გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, „ბოლო ზარის“ კოლონაში მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ავარია იმ დროს მოხდა, როცა ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ახაშნის სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 5 დაშავებულიდან, არცერთი მათგანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე არ არის. არსებული ინფორმაციით, ოთხმა ახალგაზრდამ ახაშნის სკოლა გასულ წლებში დაამთავრა, ერთი კი მე-10 კლასის მოსწავლეა. ისინი „ბოლო ზარის“ ავტომობილებს მიჰყვებოდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, წინანდლიდან სოფელ ვაჩნაძიანის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.