Digest Logo

„თუ უფალი ყოვლისშემძლე და მოწყალეა, რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან იტანჯებიან სხვადასხვა უძლურებით?!“ - რას ამბობს მამა გურამი?

1632990957
მამა გურამ ოთხოზორია

„კეთილის ჩაგვრა,“ „ბოროტის გამარჯვება“, უსამართლობა, ახალგაზრდების სიკვდილი, საყვარელი ადამიანების დაკარგვა, განუკურნებელი სენის არსებობა, გაჭირვება და ერთმანეთის ჩაგვრა.

არ გავაგრძელებ ჩამონათვალს. დედამიწაზე ბევრი რამ არსებობს, რაც ადამიანს აღიზიანებს და კითხვის ნიშანს უჩენს: „თუ აბსოლუტური ალტრუიზმი, სიკეთე და სიყვარული ანუ ღმერთი არსებობს მაშინ რატომ ხდება ამდენი უბედურება?“

ჰოდა, ამ კითხვაზე პასუხს დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გურამი (ოთხოზორია) გასცემს.

მოციქულებს ქრისტესთან მიჰყავთ ბრმად შობილი ადამიანი და ეკითხებიან: უფალო, ვინ სცოდა, ამან, რომელიც ბრმადაა დაბადებული, თუ მისმა მშობლებმა? თითქოს, მესამე პასუხი არც არსებობს. ჩვენც მუდმივად გვებადება და გვაწვალებს მსგავსი კითხვები, როდესაც ვხედავთ დაბადებიდან ფიზიკურსა თუ ფსიქიკურ უძლურებაში მყოფ ადამიანებს. არადა ვიცით, რომ ღმერთი, ერთი მხრივ, ყოვლისშემძლეა და, მეორე მხრივ, ყოვლად მოწყალე.

თუ ყოვლისშემძლეა, ესე იგი, გამოდის, ყოვლად მოწყალე არაა, რაკი არიან ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან იტანჯებიან სხვადასხვა უძლურებით?! თუ ყოვლად მოწყალეა და მაინც ასე ხდება, ესე იგი, ყოვლისშემძლე არ არის, თორემ ამას როგორ დაუშვებდა?!

საქმეც ისაა, რომ ადამიანი, თავისი სრულფასოვანი გაგებით, იწყება იქ, სადაც ის შეძლებს ამ ორმაგობიდან გასვლასა და ქრისტემდე ამაღლებას. ეს ძალიან ძნელია და ამის წინასახეა ქრისტეს ჯვარცმა.

სწორედ, იმითაა საინტერესო ცხოვრება. რომ მზამზარეული პასუხი არ არსებობს. ღმერთმა, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვცა სამუშაო იარაღები, რომლებითაც თავად უნდა მოვიწიოთ ჭირნახული, ანუ პასუხი. პასუხი კი იმალება ამ კითხვების მიღმა, მაგრამ ადამიანებს გვიჭირს ამ პასუხებამდე მისვლა, რადგან პასუხი გვინდა ახლავე, ლანგრით მორთმეული.

მეორე მხრივ, ჩვენი პირადი აზრებით, წარმოდგენებით იქსოვება ერთგვარი ბადე, რომელიც ბინდავს ჩვენს ყოფას.

ეს გვგონია ნამდვილი ყოფა და საერთოდ გვეკარგება ნათელი სამყაროს ხსოვნა, საიდანაც მოვედით. მეტიც, გვიჩნდება ეჭვი, რომ არანაირი სამოთხე არც არასდროს არსებულა. სწორედ, ესაა წუთისოფლის ბედისწერა, რომელსაც თავად ვქსოვთ ჩვენივე უმწიფარი აზრებითა და მოგონილი სისტემებით და თავის თავში არსებობა არ აქვს.

აი, ამის შიგნით ვიბადებით და სწორედ ესაა დაბადებიდან სიბრმავე. სახარება იგავური ენითაა დაწერილი და ცხადია, ფიზიკურად ბრმა არ იგულისხმება იმ იგავში, რითაც საუბარი დავიწყე.

ბრმად შობილია ის, ვინც ვერ ხედავს ნამდვილ ნათელს, რომელიც ადამიანების მიერ მოქსოვილი ყალბი წუთისოფლის ბადის მიღმაა. მოციქულების კითხვა ადამიანურია და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას, ხოლო ქრისტეს პასუხი – ჩვენი სულისა და რწმენის გამოვლინება.

მოციქულების კითხვაში ორივე მიზეზი გარეთაა:

ან უძლურ ადამიანში, ან მის ცოდვილ მშობლებში, აბა, მართალ ღმერთს ხომ არ გავამტყუნებთ, მას ხომ არაფერი ეშლება?! მაგრამ, სწორედ, ამ საკითხის გადაჭრით ვთავისუფლდებით წუთისოფლის ბადისგან, რომელშიც გავიხლართეთ ამ ჩვენი ლოგიკური კითხვებით.

გავიხსენოთ, რა უპასუხა ქრისტემ მოციქულებს? არც ამან სცოდა, არც იმან, რათა ღმერთის დიდება გამოვლინდეს! რას გვეუბნება ქრისტე ამ პასუხით? შეწყვიტეთ ასეთი ლოგიკური კითხვები: თეთრი თუ შავი, ბოროტი თუ კეთილი... თუ დააკვირდებით, ქრისტე არასდროს ამბობს პირდაპირ პასუხებს, იმიტომ რომ პრობლემა იჭრება სხვაგვარი ხედვით, რომელიც გადის კატეგორიული აზროვნების მიღმა, იქ, სადაც ღვთიურია.

ადამიანი ხედავს თვალით, ისმენს ყურით და შემდეგ თავისი გრძნობის ხუთი ორგანოთი აკეთებს დასკვნებს.

დასკვნა, ნასკვი, ანუ კვანძი... ადამიანი ამ კვანძებით აგებს ორგანზომილებიან სისტემას (შავი-თეთრი, ბოროტი-კეთილი), რომელიც აგებულია ადამიანურ ლოგიკაზე და ვერ უნდა გაბედო ამის იქით გასვლა. ქრისტეს პასუხი კი არღვევს ამ მოჯადოებულ წრეს.

უფალი გვეუბნება: რათა ღვთის დიდება გამოვლინდეს, ესე იგი, ცოტა დაიცადეთ, არაა სამყარო ისეთი, როგორსაც ხედავ. ანუ ამწუთას შეიძლება, ხდებოდეს რაღაც, რაც შენს თვალში ყველაზე დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეს პროცესია, ქმნადობაა, როდესაც ყველაფერი არეულია. განგება კი ხედავს სცენარის ბოლოს.

ამიტომ გეუბნება, ადამიანო, იყავი მომთმენი და დაელოდე ღვთის დიდების გამოვლენას.

იოანე პეტრიწი ამბობს: მიწიერ სამყაროში მტრები იქ, გონიერ კოსმოსში ძმები და მოყვრები არიანო. ის კი არ იგულისხმება, რომ ბოროტს ბოროტი არ დავარქვათ და კეთილს – კეთილი, მაგრამ გაიზარდეთ, ამის მიღმა გადით, ქრისტე უკვე მოსულია და ისწავლეთ მხოლოდ თვალით კი არა, იმის მიღმა ხედვა.

უფალი გვეუბნება: ვერ დაეტევა თქვენს ლოგიკაში ღმერთის გადაწყვეტილებები.

განგება გეუბნება: ბუნების ძალებით დაგიფარე ჩემი სახე, ყველა გამოვლინების მრავალგვარობის მიღმა ერთი ვარ – მოდი და მომძებნე, იმიტომ ამბობს უფალი: ეძიებდე და ჰპოვებდეო.

აი, ეს არის იესოს მისია, იესო ამბობს – მე და მამა ერთი ვართ, ოღონდ იმას კი არ გეუბნება ამით, რომ ეს წამში მოხდება შენში. ის ამბობს: გამომყევი! რას ნიშნავს, „გამომყევი“? უარი თქვა იმ აზრებზე, რომლებიც გაქვს სამყაროზე, იმ სისტემაზე, რომელიც შექმენი წუთისოფელში.

იესო გეუბნება – აიღე ჯვარი! რომ ის ჩვევები, რომელშიც დავიბადე, ჩემი სხეულის გახდა და იქიდან გამოსვლა დიდი ტკივილია, მაგრამ სწორედ, ამ გამოსვლის შემდეგ იწყება ნამდვილი თავისუფლება: ვთავისუფლდებით სიკვდილის შიშისგან და მოდის დიდი სიყვარული!

თუ თავიდან მტანჯავდა, რომ ვიღაცას ვხედავდი დაბადებიდან ბრმას, ბოროტს – აღზევებულს, ბეჩავს – დაჩაგრულს, როდესაც ამ ხედვის მიღმა გავდივარ, ვხედავ, რომ ყველა ბოროტების მიღმა სიკეთეა. მე შეიძლება, მეტკინოს ეს წუთისოფელი, მაგრამ სიმშვიდე და სიხარული მეუფლება, რადგან ვიცი, რომ ეს დასრულდება.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„რომ მიღალატე, ვერასდროს დავივიწყებო, სეიფთან მიმიყვანა, „სკოჩით“ მიმაბა და გამაუპატიურა“ - 38 წლის ქალის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„სპორტული შარვლის ყიდვა დამაბარა, სახლში მოტყუებით შემიყვანა და ბრმა დედამთილის თანდასწრებით გამაუპატიურა... თავში ხანჯალი ჩავარტყი...“ - 26 წლის ქალის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„კაპიკები იყო ანაზღაურება... ეგონათ, სიტყვა ლეგენდა გაგვიკეთებდა ყველაფერს, მათ შორის საჭმელსაც გვაჭმევდა“ - ქეთი წიკლაური მძიმე წარსულზე

🔵„ლევან რატიანის კლინიკაში დედაჩემი თურმე 3 ბალიანი კომით +სეფსისით გადაგვიყვანია... ნაშიმშილარი, ნაწამები, ნაცემი იყო“- მედეა ადამია