
„საწოლფონდი არ ვიცით, მაგრამ კუბოფონდი მზადაა ყოველთვის“,
„მხოლოდ დღეს! იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე გამეღვიძა , ყველას ვინც ჩვენგან შეუკვეთავს სასახლეს 50 %-იანი ფასდაკლება, სასურველი წარწერით! ვენოკი საჩუქრად !“
„იმედია ყველაფერი, ზუგდიდის მსგავსად, უმსხვერპლოდ არ დასრულდება, ცოტა მეტი ექშენი მეგობარო , მაგ ლიმონკას სხვა დანიშნულებაც აქვს“
თუ იუმორი გეცნობათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ნიუსფიდზე „კუბოები და ვენოკები ევროპიდან“ ხშირად გხვდებათ.
„ფეიჯს“ მტკივნეულ და დრამატულ თემებზე ამ ფორმით ხუმრობის გამო ბევრი აკრიტიკებს, თუმცა თუ მისი გამომწერებით ვიმსჯელებთ, ბევრი მიმდევარიც ჰყავს.
ფეიჯის ადმინისტრატორი პაკო ციხელაშვილია. გვერდის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. საიდუმლოდ „დაიჯესტის“ მკითხველს უმხელს, რომ სინამდვილეში კუბოების ბიზნესი, რომლის ფეისბუქ გვერდსაც 63 739 გამომწერი ჰყავს, სინამდვილეში არც არსებობს:
„ამ გვერდის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ სრულიად მოულოდნელად გამიჩნდა. ვიჯექი უბრალოდ და რაიმე არაორდინალურზე ვფიქრობდი, ისეთი რაღაცის გარეკლამებაზე, რაც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ იყო“
ვინ ხართ, რას საქმიანობთ?
ილიას უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება დავამთავრე, მარკეტინგის განხრით. გაყიდვების მიმართულებითაც მიმუშავვია.
კუბოები გაგიყიდიათ?
არა, კუბოები არასდროს გამიყიდია. რეალურად, ეგ ბიზნესი არ მაქვს, თუმცა განხორციელებაზე უკვე დავფიქრდი. ხეზე მომუშავე და ამწყობი გვყავს. ახლა პრობლემა ფინანსური საკითხებია.
ხალხს ჰგონია, რომ მართლა არსებობთ. კუბო ან ვენოკი არასდროს შეუკვეთიათ?
კი, ხშირად მოუწერიათ.
შავი იუმორი გაქვთ. სიკვდილზე ხუმრობას მარტივად ვერ იღებენ, თუმცა თქვენ მაინც გამოგყვათ ხალხი. როგორ ახერხებთ ამას? სოციალურმა ქსელმა თავიდანვე პოზიტიურად მიგიღოთ?
მოფიქრებით ვერ გეტყვით, როგორ ვიფიქრებ, ექსპრონტად და თავისით მოდის იდეები, ყველანაირი ფიქრის გარეშე. ხალხის აყოლიება და მათი მხრიდან დიდი სიყვარულის მიღება, მიზანი არასდროს ყოფილა, თავისით მოხდა. თავიდან 90%-ს ვძულდი, სიმართლე გითხრათ, ეგ დრო უფრო მომენატრა. ახლაც არიან ისეთები, ვინც აგრესიულად მწერს, თუმცა აგრესიას აგრესიით არასდროს ვპასუხობ.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ: