი გაცნობილი მყავდა, როცა მეუბნებოდა, რომ მეგობარი ჰყავდა ზუსტად ჩემნაირი ხასიათის, ბუნების და აზროვნების. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს შევხედავდი, არამცთუ შევიყვარებდი და გავთხოვდებოდი.

ახალ წელს ნინომ დამპატიჟა თავისთან, სადაც საამიროებიდან ჩამოსული ომარიც დამხვდა. პირველივე დანახვისას ჩემში რაღაც მოხდა - თვალები ამიბრწყინდა, მუცელში ვიგრძენი პეპლები. მორცხვად და ჩუმად ვუყურებდი მას, ვგრძნობდი მის ემოციებს ჩემს მიმართ. ეს იყო „ერთი ნახვით შენი ადამიანის პოვნა“, მომენტი, როცა თვალები საუბრობს, თვალები იცნობს ადამიანს, და სიტყვებიც კი საჭირო არ არის. მასში პირველი, რაც შევამჩნიე და მომხიბლა, იყო მისი სუფთა და წრფელი თვალები, ბავშვური ღიმილი, უბრალოება და ჩემნაირი სტილი. სიყვარული ჩემთვის არის კომფორტის ზონა - ზრუნვა, პატივისცემა, გაგება და ნდობა. თუ რომელიმე აქ ჩამოთვლილიდან აკლია ურთიერთობას, ვფიქრობ, რაღაც კამათს მაინც გამოიწვევს. ზუსტად 8 თვეა, მე და ომარი ერთმანეთის ვიცნობთ. აქედან 5 თვეა ცოლ-ქმარი ვართ და არც ერთხელ არ ყოფილა, რომ გვეკამათოს, გვქონოდა უაზრო გაუგებრობა ან ერთმანეთის უპატივცემულობა. პირიქით, ვგრძნობ, როგორ უფრო და უფრო მიყვარდება ეს ადამიანი“.

- რა შეცვალა სიყვარულმა თქვენს ცხოვრებაში?

თიკო ყაველაშვილი: „ჩვენმა სიყვარულმა ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, სულ მოღიმარი ვარ, სულ ბედნიერი ვარ. მეორე, იმდენად მივენდე და შემიყვარდა ეს ადამიანი, რომ გაცნობიდან 3 თვეში გავყევი ცოლად, წამოვყევი სხვა ქვეყანაში, ჩემი ცხოვრებისგან შორს და სრულიად განსხვავებულად. თუმცა არცერთ წამს არ ვნანობ. ჩემი ოჯახი მხარში მიდგას, ჩემი ქმარი მხარში მიდგას და მისი ოჯახიც სულ მხარში მიდგას. ისინი არ მაგრძნობინებენ ამხელა სიშორეს“. 

- პროფესიულ განვითარებაში მეუღლის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია და კონკრეტულად რით გეხმარებათ?

თიკო ყაველაშვილი: „როგორც უკვე აღვნიშნე, ვმუშაობ ონლაინ და ასევე აქ სწავლის პროცესში ვარ. როდესაც სამსახურიდან მოდის დაღლილი, მე თუ ვმუშაობ, დაუფიქრებლად მიდის სამზარეულოში, აწესრიგებს, ამზადებს კერძებს. ყოველთვის ცდილობს, რომ თანაბრად გავინაწილოთ თუნდაც სახლის საქმეები. აღსანიშნავია, რომ იდეალური მზარეულია - დედის გენები მოჰყვა, დედა შეფი ჰყავს, ასევე ორივე ბიძა; მასაც გამოჰყვა მათი ნიჭი და ყველაფერი უგემრიელესი გამოსდის. ყველაზე მეტად ის მეხმარება თავისი მზრუნველობით, თანამედროვე აზროვნებით, ჩემი ყველა გადაწყვეტილების მხარდაჭერით“.

- დღეს ბევრისთვის მაგალითი ხართ. რას ეტყოდით იმ გოგოს, ვინც საკუთარ გარეგნობაზე კომპლექსებს განიცდის და თავს „საკმარისად“ არ მიიჩნევს?

თიკო ყაველაშვილი: „სკოლის პერიოდში ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი და დიდ სპორტთან ერთად ესეც უდიდესი მოტივაცია იყო ჩემთვის რომ წონაში დამეკლო. მე ვეტყოდი ყველა ადამიანს, რომ პირველ რიგში შეიყვარონ საკუთარი თავი, დააფასონ ის რაც უფალმა მისცა, შემდეგ კი ვურჩევ ყველას, თუ არის რაიმე ისეთი, რაც არ მოსწონთ იშრომონ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისთვის. აუცილებლად განვითარდნენ და გაზარდონ საკუთარი თავი. როცა ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, საყვარელი ადამიანისთვისაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იყავით პოზიტიური, გქონდეთ დისციპლინა. მონდომება და მოთმინება კი ყველაფერში დაგეხმარებათ, ყოველთვის“.

- ბევრი ფიქრობს, რომ ვარჯიშის დაწყება გვიან ასაკში გვიანია, თქვენ რას ფიქრობთ, როგორც პროფესიონალი, მითია ეს თუ რეალობა?

თიკო ყაველაშვილი: „ვარჯიშის დაწყება ისევე როგორც სწავლის დაწყება არასდროს არ არის გვიან, მთავარია სწორი მიმართულება, სწორი ვარჯიში, სწორი კვება, სწორი რეჟიმი. ჩემი გზავნილი არის მეტი პოზიტივი, მეტი სიკეთე და სიყვარული, ერთმანეთზე ზრუნვა და საკუთარი თავის სიყვარული“. 

- პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ალბათ ნეგატივსაც აწყდებით. როგორია თქვენი რეაქცია კრიტიკასა და უარყოფით კომენტარებზე?

თიკო ყაველაშვილი: რა თქმა უნდა, როცა ცნობადი სახე ხარ და საჯაროდ აზიარებ შენს ცხოვრებას, მოდის როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივი. თუმცა ჩემს ნებისმიერ პლატფორმას რომ გადახედოთ, 99% პოზიტივით და სიყვარულით არის განწყობილი ჩემს მიმართ. დღის განმავლობაში უამრავი დადებითი და სასიამოვნო შეტყობინება შემომდის, და აქვე მოვუბოდიშებ, რომ ვერ ვპასუხობ ფიზიკურად ყველას. მინდა თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა გადავუხადო - მეტ მოტივაციას და ძალას მაძლევენ. რაც შეეხება ნეგატივს, ძირითადად ყალბ გვერდებს ამოფარებული გაბოროტებული ადამიანები არიან და მაგას ვერც აღვიქვამ სერიოზულად ან კრიტიკად. ჯანსაღი კრიტიკა კი, პირიქით, საჭიროა და გასათვალისწინებელი. ასე და ამგვარად, ნეგატივზე არც აგრესია მაქვს და არც კმაყოფილება“.

- წინა სტუმარმა დაგიტოვათ კითხვა: „თქვენი აზრით, ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება რა უნდა იყოს?“

თიკო ყაველაშვილი: „ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას ერთ თვისებად ვერ გამოვყოფ. ჩემი აზრით, უნდა იყოს უბრალო, კეთილი და სამართლიანი“.

 - და ბოლოს, თქვენ რა კითხვას დაუტოვებდით ჩვენს მომდევნო სტუმარს?

თიკო ყაველაშვილი: „გჯერა თუ არა ერთი ნახვით შეყვარების?“.