როგორ მოქმედებს ყავის რეგულარული მიღება ორგანიზმზე? კვლევის მონაწილეებმა სპეციალური ელექტრონული კაფსულა გადაყლაპეს, რომლის საშუალებითაც მეცნიერებმა შეძლეს, დაეკვირვებინათ, რა ცვლილებები ხდებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი გადაადგილების დროს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ ყავის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით ნაწლავების მოტორიკასა და მსხვილი ნაწლავის შეკუმშვებზე. ამასთან, ყავის მიღება ნაწლავებში ბაქტერიების მრავალფეროვნების ზრდასთანაც არის დაკავშირებული.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Gut Microbiology, რომელიც ნაწლავების მიკრობიოლოგიას ეძღვნება. მისი მიზანი ყავის ჩვეული მოხმარებისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის კავშირის შესწავლა იყო.
როგორ მოქმედებს ყავა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე?
მკვლევართა ჯგუფმა სპეციალური, მცირე ზომის ელექტრონული კაფსულა გამოიყენა, რომელიც კვლევის მონაწილეებმა გადაყლაპეს. მისი საშუალებით მეცნიერები აკვირდებოდნენ ცვლილებებს, რომლებიც კაფსულის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადაადგილებისას ხდებოდა.
კაფსულა რამდენიმე მაჩვენებელს ზომავდა, მათ შორის:
დროს, რომელიც საკვების მასას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილებისთვის სჭირდება;
ტემპერატურას;
მჟავიანობის დონეს;
ნაწლავების შეკუმშვებს.
კვლევაში დანიაში მცხოვრები 61 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ყავის მოხმარების სიხშირის მიხედვით ორ ჯგუფად დაყვეს.
პირველ ჯგუფში შედიოდნენ ადამიანები, რომლებიც კვლევის რვადღიანი პერიოდის განმავლობაში, სულ მცირე, სამ დღეზე მეტხანს დღეში ერთიდან ხუთ ფინჯან ყავას სვამდნენ. მეორე ჯგუფში კი ისინი მოხვდნენ, ვინც ყავას უფრო იშვიათად მოიხმარდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ყავას, ნაწლავებში მიკროორგანიზმების უფრო მრავალფეროვანი შემადგენლობა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას ნაკლებად მოიხმარდა.
ეს შედეგი ემთხვევა მანამდე ჩატარებულ კვლევებსაც, რომელთა მიხედვითაც ყავამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნაწლავის მიკრობიომის შემადგენლობაზე. მიკრობიომი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მცხოვრები ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების ერთობლიობაა.
ფრანჩესკა ბუჩიმ, კვლევის მთავარმა მკვლევარმა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვების, ვარჯიშისა და სპორტის დეპარტამენტის დოქტორანტმა, განაცხადა, რომ ყავის რეგულარული მოხმარება, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს ნაწლავების ფიზიოლოგიურ პროცესებზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი წვრილ ნაწლავში მჟავიანობის მაჩვენებელს უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამდნენ ყავას, წვრილ ნაწლავში მჟავიანობის მნიშვნელოვნად დაბალი დონით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ყავას იშვიათად მოიხმარდა.
მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს კავშირი ყავის უფრო მეტ მოხმარებასა და მსხვილი ნაწლავის შეკუმშვების გახშირებას შორის.
ეს კუნთოვანი მოძრაობები ნაწლავებში არსებულ შიგთავსს საჭმლის მომნელებელი სისტემის გავლით გადაადგილებაში ეხმარება.
ასეთი შეკუმშვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებისა და ნაწლავების რეგულარული მოქმედების პროცესში. ისინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნარჩენი მასების გამოდევნას და შესაძლოა, შეკრულობის პრევენციასაც უწყობდეს ხელს.
ბუჩის განმარტებით, ნაწლავების შეკუმშვები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეკრულობის შემცირებას და ნაწლავის კუნთების სათანადო მდგომარეობის შენარჩუნებას.
ამასთან, მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ განსაზღვრონ, წვრილ ნაწლავში მჟავიანობის შემცირება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა თუ შესაძლოა, უარყოფითი შედეგებიც ჰქონდეს.
იწვევს თუ არა ამ ცვლილებებს უშუალოდ ყავა?
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩატარებული კვლევა ვერ ადასტურებს, თითქოს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დაფიქსირებული ცვლილებების პირდაპირი მიზეზი ყავის მოხმარებაა.
თუმცა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვების, ვარჯიშისა და სპორტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ჰენრიკ მუნკ როაგერი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, ყავა ამ ცვლილებებში გარკვეულ როლს ასრულებს.
მისი განმარტებით, წინა კვლევებმა უკვე აჩვენა ყავის გავლენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე, მათ შორის კუჭში მჟავების გამოყოფაზე.
მისივე თქმით, ეს მონაცემები ზრდის იმის ალბათობას, რომ კვლევაში გამოვლენილი განსხვავებები ყავის ზემოქმედებას უკავშირდება და არა უბრალოდ შემთხვევითობას.
მკვლევარი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ყოველდღიური გამოცდილებითაც ამჩნევს, როგორ მოქმედებს ყავა მის საჭმლის მონელებაზე.
კვლევითი ჯგუფის აზრით, შემდეგი ეტაპი ისეთი კვლევის ჩატარება უნდა იყოს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეების მიერ მიღებული ყავის რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება და მეცნიერები მხოლოდ მათ ჩვეულებრივ ჩვევებზე დაკვირვებით არ შემოიფარგლებიან.
ასეთი კვლევები მეცნიერებს დაეხმარება დაადგინონ, ნამდვილად იწვევს თუ არა ყავა აღნიშნულ ცვლილებებს და რა მექანიზმებით ახდენს ის გავლენას ნაწლავების მოტორიკასა და შეკუმშვებზე.
წყარო: ru.euronews.com