შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.