
ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს. ამჯერად, იგი სტატუსს აქვეყნებს და ცხოვრებაში სიტუაციების, მომენტების განმეორების შესახებ წერს.
მისი თქმით, ცხოვრება ხშირად გვაბრუნებს იმავე ემოციურ სივრცეში, რათა ამჯერად რეაგირება მოახდინო სხვა ცნობიერებიდან.
„გიფიქრია, რატომ მეორდება ერთი და იგივე სიტუაციები შენს ცხოვრებაში?
გქონია სიტუაცია, როცა პარტნიორმა ისევ მიგატოვა? ან სამსახურში ისევ გატყუებენ, ისევ დაუფასებლად გრძნობ თავს — მეორედ, მესამედ... და ვეღარ ხვდები, სამსახურის ბრალია ეს თუ ცხოვრებას შენთან რაღაც გაუგებრობა აქვს?
სინამდვილეში, ცხოვრება გაბრუნებს იმავე გაკვეთილთან — იქამდე, სანამ არ გააცნობიერებ მას.
ეზოთერულად, ცხოვრება ციკლურად ფუნქციონირებს, როგორც ტალღა, რომელიც ისევ და ისევ უბრუნდება შენს ნაპირს იქამდე, სანამ თავად არ შეიცვლები.
ყველაფერი მეორდება - ბავშვობაში თუ გრძნობდი, რომ არ ესმოდათ შენი, დღეს შესაძლოა შენი პარტნიორიც ზუსტად ასე გტოვებდეს გაუგებრობაში. ან თუ ბავშვობაში ყოველთვის ცდილობდი დამოუკიდებლად გებრძოლა,რათა დაგემსახურებინა სხვებისგან პატივისცემა, დღეს ისევ იმ გარემში ხარ, სადაც თავად გიწევს საკუთარი ღირებულების დამტკიცება სხვებისთვის. ეს შემთხვევითობები არაა — ესენია შინაგანი გაკვეთილები, რომლებიც არ გშორდებიან, ისინი შენში ცხოვრობენ.
გონება და ემოციური მეხსიერება ინახავს ყველა იმ ტრავმულ გამოცდილებას, რომელიც გვყალიბებს, განსაკუთრებით ბავშვობიდან. მაგალითად, თუ გყავდა მშობელი, ვინც ყურადღებას არ გაქცევდა, დღესაც გხვდება ისეთი ურთიერთობები, სადაც იგნორირებულია შენი ემოციური საჭიროებები. რატომ? რადგან ფსიქიკა ცდილობს დაასრულოს ეს ძველი სცენარი — თითქოს გონება გეუბნება: აი, ისევ იგივე სიტუაცია, იქნებ ამჯერად გამოსწორდეს! სწორედ ამას ჰქვია რეპარაციული რეინსცენაცია — იგივე სცენარში დაბრუნება იმ იმედით, რომ ახლა უკვე ცნობიერად მოახდენ ტრანსფორმაციას. მაგრამ თუ ისევ იმავე ქცევებით რეაგირებ — ბრაზით, სხვისი დადანაშაულებით ან გაქცევით — მაშინ სამყარო ისევ და ისევ გაბრუნებს იმავე გაკვეთილთან.
შეცვლი სამსახურს და მაინც იგრძნობ დაუფასებლობას. შეცვლი პარტნიორს და მაინც იგივე დილემაში ხარ,რადგან შინაგანი რეაქცია რეპლიცირდება გარე სამყაროში - ეს კანონზომიერებაა.
ასტროლოგიურად, პლანეტარული სიმბოლოები მხოლოდ მომავლის წინასწარმეტყველება კი არ არის — ისინი შენი შიდა პროგრამებია. სატურნი გაბრუნებს იქ, სადაც ჯერ არ გაქვს სიღრმე, პასუხისმგებლობა ან არ შეგიძლია პატიება. კარმული კვანძები გიჩვენებენ, რისი დასრულება და გაშვება გიჭირს. მარსის ასპექტები ხშირად მიგვანიშნებს ძალაუფლების ან აგრესიის დისბალანსზე, მთვარე კი აჩვენებს ჩვენს რეფლექსურ ემოციურ რეაქციას.
თუ შინაგანად არ შევიცვალეთ, რუკის ეს პუნქტები ისევ ამოქმედდებიან.
როგორ გავუმკლავდეთ ამ განმეორებად სიტუაციებს? უპირველეს ყოვლისა, ცნობიერების ამაღლებით — უნდა გააცნობიერო, რომ ეს სცენარი განმეორებადია. ჰკითხე საკუთარ თავს: ეს ემოცია რა ასაკიდან მომყვება? სად განმიცდია იგივე განცდა? როგორ ვრეაგირებ ყოველ ჯერზე? შემდეგ მოდის რეაქციის შეცვლა — არა თავდაცვით, არამედ გააზრების გზით. სადაც ბრაზობდი, სცადე დარჩე სიმშვიდეში. სადაც გარბოდი, დარჩი და გადახედე საკუთარ ემოციას. სადაც ადანაშაულებდი სხვას, სცადე დაინახო, რას გაჩვენებს ეს ადამიანი. ეს სისუსტე კი არა, ახალი შემოქმედებითი ცნობიერებაა.
ცხოვრება არ იმეორებს ერთსა და იმავე სცენარს, რადგან ბოროტია — არა, ის გაბრუნებს იმავე ემოციურ სივრცეში, რათა ამჯერად რეაგირება მოახდინო სხვა ცნობიერებიდან. ცვლილება არ იწყება გარედან — ის იწყება შიგნით, იმ ერთი შეხედულების შეცვლითაც კი, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდი.
ციკლი იქამდე არ წყვეტს განმეორებას, სანამ რეაქციას არ შეცვლი. სანამ არ იტყვი: ეს სიტუაცია მე მომეცა არა დასასჯელად, არამედ გასათავისუფლებლად. შესაცვლელი არა გარემოა — არამედ შენი შიდა მდგომარეობა, შენი პასუხი და შენი ცნობიერება. ტექნიკურად, ეს პროცესი იწყება მიზანმიმართული თვითდათვალიერებით — სად ბრუნდები ისევ და ისევ?
შემდეგ შეგიძლია ჩახედო ასტროლოგიურ რუკაში — სად გაქვს დაუმთავრებელი კარმული საქმეები? და ბოლოს, საჭიროა ახალი რეაქციის პრაქტიკა — სხვა გზით რეაგირება, თუნდაც თავიდან არაკომფორტული იყოს. მხოლოდ ასე შეცვლი მტანჯველ სიტუაციებს, თავიდან ნელა, შემდეგ მოულოდნელად, და ბოლოს — გასაოცრად მტკიცედ...“ - წერს უჩა სიხარულიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - ფოტოები
⭕„როგორ გიხდება ეს ფერი“ - ანუკი არეშიძე მწვანე კაბაში პოზირებს