Digest Logo

🎥 ვინ არის პირველი მლესავი ქალი საქართველოში - გაიცანით, თაკო კამკამიძე, რომელმაც ხელოსნის ცუდი ნამუშევრიდან საკუთარი ბიზნესი დაიწყო

1790061942
თაკო კამკამიძე

5 წელია თაკო კამკამიძე სარემონტო სამუშაოებს ატარებს. ის პირველი მლესავი ქალია საქართველოში, რომელმაც წარმატებას მიაღწია და წლიდან წლამდე ბიზნესს ზრდის. მისი ისტორია საოცრად შთამაგონებელია იმ ქალებისთვის, ვინც დღემდე ვერ ბედავს საკუთარი წესებით ცხოვრებას. 

იგი „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი გამოცდილება საზოგადოებას გაუზიარა.

როგორც თავად იხსენებს, ყველაფერი საკუთარი სახლის რემონტით დაიწყო. ინტერიერის დიზაინში დეკორატიული ლესვის კედლები განსაკუთრებით მოსწონდა, თუმცა საქართველოში ამ მიმართულების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სახლში სამუშაოდ რამდენიმე ხელოსანი მოიყვანა, შედეგი კი მისთვის იმედგაცრუებული აღმოჩნდა.

„დეკორატიული ლესვა დავიწყე იქიდან, რომ ჩემთან ვაკეთებდი სახლს და ინტერიერის დიზაინში ყველაზე მეტად დეკორატიული ლესვის კედლები მინდოდა. იმ პერიოდში საქართველოში დეკორატიული კედლების შესახებ იმდენი ინფორმაცია არ იყო. მოვიძიე რამდენიმე ხელოსანი, მოვიყვანე სახლში გასაკეთებლად და მივიღე საშინელი შედეგი.

ამის შემდგომ, სხვა გზა რომ აღარ მქონდა, ვთხოვე მეგობარს, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა, რომ დამხმარებოდა. თავისი ახლობელი გამომიგზავნა სახლში, რომელმაც ერთი დღე ჩემთვის ახსნა, საერთოდ რა ხდებოდა ამ სფეროში. მოვიდა, ამიხსნა ყველაფერი, მანახა და დანარჩენი გახდა ჩემი გასაკეთებელი. აქედან დაიწყო ჩემი და დეკორატიული ლესვის სიყვარული“, – იხსენებს თაკო კამკამიძე.

მისი თქმით, საკუთარი ნამუშევრების შემდეგ დეკორატიული კედლების გაკეთება მეგობრებსაც მოუნდათ, რაც საბოლოოდ საქმის გაფართოების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.

„ჩემი ნამუშევარი, როდესაც ნახეს სახლში, ჩემს მეგობრებსაც მოუნდათ იგივე კედელი და შემდეგ მათ დავეხმარე. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ამ საქმეში შემომიერთდა და მასთან ერთად დავიწყე უკვე ამ საქმის კეთება. პერიოდულად სხვა გოგო მეგობრებიც მიერთდებოდნენ.

„ინსტაგრამზე“ მქონდა გვერდი, სადაც ვდებდი ჩემი მუშაობის რეჟიმს. ძირითადად ეს გვერდი უფრო სამოტივაციო იყო, უფრო ქალებისთვის განკუთვნილი სამოტივაციო გვერდი და ვიზუალური მხარეც მნიშვნელოვანი იყო.

როგორც ბიზნესი, ეს გვერდი არ გაგვიხსნია, მაგრამ ძალიან მალე გახდა ჩვენი გვერდი ცნობილი და მოგვივიდა პირველი შეკვეთა. სწორედ მაშინ დავფიქრდი და გაჩნდა პირველი კითხვები. დავთანხმდი ამ შეკვეთას“, – იხსენებს ის.

თაკო კამკამიძემ ასევე ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე ცხოვრებისა და პირადი არჩევანის მიმართ.

„არ მიყვარს წესები. შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა, რადგან შენი ერთი ცხოვრება გაქვს და ვიღაცაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. უბრალოდ იცხოვრე ისე, როგორც გინდა, სხვას ნუ მიაყენებ ზიანს“, – ამბობს თაკო.

ვრცლად ნახეთ ვიდეო: