Digest Logo

🎥 „YouTube-იდანაც შეგიძლია უმაღლესი განათლება მიიღო“ - ვასილ გაბუნია განათლებაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მეცნიერების მომავალზე

1786000518
ვასილ გაბუნია

ცნობილი ქართველი გეოლოგი და პალეონტოლოგი ვასილ გაბუნია „ჯაფარას პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც განათლების, ხელოვნური ინტელექტისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე სამყაროში ცოდნის მიღება გაცილებით მარტივია, თუმცა ამასთან ერთად გაიზარდა პასუხისმგებლობაც - ადამიანმა უნდა შეძლოს სწორი ინფორმაციის მცდარისგან გარჩევა.

„დღეს YouTube-იდან შეგიძლია უმაღლესი განათლება მიიღო, უბრალოდ უნდა გაფილტრო ინფორმაცია. ინტერნეტმა განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის უპირატესობა, როდესაც ადამიანი სანდო წყაროების არჩევას სწავლობს. ხელოვნურ ინტელექტს ვიდეოების მომზადების პროცესში თავადაც ვიყენებ. თუმცა მასზე სრულად დაყრდნობა ჯერ კიდევ არ შეიძლება. ოფიციალური ვერსია მაქვს... ვაკეთებინებ ხოლმე ვიდეო ფრაგმენტებს... მაგრამ მთლიანად მათზე დაყრდნობა ჯერ ერთი საშიშია. ხანდახან სულ სხვაგან მიჰყავხარ... რაღაცა ისეთი მოთხრობა დამიწერა... პირველივე წინადადებიდან მივხვდი, რომ არასწორი იყო. ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში... ეს ძლიერი იარაღია. ძლიერი იარაღია პროპაგანდისთვის“, - ამბობს ვასილ გაბუნია.

ინტერვიუში გაბუნია ცდილობს ახსნას, რატომ იზიდავს ადამიანებს ხშირად მარტივი და სკანდალური კონტენტი, ვიდრე მეცნიერება.

„ადამიანის ტვინს მარტივი გადაწყვეტა უყვარს. ცოდნა დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. თანამედროვე ეპოქაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტი აღარ არის. გამოწვევა ახლა უკვე ის არის, რომ ადამიანმა შეძლოს კრიტიკული აზროვნება და სანდო წყაროების ამოცნობა. ხელოვნური ინტელექტიც და ინტერნეტიც შეიძლება ადამიანის განვითარების ძლიერი ინსტრუმენტი გახდეს, თუ მათ პასუხისმგებლობით გამოვიყენებთ. სწორედ ამიტომ, მომავალში ყველაზე ფასეული უნარი არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ მისი გააზრება და გადამოწმება იქნება“,- აცხადებს გაბუნია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: