Digest Logo

ბიზნესმენების ტერორი და ქურდულ სამყაროსთან კავშირი - დაკავებულია 4 პირი

1665654584
საპატრულო პოლიციის ლენტი და ბორკილები

პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირში  მყოფი 4 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ორი პირი „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას დავალებით ერთ-ერთი სამშნეებლო კომპანიის თანამლფობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას ითხოვდნენ.

მხარეებს შორის დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ბიზნესმენებმა ქურდული სამყაროს წევრებისთვის თანხის გადახდა შეწყვიტეს. მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა. გარჩევბის დროს მან ერთ-ერთ ბიზნესმენს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საბოლოოდ, კრიმინლაური სამყაროს წევრებმა ერთ-ერთ ბიზნესმენს საკუთარი წილის მათთვის გადაფორმება, ხოლო მეორეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 4 პირი დააკავეს.

1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არის დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ - ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.

,,ქურდული გარჩევის“ დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს.

ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს ამავე კომპანიაში არსებული თავისი წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, 8640 აშშ დოლარი, „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაულები 3-იდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.