ხელოვნური ინტელექტის სფეროს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელები სულ უფრო დიდ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გავლენას იძენენ. სემ ალტმანი, ილონ მასკი და დარიო ამოდეი იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების მომავალს განსაზღვრავენ და სუპერინტელექტის შექმნისთვის გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობენ.
ფრანგული გამოცემა Le Figaro სტატიაში სვამს კითხვას: შეიძლება თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის დღევანდელი ლიდერები მომავალში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებად იქცნენ და სახელმწიფოების ლიდერების მსგავსი ძალაუფლება მოიპოვონ?
გამოცემის შეფასებით, ტექნოლოგიური რევოლუციის ფონზე ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ისეთივე გავლენიან გიგანტებად ყალიბდებიან, როგორებადაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სოციალური ქსელების კომპანიები იქცნენ. ChatGPT, Claude, Gemini, Grok და DeepSeek უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, მათი შესაძლებლობები კი სწრაფად იზრდება.
სტატიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ილონ მასკია, რომელიც SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი და ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის დამფუძნებელია. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მის მიერ შექმნილ Grok-ზე და იმ ფინანსურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც კომპანია დგას.
მასკმა 1-ელ ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ Grok Bot-ის შექმნისა და მუშაობის ხარჯები მის შემოსავლებთან შედარებით ძალიან მაღალია. გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ Grok-ის ფასიანი ვერსიით დაახლოებით 800 000 მომხმარებელი სარგებლობდა და ყოველთვიური გამოწერა 30 დოლარი ღირდა, კომპანიას მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ყოველკვირეული გამოყენების ლიმიტის შემცირება მოუწია.
სტატიაში ასევე საუბარია OpenAI-ის თანადამფუძნებელ და ხელმძღვანელ სემ ალტმანზე და Anthropic-ის თანადამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ დარიო ამოდეიზე. ორივე კომპანია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელების შექმნისთვის იბრძვის.
სტატიის მთავარი საკითხი ტექნოლოგიური ლიდერების მზარდი ძალაუფლებაა: ხელოვნური ინტელექტის განვითარება სულ უფრო მეტად უკავშირდება ეკონომიკას, საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას, რის გამოც ამ ტექნოლოგიების შემქმნელთა გადაწყვეტილებებს საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელობა ენიჭება.